Facebook Twitter

№ბს-882(კ-23) 18 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ღ. ზ-ა; გ. ზ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 24 ივნისს ღ. ზ-ამ, ც. ზ-ამ და გ. ზ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-971/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ღ. ზ-ას, ც. ზ-ასა და გ. ზ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ღ. ზ-ას, ც. ზ-ასა და გ. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-971/ო ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ღ. ზ-ამ, ც. ზ-ამ და გ. ზ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით ღ. ზ-ას, ც. ზ-ასა და გ. ზ-ას სარჩელზე, მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელე ც. ზ-ას ნაწილში მისი გარდაცვალების გამო; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება ც. ზ-ას ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ღ. ზ-ასა და გ. ზ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ღ. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-971/ო ბრძანება და მოპასუხეს - ღ. ზ-ასა და გ. ზ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამრთლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები - ღ. ზ-ა და გ. ზ-ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2021 წლის 2 აპრილის №19 საოქმო გადაწყვეტილებით, ღ. ზ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოცემულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-971/ო ბრძანებით კი, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), ღ. ზ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოცემულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

განხორციელებული შეფასების შედეგად, ღ. ზ-ას და მის ოჯახს მიენიჭა შემდეგი ქულები: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001 – 57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.50 ქულა; გ. ზ-ა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“ მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა, საბოლოოდ - 9.50 ქულა.

სადავო საკითხის განხილვა-გადაწყვეტის ეტაპზე, მოსარჩელეს მინიჭებული ქულები (9.5 ქულა), მათ შორის, „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში“ მინიჭებული 3 ქულა არ დაკლებია და დარჩა უცვლელად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №2/6320-16) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2019 წლის 19 აგვისტოს A19127957-006/009 „გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებით“ ცალსახად დასტურდება, რომ ღ. ზ-ს მიმართ მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, რაც თავის მხრივ, „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში“ 3 ქულის მინიჭების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების დასადასტურებლად საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო და არ არსებობდა დამატებით ახალი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა, რაც ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია გამოსახლების ნაწილში 3 ქულის მინიჭების მიზეზი და არ გაითვალისწინა ის თუ რეალურად რატომ ეთქვა ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახს უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის და მისი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს ქ. თბილისი, ... ...ის ქ. №1, მე-2 სართული, ბინა №26. აღნიშნული შენობის მხოლოდ ნაწილი წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ნაწილი კი სახელმწიფო საკუთრებას, კერძოდ, შენობის მე-3 სართულს ჰყავს კერძო მესაკუთრე, ხოლო მოსარჩელეები კი, როგორც მონიტორინგის ოქმიდან ირკვევა, ცხოვრობენ შენობის მე-2 სართულზე, რაც არც მოსარჩელეს გაუხდია სადავო სასამართლო პროცესზე. თუმცა, საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული შენობის საკადასტრო გეგმა, საიდანაც ირკვევა, რომ შენობის მე-2 და მე-3 სართული გადაბმულია ერთმანეთზე და დღეისათვის ვერ ხერხდება მათი გამიჯვნა. შესაბამისად, ვერ ხერხდება იმის დადგენა თუ რეალურად ვისი გამოსახლება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული შენობიდან.

შესაბამისად, კასატორის მითითებით, სააგენტომ მოსარჩელეებს მიანიჭა 3 ქულა გამოსახლების ნაწილში, რათა დისკრიმინაციას არ ქონოდა ადგილი იმ ოჯახებთან მიმართებით, ვინც ასევე გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილებაში არიან მითითებული. მოსარჩელე ცხოვრობს მითითებული მისამართის მე-2 სართულზე, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრება, ხოლო გამოსახლება მოხდა კერძო მესაკუთრის საკუთრებაში არსებული ფართიდან, რომელიც არის შენობის მე-3 სართული.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის შვილს - გ. ზ-ას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ... №30, რომელიც ოჯახს დევნილობის პერიოდში, კერძოდ, 2000 წელს აქვს შეძენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მითითებულ მისამართზე ოჯახი ცხოვრობდა კიდეც 8 წელი, როგორც მოსარჩელემ განმარტა მონიტორინგის აღწერის ოქმში.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ამრიგად, მითითებული ნორმა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც (უშუალოდ თვითონ დევნილმა ან მისი ოჯახი წევრმა) საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ასეთი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და მდგომარეობა განსხვავებულია იმ დევნილი ოჯახებისაგან, რომელთაც არა აქვთ და არ ჰქონიათ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-971/ო სადავო ბრძანება მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული და არ არსებობის მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

ამავე წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები - ღ. ზ-ა და გ. ზ-ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.

ღ. ზ-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. ღ. ზ-ამ განაცხადი წარადგინა მეუღლესთან - ც. ზ-ასთან და შვილთან - გ. ზ-ასთან ერთად.

განხორციელებული შეფასების შედეგად ღ. ზ-ას და მის ოჯახს მიენიჭა შემდეგი ქულები: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001 – 57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.50 ქულა; გ. ზ-ა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“ მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა, საბოლოოდ - 9.50 ქულა.

2020 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისში, ...ის ქ. №1, ბინა №26-ში განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მონიტორინგის ფორმის თანახმად, ღ. ზ-ას განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად 9 წელია. მანამდე 8 წელი ცხოვრობდა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის №30. მონიტორინგის განხორციელების დროს, შვილი - გ. ზ-ა მისამართზე არ იმყოფებოდა (იმყოფებოდა საფრანგეთში სამკურნალოდ). მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი არის სახელმწიფო ბალანსზე. განმცხადებლის განმარტებით, მეორე სართული შეიძინა აღნიშნული შენობის ძველმა დირექტორმა - მ. ა-მა. აღნიშნული ფორმის თანახმად, ღ. ზ-ას შვილის - გ. ზ-ას სახელზე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელი ფართი ...აში. აღნიშნული ბინა გ. ჯანმრთელობის გამო დატვირთეს იპოთეკით კერძო იპოთეკართან, თუმცა თანხა ვერ გადაიხადეს და ბინა დაკარგეს. მოსარჩელის მეორე შვილი - ე. ზ-ა ცხოვრობს ამავე შენობაში პირველ სართულზე. მას ოჯახი არ ჰყავს.

2021 წლის 28 იანვარს დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ (2012 წლამდე გ. ზ-ას სახელზე რეგისტრირებულ ბინაში) მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №30, ბინა №20. მონიტორინგის ოქმის თანახმად, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს მისამართზე არავინ დახვდათ. გასაუბრება მოხდა კურპუსის ამხანაგობის თავმჯდომარესთან - ქ. ხ-თან, რომელმაც დაადასტურა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა ზ-ების ოჯახი, თუმცა ბანკთან შეექმნათ პრობლემები, სესხი ვერ გადაიხადეს და ბანკმა გაუყიდა აღნიშნული ბინა. მას შემდეგ ბინამ ორი მესაკუთრე გამოიცვალა და ამჟამად ბინა გაქირავებულია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2021 წლის 2 აპრილის №19 საოქმო გადაწყვეტილებით ღ. ზ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოცემულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-971/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), ღ. ზ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე მოცემულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №2/6320-16) ა(ა)იპ „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ა, ...ის ქ. №1, ყოფილი №... საჯარო სკოლა-პანსიონის მესამე სართული, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და დადგინდა აღნიშნული ქონების გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2019 წლის 19 აგვისტოს A19127957-006/009 წინადადება, რომლითაც ფიზიკურ პირებს, მათ შორის, ც. ზ-ას და გ. ზ-ას განესაზღვრათ ვადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 15 აპრილს გაცემული №2/6320-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №1, ბინა №26-ში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად არ გამოვლენილა გარემოება, რაც გავლენას მოახდენდა ღ. ზ-ასა და მისი ოჯახისათვის მინიჭებულ ქულებზე (9.50 ქულა). მათ შორის, „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში“ მინიჭებული 3 ქულა არ დაკლებია და დარჩა უცვლელად. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრების გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ დასაბუთებული არ არის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №2/6320-16) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2019 წლის 19 აგვისტოს A19127957-006/009 „გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებით“ ცალსახად დასტურდება, რომ ღ. ზ-ს მიმართ მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, რაც თავის მხრივ, „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში“ 3 ქულის მინიჭების საფუძველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი