საქმე №ბს-549(კ-21) 25 დეკემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ა“
მესამე პირი - შპს „მ...ა“
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინება
დავის საგანი: ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
15.03.2017წ. საქართველოს მთავრობასა და სს „...ას“ შორის დაიდო ურთიერთგაგების მომერონადუმი, რომლის მიზანს შეადგენდა თბილისისა და ...ის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის მონაცემთა შესწავლა შემდგომი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით.
15.09.2017წ. საჯარო რეესტრში ...ში, სოფ. ...ში მდებარე ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
06.12.2019წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანებით მითითებულ მიწის ნაკვეთზე დადგინდა პრივატიზების განხორციელება ელექტრონული აუქციონის ფორმით. ქონების სააგენტოს განმარტებით, ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ ბრძანებასთან ერთად გამოქვეყნდა ვებგვერდზე www.eauction.ge.
...წ. ელექტრონულ აუქციონზე გამოვლინდა გამარჯვებული შპს „მ...ა“.
30.01.2020წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ას“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ზემოთ მითითებულ უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზე შპს „მ...ას“ საკუთრების უფლება 03.02.2020წ. დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
10.04.2020წ. სს „...ის“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ქონების სააგენტოს 06.12.2019წ. ბრძანებისა და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დადასტურების ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნული პრივატიზაციით დაირღვა საქართველოს მთავრობის მიერ ურთიერთგაგების მომერონადუმით აღებული ვალდებულება და საფრთხე შეექმნა საინვესტიციო პროექტის განხორციელებას. ...ში, სოფ. ...ში მდებარე ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პროექტისთვის დაგეგმილია გზის მოწყობა და სამშენებლო სამუშაოები, ქარის ტურბინის გენერატორის განთავსება და მისთვის სამშენებლო პლატფორმის მოწყობა-მშენებლობა. მემორანდუმით ზემოაღნიშნული ტერიტორიის პროექტისთვის გამოყოფა და შემდგომ მისი გასხვისება ეწინააღმდეგება მემორანდუმის არსს, მიზანს და საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
14.05.2020წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებით, სს „...ის“ 10.04.2020წ. ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადა. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში გამოცხადებული აუქციონის შესახებ ვებგვერდზე www.eauction.ge 06.12.2019წ. გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავდა, როგორც პრივატიზების შესახებ ბრძანების რეკვიზიტებს, ასევე საპრივატიზებო უძრავი ქონების მონაცემებსა და საპრივატიზებო პირობებს, შესაბამისად, სს „...ის“ მიერ დაირღვა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სს „...ამ“ 12.06.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 14.05.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.10.2020წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შპს „მ...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.02.2021წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 14.05.2020წ. №1-1/186 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სამინისტროს დაევალა სს „...ის“ 10.04.2020წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ აუქციონის შესახებ ვებგვერდზე www.eauction.ge 06.12.2019წ. გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავდა, როგორც ზემოაღნიშნული ბრძანების რეკვიზიტებს, ასევე საპრივატიზებო უძრავი ქონების მონაცემებს და საპრივატიზებო პირობებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრძანების რეკვიზიტების, ასევე საპრივატიზებო უძრავი ქონების მონაცემებისა და საპრივატიზებო პირობების ვებგვერდზე განთავსება არ გულისხმობს სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მონაცემების (და არა აქტის) გამოქვეყნება მოხდა არა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge), არამედ www.eauction.ge-ზე, რაც ადასტურებს იმას, რომ სააგენტოს 06.12.2019წ. №... ბრძანების გამოქვეყნება არ მომხდარა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად არც გასაჩივრების ვადის ათვლა დაწყებულა.
საქალაქო სასამართლოს 03.02.2021წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლის 28.04.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძანების რეკვიზიტების, ასევე საპრივატიზებო უძრავი ქონების მონაცემებისა და საპრივატიზებო პირობების ვებგვერდზე განთავსება არ გულისხმობს სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას.
სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. პალატამ ყურადღება გაამახვილა სს „...ასა“ და საქართველოს მთავრობას შორის 15.03.2017წ. გაფრომებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომლითაც კომპანია ...ის ტერიტორიაზე ავითარებდა ქარის ელექტროსადგურების პროექტს. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებით. პალატამ აღნიშნა, რომ უდავოა სს „...ის“ ინტერესი, აუქციონის და მისი შედეგების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული მხარე არ იყო მოწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში, კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ევალებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ბრძანების გაგზავნა დაინტერესებული მხარისათვის. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მოსაზრება გასაჩივრების ვადის გაცდენის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მეორეხარისხოვანია საკითხი თუ რომელ საიტზე გამოქვეყნდა სააგენტოს 06.12.2019წ. ბრძანება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.12.2019წ. №... ბრძანება სს „...ას“ არ ჩაბარებია და არ მომხდარა აღნიშნული აქტის კანონით დადგენილი წესით მისთვის გაცნობა. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით მისთვის სადავო ბრძანების შინაარსი ცნობილი გახდა 12.03.2020წ., მას შემდეგ, რაც წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალურად გადაეცა და გაეცნო დოკუმენტაციას. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მიმოწერა არ ადასტურებს, რომ სს „...ამ“ იცოდა სადავო აქტის არსებობის შესახებ ან იცნობდა მის შინაარსს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ...ის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ის მიმდებარედ ... კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ 06.12.2019წ. ბრძანება საპრივატიზებო ქონების მონაცემებთან ერთად და აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციასთან ერთად 06.12.2019წ. გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი პირისთვის. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. სზაკ-ის 180-ე მუხლის ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას უკავშირებს აქტის გაცნობას ან გამოქვეყნებას. ორივე პირობის ერთდროულად არსებობა საჭირო არ არის. იმ შემთხვევაში თუ სახეზეა სზაკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული აქტის გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული შემთხვევა, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო სზაკ-ის 180-ე და 182-ე მუხლების გათვალისწინებით უფლებამოსილია ადმინისტრაციული საჩივარი დატოვოს განუხილველად. საქალაქო სასამართლოსაგან განსახვავებით სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრების ვადა ათვლა დაუკავშირა არა გამოქვეყნებას, არამედ მხარისთვის აქტის გადაცემის ფაქტს, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 377-ე მუხლის, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით სადავო იყო არა გასაჩივრების ვადის ათვლის წესი, არამედ კონკრეტულ ვებგვერდზე გამოქვეყნების სზაკ-ის 55-ე მუხლით შესაბამისად აქტის გამოქვეყნებად მიჩნევა. ამდენად, სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობით იღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ 1-ელი მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ 06.12.2019წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანებით სადავო მიწის ნაკვეთზე დადგინდა პრივატიზების განხორციელება ელექტრონული აუქციონის ფორმით. აუქციონი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის ერთ-ერთი ფორმაა („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-7 მუხ.). ელექტრონულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „მ...ა“. ...წ. გამართულ №... ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დადასტურების (№...) საფუძველზე 30.01.2020წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. 10.04.2020წ. სს „...ის“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა ქონების სააგენტოს 06.12.2019წ. ბრძანებისა და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დადასტურების ბათილად ცნობა. 14.05.2020წ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო აქტის გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კანონმდებლობა ვადის ხანდაზმულობის დენის დაწყებას უკავშირებს ოფიციალურ გამოქვეყნებას. მესამე პირის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „მ...ას“ დირექტორმა 18.01.2020წ. აცნობა სს „...ის“ წარმომადგენელს შპს-ს მიერ სახელმწიფოსგან ...ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვის შესახებ, არ ადასტურებს ადმინისტრაციული საჩივრის ვადის გაცდენას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემას ადასტურებს კანონით დადგენილი ფორმით პირის მიერ მისი შინაარსის გაცნობა ან გასაცნობად დადგენილი წესით გამოქვეყნება. აქტის არსებობის ან თუნდაც აქტის შინაარსის კანონით გაუთვალისწინებელი ფორმით პირისათვის შეტყობინება არ ცვლის აქტის კანონით დადგენილი წესით გაცნობას ან გამოქვეყნებას. ხანდაზმულობის ვადის ათვლის პირობას ქმნის აქტის ოფიციალური გაცნობა, რომელიც ადასტურებს პირის მიერ აქტის შინაარსის გაცნობას და შესაბამისად აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის დენის დაწყებას. გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას არ ადასტურებს სააპელაციო პალატის მითითება სზაკ-ის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე (დაინტერესებული პირის ცნება), 58-ე მუხლზე (აქტის ოფიციალური გაცნობა). სზაკ-ის დებულებები ვრცელდება საჯარო სფეროს ისეთ სამართალურთიერთობებზე, რომლებიც არ წესრიგდება სპეციალური ნორმებით. მოცემულ შემთხვევაში პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით, მოსარჩელის დაინტერესება პრივატიზებული ობიექტით არ გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ პრივატიზაციის პროცედურის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებას, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებები დაინეტერესებული პირისათვის პრივატიზაციის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით აქტის, სახელდობრ, მოსარჩელისათვის გაცნობის, გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შესახებ არ არის დასაბუთებული. საერთო წესის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სზაკ-ის 54-ე, 55-ე მუხ.). „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტი ითვალისწინებს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ვებგვერდზე, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აღნიშნული განპირობებულია პრივატიზაციის კონკრეტულ პირობებში ჩატარების მოთხოვნით, იმით, რომ პრივატიზაციის აქტი დაინტერესებულ სუბიექტთა ფართო წრეს შეეხება, რაც გამორიცხავს აქტის თითოეული დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებას. ამდენად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს ობიექტის პრივატიზაციის შესახებ განცხადების საჯაროდ გამოქვეყნებას. კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ობიექტის პრივატიზების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის შედეგად ხდება პრეზიუმირება იმისა, რომ ინფორმაცია ცნობილია ყველასათვის, პრივატიზაციის პროცესი კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობდა. სწორედ ოფიციალური გამოქვეყნებიდან ხდება პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხების გასაჩივრების ხანდაზმულობის ათვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტიპის დავებთან ხანდაზმულობის საკითხი განუსაზღვრელი იქნებოდა. პერსონალური ინფორმირების დროს ადგილი აქვს აქტის „გადაცემას“ ან „ფოსტის მეშვეობით გაგზავნას“ (სზაკ-ის 58.1 მუხ.), ხოლო საჯარო ინფორმირების შემთხვევაში - მის „გამოქვეყნებას“ ან „საჯაროდ გამოცხადებას“ (სზაკ-ის 56.1 და 57.1 მუხ.). სამართლებრივი აქტის შინაარსის ინფორმირების პერსონალურ და საჯარო ხასიათის საშუალებებს შორის არჩევანის თავისუფლება ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეზღუდულია. აქტის გამოქვეყნება და საჯარო გამოცხადება ხორციელდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (სზაკ-ის 55.1 და 56.2 მუხ.). სადავო პერდიოში მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსებულიყო ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლებოდა. ხსენებული ნორმა უთითებდა პრივატიზების შესახებ ინფორმაციაზე, სააგენტოს 06.12.2019წ. №... ბრძანება, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნით შეტანილი იქნა კომპანიის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი, შეიცავდა ინფორმაციას ობიექტის (...კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის) საპრივატიზაციოდ გატანის, პრივატიზების ფორმის, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გარანტიის/ბეს ოდენობის, საპრივატიზებო პირობების, საინვესტიციო თანხის ოდენობის და სხვ. ინფორმაციას, რაც ადასტურებს იმას, რომ ბრძანება შეიცავდა კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას და შესაბამისად ბრძანების ხსენებულ ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსება არის აქტის ოფიციალური გამოქვეყნება. დასაბუთებული არ არის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ვებგვერდზე www.eauction.ge განთავსდა მხოლოდ სააგენტოს 06.12.2019წ. ბრძანების რეკვიზიტები. სააგენტოს 04.05.2020წ. №6/23568 წერილის თანახმად, ...ის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ის მიმდებარედ არსებული ... კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) პრივატიზების მიზნით სააგენტოს №... ბრძანების საფუძველზე, ვებგვერდზე www.eauction.ge 06.12.2019წ. გამოცხადდა პირობიანი ელექტრონული აუქციონი №..., რომელიც დასრულდა ...წ. და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „მ...ა“, ამასთან, საკასაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა აუქციონის შესახებ ინფორმაციის www.eauction.ge-ზე გამოქვეყნება, ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია მოიცავდა არა მხოლოდ პრივატიზების შესახებ ბრძანების რეკვიზიტებს, არამედ მითითებულ ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა სააგენტოს 06.12.2019წ. №... ბრძანებაც. ვებგვერდის www.eauction.ge (...) მონაცემებით, ...ის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ის მიმდებარედ არსებული ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, ასევე მიეთითა ინფორმაცია თვისებების, მიმაგრებული ფაილების, გადახდების, წესებისა და პირობების შესახებ. „მიმაგრებული ფაილების“ შესაბამის გრაფაში კი მიმაგრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააგენტოს 06.12.2019წ. №... ბრძანების ტექსტი, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება ვებგვერდზე გასაჩივრებული ბრძანების მხოლოდ რეკვიზიტების გამოქვეყნების გამო კანონმდებლობით გამოქვეყნებისთვის დადგენილი წესის დარღვევაზე, დაუსაბუთებელია. ალტერნატიული გამოქვეყნების წესს ითვალისწინებდა აგრეთვე აუქციონის ჩატარების დროს მოქმედი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის საფუძველზე შემუშავებული და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, სახელმწიფო ქონების პრივატიზების უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება, აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge. ანალოგიურ დებულებას შეიცავს ხსენებული წესის ამჟამინდელი რედაქცია (მე-2 მუხ. მე-5 პ.). ამდენად, ხსენებულ ერთ-ერთ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება საკმარისი იყო ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის დასაწყებად.
სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.12.2019წ. N... ბრძანება სს „...ას“ არ ჩაბარებია და არ მომხდარა აღნიშნული აქტის კანონით დადგენილი წესით მისთვის გაცნობა, რაც დასტურდება სააგენტოს 22.04.2020წ. N14/22391 წერილით, რომლითაც სამინისტროს ეცნობა, რომ სააგენტოს 06.12.2019წ. N... ბრძანება სს „...ას“ არ ჩაბარებია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა არ ადასტურებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას, ვინაიდან სზაკ-ის 180-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლას აქტის გამოქვეყნებიდან ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა უკავშირდება ერთ-ერთ გარემოებას - აქტის გაცნობას ან აქტის გამოქვეყნებას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ორივე პირობის კუმულატიურად არსებობის მოთხოვნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში არ უკავშირდება აქტის ტექსტის ჩაბარებას (მოსარჩელე თვლის, რომ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა გამოქვეყნებიდან - 2019 წლის 6 დეკემბრიდან, არამედ 2020 წლის 12 მარტიდან, იმ დღიდან როდესაც სს „...ას“ ჩაბარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო მასალები, მათ შორის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.12.2019წ. N... გადაწყვეტილება „...ის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ის მიმდებარედ არსებული ... კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“), ვადის ათვლა იწყება აქტის ოფიციალური გამოქვეყნებიდან. მოცემული დავის საგანს შეადგენს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების ჩატარება, შესაბამისად სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა არის ზემოხსენებული ნორმები და არა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 51 მუხლი, რომელიც ეხება არა აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას, არამედ მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს. ამდენად, ის გარემოება, რომ სადავო ბრძანება არ გამოქვეყნებულა ვებგვერდზე www.nasp.gov.ge არ ადასტურებს იმას, რომ სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა არ დაწყებულა, ვინაიდან აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთ ვებგვერდზე (www. eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge) ან ორივეზე გამოქვეყნება ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.
სადავო პერიოდში მოქმედ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არ გაიყიდებოდა/არ გადავიდოდა სარგებლობაში, დასაშვები იყო მისი აუქციონის ფორმით განკარგვა, იმავე კანონის 4.1 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული რეგულირების ზონები. აღნიშნული ზონების მნიშვნელობა განმარტებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, რომლის თანახმად განსაკუთრებული რეგულირების ზონა არის მუნიციპალიტეტისათვის ან მისი ტერიტორიის ნაწილისათვის მაღალი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო, კულტურული ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე მინიჭებული სტატუსი (მე-3 მუხ. „მ“ ქვ.პ.), ხოლო განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია არის საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებისათვის მინიჭებული განსაკუთრებული (სარეკრეაციო, საკურორტო, თავდაცვითი ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით მინიჭებული სხვა) სტატუსის მქონე ტერიტორია (მე-3 მუხ. „ნ“ ქვ.პ.). ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების არსებითი განხილვა საჭიროებს მემორანდუმით გათვალისწინებული სადავო ტერიტორიისადმი ან/და განსაკუთრებული რეგულირების ზონისადმი კუთვნილების გარკვევას. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ მთავრობასა და სს „...ას“ შორის 15.03.2017წ. გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში მხარეთა 06.06.2019წ. და 11.12.2019წ. შეთანხმებებით მემორანდუმში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომპანიას არაუგვიანეს 2020 წლის პირველი აპრილისა ერთობლივად უნდა განეხილათ ელექტროსადგურის მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხი. მემორანდუმში ცვლილების შეტანა განაპირობა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამ, რომელმაც ახალი მოწესრიგება დაადგინა ინფრასტურქტურულ, მათ შორის ენერგეტიკის დარგის საინვესტიციო პროექტებისათვის. მხარეთა შორის დადებული შეთანხმებებით დადგინდა, რომ ქარის ელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულების შემუშავება უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. ხსენებული „კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის თანახმად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული, წარედგინება საქართველოს მთავრობას ამ კანონით გათვალისწინებული განხორციელების ეტაპის განსაზღვრის მიზნით, რისთვისაც საჭირო იყო პროექტის ინიციირებისა და მომზადების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, პროექტის კონცეფციის, განხორციელებული კვლევების და პროექტთან დაკავშირებული სხვა საკითხების დადგენა. სამართალურთიერთობის ზემოაღნიშნული ასპექტების გარკვევას შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს სადავო პრივატიზაციის კანონიერების დასადგენად, ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ობიექტის მიმართ მოსარჩელის ინტერესის გამო ობიექტის პრივატიზაციის მართებულობა სცდება განსახილველი დავის საგანს და მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე დავის არსებითად გადაწყვეტის საკითხთა რიგს განეკუთვნება, ხოლო მოცემული დავის საგანს შეადგენს სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების, საჩივრის განხილვის სამინისტროსთვის დავალების დაკისრების მართლზომიერება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება თავისი ბუნებით კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს: საჯარო მოქმედების (რეალაქტის) შესრულებას (მაგ. პრივატიზების შესახებ ოფიციალური გამოქვეყნება, აუქციონის ჩატარება), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანის შესახებ ბრძანება, აუქციონში გამარჯვების დადასტურება), ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გამარჯვების დადასტურების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება). პრივატიზაციის პროცედურის დამაგვირგვინებელი სამართლებრივი აქტია - ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რომელიც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ამჟამად მოქმედი მე-65 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საჩივარს, მისი შეტანა დაშვებულია პრივატიზების პროცესის ცალკეულ საკითხებთან (გამოქვეყნება, აქტის გამოცემა) დაკავშირებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-8 პუნქტის სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია ადგენდა, რომ ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდებოდა სამინისტროში, ხოლო შემდეგ სასამართლოში, თუმცა პრივტიზების პროცესის დასრულების შედეგად დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა არ დაიშვება (სზაკ-ის 177-ე მუხ.), საჩივრის შეტანა ხდება აქტის ან საჯარო მოქმედების (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ი“ ქვ.პ.) მიმართ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ დაშვებულია სარჩელის აღძვრა და არა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა. პრივატიზაციის პროცესის შემაჯამებელი აქტის - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში შესაძლოა პრეტენზიის სახით დაისვას ის ფორმალურ-პროცედურული დარღვევებიც, რომლებიც წინ უსწრებდა პრივატიზების პროცესის შედეგად დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, დავის განხილვისას პრივატიზაციის პროცესის შემაჯამებელი სამართლებრივი აქტის - სადავო ხელშეკრულებასთან მიმართებით შეფასდება აგრეთვე ხელშეკრულების დადებამდე წინმსწრები იმ ქმედებების და აქტების კანონიერებაც, რომელთა მიმართაც არსებობს პრეტენზიები. პრივატიზაციის პროცედურის მსვლელობისას პრივატიზაციის პროცესის ცალკეული ეტაპების (ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანის გადაწყვეტილება, გამოქვეყნება, აუქციონის ჩატარება და სხვ.) გასაჩივრება დასაშვებია, თუმცა საპრივატიზაციო პროცესის ყველა ეტაპის გავლის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების, პრივატიზაციის დასრულების შემდეგ, ობიექტის პრივატიზაციის წინმსწრები ეტაპების გასაჩივრება შესაძლებელია პრივატიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი სამართლებრივი აქტის (ადმინისტრაციული ხელშეკრულების) ბათილად ცნობის მოთხოვნის ჭრილში, საპრივატიზაციო კანონმდებლობით განსაზღვრულ სამწლიან ვადაში, რომლის ათვლა იფიციალური გამოქვეყნების მომენტიდან აითვლება, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა არ დაიშვება, პრივატიზაციის პროცესის შემაჯამებელი აქტის მართლზომიერების დადგენა ასეთ შემთხვევაში ხდება სადავოდ გამხდარი პრივატიზაციის ეტაპების კანონიერების შესწავლის გზით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად აღძრა სარჩელი პრივატიზაციის პროცესის შემაჯამებელი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, კერძოდ სს „...ამ“ 10.04.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „მ...ას“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ას“ შორის 30.01.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის 03.02.2020წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2020წ. განჩინებით სს „...ის“ სარჩელზე დადგინდა ხარვეზი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოთხოვნით. მოსარჩელეს განემარტა, რომ დასაზუსტებელია ნასყიდობის ხელშეკრულების დადების წინ გამოცემული აქტების, მათ შორის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.12.2019წ. ბრძანების სადავოობის საკითხი. ხარვეზის შევსების მიზნით სს „...ამ“ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ასევე განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელის აღძვრის პარალელურად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.12.2019წ. ბრძანება ...კვ.მ. ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.2020წ. განჩინებით, სს „...ის“ სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული, საქმის განხილვისას მესამე პირებად ჩაებნენ შპს „ჭ...ი“ (სასკ-ის 16.2 მუხ.) და საქართველოს მთავრობა (სასკ-ის 16.1 მუხ.). დაზუსტებული სარჩელით სს „...ამ“, უკვე არსებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით მოითხოვა შპს „ჭ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 05.05.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2021წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით (№3/3350-20წ. საქმეზე) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, სადავო აქტის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 14.05.2020წ. №1-1/186 ბრძანების) გამოცემამდე სს „...ას“ აღძრული ჰქონდა (10.04.2020წ.) სარჩელი პრივატიზაციის შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამდენად, ერთი საფუძვლით სს „...ას“ აღძრული აქვს ორი სარჩელი - ერთ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ას“ შორის არსებული 30.01.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 03.02.2020წ. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ხოლო მეორე სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 14.05.2020წ. №1-1/186 ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.12.2019წ. №... ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით, განუხილველად იქნა დატოვებული აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაუცველობის მოტივით, მოსარჩელე აგრეთვე მოითხოვს სამინისტროსავის ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის დავალებას. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შესაძლებლობას სარჩელის აღძვრის შემთხვევაში. სსკ-ის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ არ დაიშვება მხარეთა შორის წამოჭრილი დავის რომელიმე სხვა ორგანოს მიერ გადაწყვეტა, ამასთან, სზაკ-ის 182.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძველით. მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული საკითხის გადაწყვეტით ფაქტიურად გადაწყდება აგრეთვე დავა პრივატიზების შემაჯამებელი აქტის - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელის ინტერესს შეადგენს მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების გაუქმება, ამასთანავე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.12.19წ. №... ბრძანება უკვე აღსრულებულია, ბრძანების საფუძველზე 30.01.2020წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გაუქმების უფლებამოსილება სამინისტროს არ გააჩნია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს მესამე პირის მიერ პრივატიზაციის გზით ობიექტზე მოპოვებული საკუთრების საკითხი, ცხადია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვასთან დაკავშირებით მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტს სს „...ის“ მიერ აღძრულ იმ სარჩელის ბედსაც, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „მ...ას“ შორის 30.01.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის 03.02.2020წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამდენად, განუხილველად დატოვების შესახებ სადავო აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის დავალება არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსვამს მოთხოვნის დაზუსტების საკითხი (სასკ-ის 281 მუხ.), არ უმსჯელია არც საქმეთა გაერთიანების შესაძლებლობაზე და არც სარჩელის დასაშვებობის საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა