Facebook Twitter

ბს-140 (კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. კ-ემ, ნ. კ-ემ, ნი. კ-ემ, შ. კ-ემ, მ. კ-ემ, ო. კ-ემ და მ. ხ-ემ 15.09.2021წ. სარჩელით, ხოლო 04.10.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.08.2021წ. N03-3273/ო ბრძანების ბათილად ცნობა და 11.09.2017წ. N... განაცხადთან დაკავშირებით მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2022წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ის, ნ. კ-ის, ნი. კ-ის, შ. კ-ის, მ. კ-ის, ო. კ-ის და მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.08.2021წ. N03-3273/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 11.09.2017წ. N... განაცხადის დაკმაყოფილდების - მოსარჩელეების რ. კ-ის, ნ. კ-ის, ნი. კ-ის, შ. კ-ის, მ. კ-ის, ო. კ-ის და მ. ხ-ის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია. მოსარჩელეები არიან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტები. 11.09.2017წ. ო. კ-ემ და მისმა ოჯახის წევრებმა - ნ. კ-ემ (და), ნი. კ-ემ (და), მ. კ-ემ (დედა), შ. კ-ემ (ბებია) და რ. კ-ემ (მამა) შეავსეს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე N... განაცხადის ფორმა. მოგვიანებით დაზუსტდა განმცხადებელთა წრე და ოჯახის დამატებით წევრად მიეთითა ო. კ-ის მეუღლე - მ. ხ-ე. განაცხადის შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 14.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 13, 14 და 15 ივლისის №2 საოქმო გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ოჯახს ქ. ბათუმში, ...ის ქ. N66-ში არსებული უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდა და არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.08.2021წ. N03-3273/ო ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას საქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის რ. კ-ის, ნ. კ-ის, ნი. კ-ის, შ. კ-ის, მ. კ-ის, ო. კ-ის და მ. ხ-ის ოჯახი.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული 21.04.2017წ. სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟინრო - გეოლოგიური დასკვნის თანახმად, შ. კ-ის საცხოვრებელი სახლი ნახევრად კაპიტალური კონსტრუქციის ნაგებობაა, მდებარეობს სოფლის შიდა საუბნო გზის ქვედა მხარეს, შენობას გეოლოგიური პროცესების ზემოქმედების შედეგად მიღებული აქვს მძიმე ხარისხის დაზიანება, კაპიტალურ ნაწილზე ფიქსირდება სხვადასხვა მიმართულების გამჭოლი 15-20 სმ ბზარები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს, საჭიროა შენობის დემონტაჟი და სხვა გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა. საკარმიდამო ნაკვეთის გამოყენება ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის ან რაიმე მშენებლობისათვის უვარგისია. ამასთან, საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს II კატეგორია. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. N66-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელეებს საკუთრების უფლება არ უდგინდებათ. აღნიშნული ქონება რეგისტრირებულია ს. კ-ის საკუთრებაში, რომელიც რ. კ-ის დისშვილია და რომელთანაც მოსარჩელეთა ოჯახი დროებით, ქირის გარეშე, სახელმწიფოსგან დახმარების მიღებამდე ცხოვრობს. ამასთან, გასაუბრების ოქმებით ირკვევა, რომ მრავალსულიანი ოჯახის წევრები ვერ უზრუნველყოფენ ქ. ბათუმში ერთად ცხოვრებას, კერძოდ, ქ. ბათუმში ცხოვრობს ო. კ-ე მეუღლესთან ერთად, ხოლო რ. კ-ე და ოჯახის დანარჩენი წევრები ძირითადად ...ში ცხოვრობენ. რ. კ-ის განმარტებით ...ში, სხვის სახლში უწევს ცხოვრება. რაც შეეხება ...ში, სოფელ ...ში მდებარე ახალაშენებულ სახლს, რომელიც მოსარჩელეთა საკუთრების ობიექტს წარმოადგენს, იგი შედგება ხის ორი ოთახისგან, რომლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება მოსარჩელეთა ოჯახის წევრთა სულადობას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით უტყუარად არ დასტურდება ქ. ბათუმში, ...ის ქ. N66-ში მდებარე უძრავი ქონებით მოსარჩელეთა მრავალსულიანი ოჯახის შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეები წლების განმავლობაში შეუფერხებლად სარგებლობენ ქ. ბათუმში, ...ის ქ. N66-ში მდებარე უძრავი ქონებით, რომელიც ნათესავის საკუთრებას წარმოადგენს. 02.07.2021წ. მოსარჩელე ო. კ-ის საცხოვრებელი მისამართის მოკვლევის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. N66-ში. ო. კ-ე მისამართზე არ იმყოფებოდა. მეზობლებმა დაადასტურეს მითითებულ მისამართზე მდებარე ორსართულიან სახლში ო. კ-ის ცხოვრების ფაქტი. მეზობლებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ო. კ-ესთან ერთად მითითებულ მისამართზე ცხოვრობს რ. კ-ე ოჯახთან ერთად. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სახლი რეგისტრირებულია ს. კ-ის საკუთრებად, რეალურად უძრავი ქონების მესაკუთრეები ო. და რ. კ-ეები არიან. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ“ საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების თაობაზე შევსებული განცხადებისა და მონიტორინგის საფუძველზე განიხილა მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი და მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. კომისიის მიერ მოკვლეული მასალით დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, რომლითაც შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლოს. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად დაკმაყოფილდებიან ის ოჯახები, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო ადრე საჭიროებენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და არ გააჩნიათ საცხოვრებელი. მოცემულ შემთხვევაში კომისიის მიერ ვერ იქნა დადგენილი ო. კ-ის და მისი ოჯახის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება, რადგან მის ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 1.2 მუხლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის 2.1 მუხლის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. საქმის მასალებში დაცული 1.04.2017წ. სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟინრო - გეოლოგიური დასკვნის თანახმად, შ. კ-ის საცხოვრებელ სახლს გეოლოგიური პროცესების შედეგად მიღებული აქვს მძიმე ხარისხის დაზიანება, ფიქსირდება სხვადასხა მიმართულების გამჭოლი 15-20 სმ ბზარები, შენობა აღდგენას არ ექვემდებარება. 08.11.2017წ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმის მიხედვით, ...ში, სოფელ ...ში მდებარე მოსარჩელეთა საცხოვრებელმა სახლმა დაზიანება მიიღო მეწყრის შედეგად. განცხადების შეფასების ფორმის მიხედვით ო. კ-ის ოჯახს მიენიჭა 14.5 ქულა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დაზიანების II კატეგორიის გამო 7 ქულა, 7 და მეტ სულიანი ოჯახის კომპონენტში - 1 ქულა და სხვა საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არარსებობის გამო 6 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2021 წლის 13, 14 და 15 ივლისის №2 სხდომის ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას ქ. ბათუმში, ...ის ქ. N66-ში არსებული უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 04.08.2021წ. N03-3273/ო ბრძანებით საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის ო. კ-ის ოჯახი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა, კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან შეუზღუდავად სარგებლობს ქ. ბათუმში, ...ის ქ. N66-ში მდებარე საცხოვრებლით, უსაფუძვლოა. აღნიშნული მითითება არ ქმნის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. N66-ში მდებარე 1111 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ს/კ N...) არის ს. კ-ის საკუთრებას. მონიტორინგის ოქმში დაფიქსირებული ს. კ-ის განმარტების მიხედვით, მის საკუთრებაში ო. კ-ის ოჯახი დროებით, ქირის გარეშე, სახელმწიფოსგან დახმარების მიღებამდე ცხოვრობს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მათი განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი