ბს-396 (კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. კ-მა 12.03.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა "დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-84/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.09.2021წ. მთავარი სხდომის ოქმით დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელეებად მიეთითა: ჯ. კ-ი, ნ. ნ-ა და თ. კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.09.2021წ. გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის, ნ. ნ-ას და თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი "დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნვეკყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-84/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. კ-ის, ნ. ნ-ას, თ. კ-ის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2022წ. განჩინებით ჯ. კ-ის, ნ. ნ-ას, თ. კ-ის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.09.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" (დანართი №1) 6.10 მუხლზე, რომლის თანახმად ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. N77 ოქმის თანახმად, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 27.01.2021წ. N03-84/ო ბრძანებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ჯ. კ-ის მოთხოვნა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები 2020 წლის თებერვლიდან იმყოფებიან საფრანგეთში. ამასთან, მოსარჩელეები საფრანგეთში მათი ყოფნის მიზეზად უთითებენ იმას, რომ უცხო ქვეყნის სადაზღვევო სისტემა უზრუნველყოფს თ. კ-ის მკურნალობის დაფინანსებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელეებთან მიმართებით მათი საქართველოში არ ყოფნის საფუძველი და მომავალში საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ "დევნილთა შესახებ" კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს და ადგენს დევნილის ვალდებულებას ორ თვეზე მეტი ხნით საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს/სააგენტოს ამის შესახებ. ამდენად, დევნილი ოჯახის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულება არ იქნა შესრულებული. ასეთი მოცემულობის პირობებში სამართლებრივი რისკები უნდა გადავიდეს მხარეზე და არა ადმინისტრაციულ ორგანოზე. კასატორის მითითებით, როდესაც საკითხი ეხება ნგრევადი ობიექტიდან დევნილი ოჯახის განსახლებას, უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი საკითხის სწორად გადასაწყვეტად ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენაა. მოცემულ შემთხვევაში მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ ობიექტის აღწერის დროს მხარე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ოჯახი არ წარმოადგენს ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელს, შესაბამისად არ არსებობდა მათი ამ ობიექტიდან გაყვანის გადაუდებელი საჭიროება. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაერკვია სამომავლოდ ოჯახის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნების საკითხი. კასატორის მითითებით სააგენტო ნგრევადი ობიექტიდან ქულათა სისტემის გარეშე ვერ განასახლებს მხარეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას აპირებს სამომავლოდ. ამასთან გაუგებარია, რა მოქმედება უნდა შეესრულებინა სააგენტოს, რომ საკითხი სრულყოფილად გამოკვლეულად მიეჩნია სასამართლოს, მაშინ როდესაც წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა სადავო ობიექტში მხარის ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი. სასამართლოს მითითება, რომ საკითხი არ არის სათანადოდ გამოკვლეული, დაუსაბუთებელია. კასატორი თვლის, რომ სააგენტომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, სადავო აქტი კანონიერია და არ არსებობს მის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით ჯ. კ-ი, მისი მეუღლე ნ. ნ-ა და შვილი თ. კ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილის მოწმობებში მოსარჩელეთა დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებულია ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. N...-ში მდებარე ს/ბაღი N.... საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. N77 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ამავე ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ ჯ. კ-ს, ნ. ნ-ასა და თ. კ-ს მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს 27.01.2021წ. N03-84/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N77) ჯ. კ-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილი იყო პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N...-ში მდებარე ს/ბაღი N... წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, განიხილება, როგორც ნგრევადი ობიექტი, ასევე იქ მცხოვრები დევნილების საკითხი განიხილება კრიტერიუმების გარეშე. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თ. კ-ს 2020 წლის იანვარში დაუდგინდა მწვავე მიელობლასტური ლეიკემია, ხოლო 2020 წლის თებერვლიდან მოსარჩელეები იმყოფებიან საფრანგეთში იმ მიზეზით, რომ თ. კ-ი გადის მკურნალობის კურსს ქ. სტრასბურგში, ...ში. მოსარჩელეების ნგრევად ობიექტში 2020 წლის თებერვლის თვემდე ცხოვრება დადასტურებულია საქმეში დაცული მონიტორინგის აღწერის ოქმებით, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 22.03.2021წ. ცნობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი, აღარ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს, შესაბამისად, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომლითაც თ. კ-ს 16.12.2021 წლამდე აქვს საფრანგეთში ყოფნის უფლება, ხოლო საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა თ. კ-ის, ჯ. კ-ის და ნ. ნ-ას თავშესაფრის მოთხოვნაზე წარდგენილი განცხადებები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია მოსარჩელეთა უცხო ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი, ასევე საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. სწორედ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელეებისთვის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის აღნიშნული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დაადგინა ნგრევად შენობაში მოსარჩელისა და მისი ოჯახის არცხოვრების ფაქტი, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განსახილველი საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი