Facebook Twitter

საქმე №ბს-1194(კ-კს-22) 25 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ფ. ფ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ფ. ფ. მ-მა 01.02.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.01.2022წ. №1000745354 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე საქართველოს შრომითი ბინადრობის თაობაზე ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2022წ. გადაწყვეტილებით, ი. ფ. ფ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ფ. ფ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ასევე აპელანტმა (მოსარჩელემ) შუამდგომლობით მოითხოვა დროებითი განჩინების მიღება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ, განჩინებით, ი. ფ. ფ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებული იქნა დროებითი განჩინება და ი. ფ. ფ. მ-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14, მე-15, მე-18 მუხლებზე და აღნიშნა, რომ შრომით საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელს მიეცემა შრომითი ბინადრობის ნებართვა, თუ კი სააგენტოს წარუდგენს შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, შრომითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ცნობას, ამასთან, დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. სააგენტო განცხადების დაკმაყოფილების მიზნებისთვის ამოწმებს განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, თუმცა ასევე ვალდებულია შეაფასოს უცხოელის მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემით საქართველოს უსაფრთხოებისა ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მოსარჩელისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. პალატამ აღნიშნა, რომ ი. ფ. ფ. მ-ის ბინადრობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ი. ფ. ფ. მ-ი არის შპს „...-ის“ დირექტორი, 100%-იანი წილის მესაკუთრე. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნული საწარმო არის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. საქმის მასალებში ასევე დაცულია შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 11.01.2022წ. ცნობა, შპს „ნ...-ის“ 15.04.2021წ. ცნობა მოსარჩელის სამუშაო ადგილისა და ხელფასის შესახებ და სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა შპს „ნ...-ს“ წლიური ბრუნვის შესახებ, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები ვერ აბათილებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მოსარჩელის მიმართ შრომითი ბინადრობის გაცემის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, მოსარჩელის განცხადების განხილვისას სწორად გამოიყენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ფ. ფ. მ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მიერ უკანასკნელად საზღვრის კვეთის დროს (პანდემიის პერიოდში) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოში შემოსასვლელად მისთვის სპეციალური ნებართვის გაცემის თაობაზე. მას მიეცა სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა, რაც გაუგებარს ხდის მისთვის ამავდროულად საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი პირის სტატუსის ქონას. კასატორის მითითებით, ის ექვსი წელია კანონიერად ცხოვრობს საქართველოში, საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც მოჰყავს მოსავალი და დასაქმებული ჰყავს ათამდე ადგილობრიცი პირი, ამასთან, სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულს ორგანოს არასრულყოფილად ჰქონდა შესწავლილი საქმის გარემოებები, მოპასუხეს დაევალა საკითხის ხელახლა შესწავლა. მიუხედავად ამისა, ახალი აქტი ბუნდოვანია, მიღებულია საქმის გარემოებების შესწავლის გარეშე, ასევე გაუგებარია შრომითი ბინადრობის გაცემაზე უარის საფუძვლები. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა კანონმდებლის მოთხოვნები, აქტის გამოცემის დროს სათანადოდ არ შეისწავლა დოკუმენტები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია. კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ 13.2 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს განცხადების განხილვის პროცესში განმცხადებლის მიწვევისა და მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციის/ინფორმაციის და ახსნა-განმარტების მიღების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ფ. ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 11.01.2022წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ი. ფ. ფ. მ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიერ 01.12.2023წ. №ბს-1194(კ-კს-22) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ი. ფ. ფ. მ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა დასაბუთებულია, ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული აქტი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება. განსახილველ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძვლად არსებული ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ფ. ფ. მ-ს მართლზომიერად ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ პანდემიის პერიოდში სპეციალური ნებართვის საფუძველზე გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, საქართველოში კანონიერად ცხოვრობს ექვსი წელია, ამასთან, საქართველოში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას, აღნიშნული გარემოებები იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოში მოსარჩელის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების მიუხედავად, არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას უკვე ორჯერ ჰქონდა მინიჭებული ბინადრობის ნებართვა, არ წარმოშობს ყოველი შემდგომი მოთხოვნისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე ან სხვა სახის ნებართვის გაცემის ვალდებულებას. შრომითი ნებართვის დროებითი ხასიათის გამო, პირი ხელახლა ახდენს განცხადების წარდგენას, რასაც შესაბამისად მოჰყვება სააგენტოს მიერ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და წარმოების არსებული შედეგების გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Leander v. Sweden, 26.03.1987). ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავს აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ელი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისთვის იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არ აისახა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.

კასატორის მითითება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, ასევე არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს 06.07.2021წ. გადაწყვეტილება გამოტანილია სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომელიც სასკ-ის 23-ე და 31-ე, 33-ე მუხლებისაგან განსხვავებით ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემის დავალებას, ამასთანავე, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას. საქმის მასალებში დაცული სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 23.12.2021წ. წერილით, ი. ფ. ფ. მ-ს ეცნობა საქალაქო სასამართლოს 06.07.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებულ საქმისწარმოებაში ჩაბმის უფლებაზე, შესაბამისად, კასატორის მითითება საქმისწარმოებისას მიუწვევლობასთან დაკავშირებით არ არის დასაბუთებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ი. ფ. ფ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ფ. ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. განჩინება;

3. გ. ჩ-ას (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 11.10.2022წ. №14759036688 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი