ბს-1194(კ-კს-22) 1 დეკემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ჰ. ფ. მ-
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. დროებითი განჩინება
დავის საგანი - დროებითი განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჰ. ფ. მ-მა 01.02.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.01.2022წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე საქართველოს შრომითი ბინადრობის თაობაზე ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2022წ. გადაწყვეტილებით, ი. ჰ. ფ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ჰ. ფ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ასევე აპელანტმა (მოსარჩელემ) შუამდგომლობით მოითხოვა დროებითი განჩინების მიღება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი საქართველოდან გასვლის გადავადების თაობაზე. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ სასკ-ის 31-ე მუხლი ითვალისწინებს მხარის უფლებას სარჩელის აღძვრამდე ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, დროებითი განჩინება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები, შექმნას მხარის მოლოდინი, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ, განჩინებით, ი. ჰ. ფ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებული იქნა დროებითი განჩინება და ი. ჰ. ფ. მ-ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დროებითი განჩინების მიზანია დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლიდან გამომდინარე უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური ორგანო არის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. საქართველოდან გასვლის გადავადების მოთხოვნით უცხოელს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ მიუმართავს და ის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი სარჩელის განხილვის ფარგლებში, სასამართლოში მოითხოვს დროებითი განჩინების მიღებას. წინამდებარე საკითხი მოწესრიგებადია მხოლოდ დროებითი განჩინებით და შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიზნებისთვის სასამართლო ვერ შეაფასებს მოთხოვნის დასაბუთებულობას ზემოთ მითითებული მუხლის დადგენილ პირობებთან. სასკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო. თუ უცხოელს არ გადაუვადდება საქართველოდან გასვლის ვალდებულება, მისი მდგომარეობა იმგვარად შეიცვლება, რომ ხელი შეეშლება, გართულდება ბინადრობის ნებართვის მისაღებად სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლების რეალიზება, ის იძულებული გახდება დატოვოს საქართველო, გართულდება ნებართვის მიღების პროცესი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სასამართლო არ მსჯელობს აქტის კანონიერებაზე, აღნიშნული გარემოება სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განხილვის საგანია. ამდენად, აპელანტის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ კანონის ნორმის ციტირებით შემოიფარგლა. უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება შედის სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის კომპეტენციაში, ამასთან, აღნიშნული ტიპის სერვისისთვის გათვალისწინებული საფასური შეადგენს 65 ლარს. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა უცხოელისთვის გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხის განხილვა სააგენტოს ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს 28.09.2017წ. (საქმე №ბს-595-592(კ-17)) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსთვის დელეგირება. უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძვლები დადგენილია „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლით, რომელსაც უნდა აკმაყოფილდებდეს განმცხადებელი გადავადების თაობაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ დროებით განჩინებაში არ არის მითითებული გადავადების კონკრეტული თარიღი. დროებითი განჩინების მიუღებლობით არ გართულდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი წარმომადგენელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მარტო დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი). აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აღმოფხვრას, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი (დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ) ითვალისწინებს მხარის უფლებას სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა დენადი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში, აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლის გამო. დროებითი განჩინება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები, შექმნას მხარის მოლოდინი, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელზე. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნებს შეადგენს ი. ჰ. ფ. მ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.01.2022წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე საქართველოს შრომითი ბინადრობის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებას ემსახურება, რათა მართლმსაჯულებას ფორმალური ხასიათი არ მიეცეს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას დროებითი განჩინების მიღების საფუძვლის არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა, რომელიც არის უცხოელის საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ერთხელ უკვე აწარმოა სასამართლო დავა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2021წ. გადაწყვეტილებით, ი. ჰ. ფ. მ-ის სარჩელი მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს 28.04.2021წ. გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ი. ჰ. ფ. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, 11.01.2022წ. გადაწყვეტილება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ეს უკანასკნელი გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერ და შეადგენს არსებითი განხილვის საგანს. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი დროებითი განჩინების მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს იმის გამო, რომ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხის განხილვა არის სააგენტოს ექსკლუზიური კომპეტენცია, ამასთან, კანონმდებლობით დადგენილია მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება გადავადების თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის მქონე არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 47.3 მუხლზე, რომლის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო კანონიერი საფუძვლით საქართველოში ყოფნის ვადის ამოწურვამდე. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხი მოწესრიგებულია აღნიშნული კანონის 48-ე მუხლით. უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად („უცხოელთა და მოქალაქეობის მქონე არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48.3 მუხ. „გ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონის მითითებული ნორმა ადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხის განხილვის წესს, ხოლო განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს სააგენტოს უარი გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და ასეთი უარის დადგენილ მოწესრიგებასთან შესაბამისობის შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში ი. ჰ. ფ. მ-მა შუამდგომლობით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - დროებითი განჩინების მიღება. დროებითი განჩინების მიღების საფუძვლების არსებობა ფასდება და გადაწყვეტილება მიიღება სასკ-ის 31-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმაზე, რომ კანონმდებლობით დადგენილია გადავადების თაობაზე განცხადების წარდგენის წესი, ვადა თუ საფასური, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს მოსარჩელე, არ არის სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. დაუსაბუთებელია ასევე მითითება გასაჩივრებულ განჩინებაში გადავადების კონკრეტული თარიღის მიუთითებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამდენად, გასვლის ვალდებულება გადავადდა არა განუსაზღვრელი ვადით, არამედ კონკრეტული მოვლენის დადგომამდე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.09.2017წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-595-592(კ-17)) მითითება. ხსენებულ განჩინებაში ასახული საკასაციო სასამართლოს მსჯელობა შეეხება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საფუძვლებს და კონკრეტული დავის ფარგლებში აღნიშნული ნორმის გამოყენების მართლზომიერებას, შესაბამისად, აღნიშნულ განჩინებაზე მითითება იმ მოსაზრებით, რომ დროებითი განჩინების მიღებით სასამართლომ შეითავსა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენცია და გადაწყვიტა ისეთი საკითხი, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტურქტურული ქვედანაყოფის ექსკლუზიურ, დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, არ პასუხობს სასკ-ის 31-ე მუხლის მიზანს. პირის უფლების პრევენციული დაცვის მექანიზმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოსალოდნელ მმართველობით ღონისძიებას - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ან მოქმედების განხორციელებას ან განხორციელებისაგან თავის შეკავებას. დროებითი განჩინების მიზანი არის დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. დროებითი განჩინების მიღების უფლება მხოლოდ სასამართლოს გააჩნია, რომელსაც სასამართლო იღებს განცხადების საფუძველზე. უფლების სასამართლო წესით დაცვა არის პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. განცხადების მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის უფლება სასამართლოს არ აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამდენად, დასაბუთებას მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ არსებული ურთიერთობის დროებითი მოწესრიგების უფლება დროებითი განჩინების მიღებით სასამართლოს არ გააჩნდა. ამასთანავე, განცხადებით მოთხოვნილი დროებითი განჩინება უნდა იყოს აუცილებელი საშუალება მოსარჩელის უფლების დროებითი დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობა არ არის სახეზე, მაგალითად, როდესაც მოსარჩელეს სხვა გზით შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა ან როდესაც აშკარაა სარჩელის უშედეგობა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცული მტკიცებულებების და დროებითი განჩინების მიღების სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობის არარსებობა, ასევე, დასაბუთებას მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა მოსარჩელის გარეშე საქმის განხილვის შესაძლებლობის გამო დროებითი განჩინების გამოყენების საფუძვლების არარსებობაზე, ვინაიდან ამით მოსარჩელეს ფაქტიურად წაერთმევა სასამართლო პროცესში მონაწილეობის კანონით გარანტირებული უფლება. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებისა და მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, წარმოიშობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი და 31-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე - 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2022წ. დროებითი განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი