Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1503(კ-22) 20 დეკემბერი, 2023

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო; მესამე პირები - ლ.ს-ა, ნ.დ-ი და კერძო აღმასრულებელი პ.კ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.კ-ამ 2020 წლის 11 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 05 მარტის №A19168653-017/004 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ.ს-ა და ნ.დ-ი, ხოლო 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა კერძო აღმასრულებელი პ.კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ნ.კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასება, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებები ნ.კ-ამ პირადად ჩაიბარა, კერძოდ, 2018 წლის 06 ნოემბრის წინადადება - 2018 წლის 08 ნოემბერს, 2019 წლის 25 სექტემბრის წინადადება - 2019 წლის 27 სექტემბერს, ხოლო 2019 წლის 24 ოქტომბრის წინადადება - 2019 წლის 24 და 28 ოქტომბერს. აღნიშნული გარემოება მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. წინადადებაში გადაწყვეტილების შესრულების შესახებ განმარტებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. კერძოდ, განემარტა, რომ მხარეს იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, საქმეში დაცული საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითრებით დასტურდება, რომ ნ.კ-ას მიერ, 2019 წლის 27, 30 დეკემბერს, 2020 წლის 23-24 იანვარს შესრულებულია ჩარიცხვა ლ.ს-ას სახელზე (3000 ლ, 2821.77 ლ, 2870 ლ, 2709.06 ლ) ჯამში 11397.83 ლარის, რაც ნაკლებია კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანების მოცულობაზე. პალატის მოსაზრებით, ზოგადი მითითება ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე დაუსაბუთებელს ხდის აპელანტის არგუმენტს.

რაც შეეხება მითითებას სააღსრულებო ფურცლის უკანონობასთან დაკავშირებით, აღნიშნულზე პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლის უკანონობა მოცემული საქმის დავის საგანს არ წარმოადგენს, ხოლო, განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლად მხარის იმ არგუმენტზე, რომ მოპასუხის მიერ არასწორად მიეთითა გასაყიდი უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტისა და აღმასრულებლის მოქმედების გაუქმების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდგომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ-გვერდზე (Auction.ge) გამოქვეყნდა ინფორმაცია (საცხოვრებელი ბინა, სარდაფით და ნახევარსარდაფით; მდებარე: თბილისი, ...ის ... მიკრო/რაიონი, კვარტალი 1, კორპუსი 8, ბინა 2, საკადასტრო კოდი - ...) დანიშნული აუქციონის შესახებ. პირველი აუქციონი (დაწყების დრო - 03.02.2020წ. 16:00 საათი; დასრულების დრო -11.02.2020წ. 16:00 საათი) არ შედგა. შემდგომ ჩანიშნული აუქციონიც (დაწყების დრო - 11.02.2020წ. 16:00 საათი, დასრულების დრო - 19.02.2020წ. 16:00 საათი) არ შედგა. ქონება გაიყიდა შემდგომ აუქციონზე (დაწყების დრო 19.02.2020წ. 16:00 საათი, დასრულების დრო - 27.02.2020წ. 16:00 საათი). პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაცია სრულად შეიცავდა უძრავი ქონების მახასიათებლებს, მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის პირველ პუნქტზე და სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ კერძო აღმასრულებლის მოქმედებები, ასევე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.კ-ას მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება არასრულია, არ ასახავს არსებულ რეალობას და საჭიროებს მეტი სამართლებრივი საფუძვლების მითითებას. არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებას, რომ ჩარიცხული თანხის ქვითრების წარდგენა არის ზოგადი მითითება ვალდებულების შესრულებაზე და რომ მტკიცებულების გარეშე აპელანტის არგუმენტს დაუსაბუთებელს ხდის. რაც შეეხება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ 11397.83 ლარის გადახდის ქვითრების მიუხედავად, ჩარიცხული თანხა ნაკლებია კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანების მოცულობაზე, კასატორი მიუთითებს, რომ იპოთეკარმა ლ.ს-ამ შეთანხმების მიუხედავად შესაძლებლობა არ მისცა თანხების სრულად მოძიების. წარმომადგენლის მსჯელობით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ ნ.კ-ა ნებაყოფლობით ასრულებდა ვალდებულებას და რომ შეთანხმების მიხედვით ეტაპობრივად იხდიდა თანხას, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით.

საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასაკმარისად იმსჯელა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 23 იანვრის ქმედებაზე, კერძოდ, როცა აუქციონი გამოცხადდა პროცედურების დარღვევით. საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ახლად გამოცხადებულ აუქციონზე მყიდველი სწორედ ლ.ს-ა გახდა, რაც კასატორის მოსაზრებით აჩენს დასაბუთებულ ეჭვს. მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნულის მოტივით არ მიეცა შეთანხმების შესაბამისად ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესაძლებლობა. ფაქტების ერთმანეთთან კავშირში, კუმულატიურად განხილვა კასატორის მოსაზრებით სასამართლოს დაარწმუნებდა, ნ.კ-ას მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების სურვილში.

წარმომადგენლის მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს აღსრულების კანონიერი მოქმედების საფუძვლები, მან უკანონოდ და არათანაზომიერად არ უნდა შელახოს არცერთი პირის ინტერესები. მიიჩნევს, რომ აუქციონზე უკანონოდ შემძენი ლ.ს-ა ცდილობს უკანონოდ მიისაკუთროს და დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება ნ.კ-ას ერთადერთ საცხოვრებელ ფართზე. მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანს ინდივიდუალური აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა წარმოადგენს მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლის უკანონობის საკითხი პირდაპირ კავშირშია მიმდინარე საქმეში აპელანტის ინტერესების დაცვასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.კ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 05 მარტის №A19168653-017/004 განკარგულების ბათილობა. აღნიშნული განკარგულებით, ნ.კ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენი 2020 წლის 27 თებერვალს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ლ.ს-ა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 09 ოქტომბერს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალეს - ნ.კ-ას (მის.: თბილისი, ...ის დასახლება, ... მიკრო/რაიონი, 1 კვარტალი, კორპუსი 8, ბინა 2) 2018 წლის 06 ნოემბერს გაუგზავნა №A18157364-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ნ.კ-ას მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა. ამავე შეტყობინებით მოვალე მხარეს განემარტა სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებები და სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცედურები. ასევე განემარტა აუქციონის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ვებ. გვერდიდან მიღების შესახებ.

2018 წლის 06 ნოემბერს თბილისის სააღსრულებო ბიურომ №A18157364 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ... სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის რეგისტრაცია ნ.კ-ას კუთვნილ უძრავ ქონებაზე/უძრავი ქონების წილზე, მდებარე: თბილისი, ...ის ... მიკრორაიონი, კვარტალი 1, კორპუსი 8, საკადასტრო კოდი - ....

დადგენილია, რომ 2019 წლის 12 აპრილს გაცემული №190399854 სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისთვის კერძო აღმასრულებელმა პ.კ-ემ მოვალეს - ნ.კ-ას (მის.: თბილისი, ...ის დასახლება, ... მიკრო/რაიონი, 1 კვარტალი, კორპუსი 8, ბინა 2) 2019 წლის 25 სექტემბერს გაუგზავნა №A19168653-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა და სააღსრულებო მომსახურების საზღაური.

საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, წერილობითი კორესპონდენცია ნ.კ-ამ ჩაიბარა 2019 წლის 27 სექტემბერს. აღნიშნული გარემოება მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა.

2019 წლის 25 სექტემბერს კერძო აღმასრულებელმა პ.კ-ემ №A19168653005/002 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია: ირიცხებოდა თუ არა მოვალის - ნ.კ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ...ის ... მიკრორაიონი, კვარტალი 1, კორპუსი 8, სართული 1, ბინა 2, 75.55 კვ.მ., ნახევარსარდაფი 21.61 კვ.მ., სარდაფი 20.19 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ... იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება იპოთეკით ან სხვა სანივთო უფლებით დატვირთული, რა ნაწილი, რა თანხით, როდის და ვის სასარგებლოდ; ასევე მიეწოდებინათ ინფორმაცია იპოთეკართა რიგითობის, პირადი ნომრებისა და მათი სრული რეკვიზიტების შესახებ; ირიცხებოდა თუ არა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ყადაღა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, როდის და ვის მიერ და რის საფუძველზე.

2019 წლის 25 სექტემბერს კერძო აღმასრულებელმა პ.კ-ემ №... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №190399854 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის რეგისტრაცია ნ.კ-ას სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ...ის ... მიკრორაიონი, კვარტალი 1, კორპუსი 8, სართული 1, ბინა 2, საკადასტრო კოდი - ...

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 ოქტომბრის #... წერილით კერძო აღმასრულებელს პ.კ-ეს, ხოლო 2019 წლის 29 ოქტომბრის #... წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ... მიკრო/რაიონი, კვარტალი 1, კორპუსი 8, სართული 1, ბინა 2, საკადასტრო კოდი ..., 75.55 კვ.მ., ნახევარსარდაფი 21.61 კვ.მ. და სარდაფი 20.19 კვ.მ., რეგისტრირებულია ნ.კ-ას საკუთრების უფლება. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია 3 იპოთეკის უფლება: 1. იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება „...“; 2. იპოთეკარი: დ.პ-ი; 3. იპოთეკარი: ე.გ-ი, ლ.ს-ა, ნ.დ-ი, დ.პ-ი. ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ორი საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა): 1. გადაწყვეტილება 102018407785/3, 06.11.2018; საფუძველი: №A18157364, 06.11.2018, თბილისის სააღსრულებო ბიურო; 2. გადაწყვეტილება 102019368268/3; 26.09.2019წ.; საფუძველი: მომართვა №A19168653-006/001, 25.09.2019, კერძო აღმასრულებელი პ.კ-ე. უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.

2019 წლის 15 ოქტომბერს კერძო აღმასრულებელმა პ.კ-ემ სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ №A19168653-010/001 განაცხადით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს. აღმასრულებელმა მიუთითა, რომ მის წარმოებაშია №A19168653 სააღსრულებო საქმე, ნოტარიუს ე.შ-ის მიერ 12.04.2019 გაცემული და კრედიტორის ლ.ს-ას მიერ წარდგენილი №190399854 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოვალე ნ.კ-ას გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება კრედიტორის - ლ.ს-ას მიმართ. აღმასრულებლის მოთხოვნით, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია - ნ.კ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ...ის ... მიკრო/რაიონი, კვარტალი 1, კორპუსი 8, სართული 1, ბინა 2, საკადასტრო კოდი - ... ასევე მიუთითა, რომ კრედიტორის განცხადების (კრედიტორმა შეამცირა მოთხოვნა და არ ითხოვს პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრებას) და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ შეადგენს 6000 აშშ დოლარს და 126.72 ლარს.

2018 წლის 09 ოქტომბერს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალეს - ნ.კ-ას (მის.: თბილისი, ...ის დასახლება, ... მიკრო/რაიონი, 1 კვარტალი, კორპუსი 8, ბინა 2) 2019 წლის 21 ოქტომბერს გაუგზავნა №A18157364-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. საქართველოს ფოსტის 2019 წლის 23 ოქტომბრის საფოსტო უკუგზავნილით, შეტყობინება ადრესატს ვერ ჩაბარდა.

თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალეს - ნ.კ-ას ზემოაღნიშნულ მისამართზე 2019 წლის 24 ოქტომბერს კვლავ გაუგზავნა №A18157364-004/003 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ნ.კ-ას მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა. ამავე შეტყობინებით მოვალე მხარეს განემარტა სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებები და სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცედურები. ასევე განემარტა აუქციონის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ვებ-გვერდიდან მიღების შესახებ.

საქართველოს ფოსტის 2019 წლის 24 და 28 ოქტომბრის საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურების თანახმად, გზავნილი გატანილია ადრესატის - ნ.კ-ას მიერ.

2020 წლის 27 იანვრის ოქმით დგინდება, რომ აღნიშნულ დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოცხადდა მოვალე ნ.კ-ა, რომელმაც განმარტა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით სრულად დაფარავდა არსებულ ვალდებულებას. მისთვის ცნობილი იყო, რომ იძულებითი აუქციონი სრულდებოდა 31 იანვარს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 31 იანვრის №436 ბრძანებით შეწყდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების ფარგლებში №A19168653 და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში №A18157364 სააღსრულებო საქმეებზე მიმდინარე აუქციონი (№... ლოტი №...); გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება №A19168653 და №A18157364 სააღსრულებო საქმეების ფარგლებში უძრავ ნივთზე (მდებარე: თბილისი, ...ის ... მიკრო/რაიონი, კვარტალი 1, კორპუსი 8, სართული 1, ბინა 2, საკადასტრო კოდი ...) 2020 წლის 23 იანვარს პირველი აუქციონის (№... ლოტი №...) გამოცხადების თაობაზე. შეწყვეტის საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სარეალიზაციო უძრავ ნივთზე აუქციონი გამოცხადდა არასწორად. კერძოდ, სააღსრულებო საქმის ფარგლებში სარეალიზაციო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება - იპოთეკა, რომელიც არ არის მითითებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინტერნეტ-განცხადების გამოქვეყნებისას.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ.გვერდზე (Auction.ge) კვლავ გამოქვეყნდა ინფორმაცია საცხოვრებელ ბინაზე, სარდაფითა და ნახევარსარდაფით (მდებარე: თბილისი, ...ის ... მიკრო/რაიონი, კვარტალი 1, კორპუსი 8, ბინა 2, საკადასტრო კოდი - ... ) დანიშნული აუქციონის შესახებ. ორგანიზატორის მიერ გამოქვეყნებულ იქნა ელექტრონული აუქციონის წესი და პირობები: აუქციონის დაწყების დროდ მითითებული იყო 03.02.2020წ. 16:00 საათი, დასრულების დროდ - 11.02.2020წ. 16:00 საათი. აუქციონი არ შედგა. ასევე არ შედგა შემდგომ გამოცხადებული აუქციონი, რომლის დაწყების დროდ მითითებული იყო 11.02.2020წ. 16:00 საათი, დასრულების დროდ - 19.02.2020წ. 16:00 საათი. ხოლო შემდგომ აუქციონზე, რომლის დაწყების დროდ მითითებული იყო 19.02.2020წ. 16:00 საათი, დასრულების დროდ - 27.02.2020წ. 16:00 საათი, მითითებული უძრავი ქონება გაიყიდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 05 მარტის №A19168653-017/004 განკარგულებით, ნ.კ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, ...ის ... მიკრო/რაიონი, კვარტალი 1, კორპუსი 8, სართული 1, ბინა 2, ნახევარსარდაფი, სარდაფი, საკადასტრო კოდი ...) შემძენი 2020 წლის 27 თებერვალს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ლ.ს-ა, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 20 000 ლარად. ლ.ს-ას მიერ თანხა გადახდილია სრულად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის ლ.ს-ას და ნ.დ-ის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში ნ.კ-ას საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი აქვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხემ არასწორად მიუთითა გასაყიდი უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობა და მიუხედავად აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 31 იანვრის ბრძანებით აუქციონის შეწყვეტილად გამოცხადებისა და აღმასრულებლის მოქმედების გაუქმებისა, მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ახლად გამოცხადებულ აუქციონზე მყიდველი სწორედ ლ.ს-ა გახდა და სწორედ აღნიშნულის მოტივით არ მიეცა შეთანხმების შესაბამისად ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული განმარტებების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს გასაჩივრებული სიტუაციის რეალური მხარე და დაადგინოს აღსრულების პროცესში დაიცვა თუ არა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სამართლიანი ბალანსი კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის ფუნდამენტურ უფლებებს შორის.

სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების იძულებით აღსრულების უზრუნველყოფა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს ნორმებს, რომლებიც აწესრიგებენ აღსრულების ქვემდებარე აქტების იძულებითი განხორციელების კანონით დადგენილ წესს. აღსრულების მიზანი კი არის დადასტურებული, უდავოდ დადგენილი უფლების რეალურად აღდგენა, რაც განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულებას - სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა - სახელმწიფოს მეშვეობით აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას. უდავოა, რომ როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, ისევე სააღსრულებო ორგანოების, როგორც სახელმწიფოს სააღსრულებო ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოების მოქმედება უნდა იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სანოტარო აქტი. ამავე კანონის 25-ე მუხლი ითვალისწინებს აღსრულების დაწყების წესსა და პირობებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლს, სადაც კანონმდებლის მიერ დეტალურად არის მითითებული კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი.

განსახილველ შემთხვევაში აუქციონის შეწყვეტის საფუძველი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, სარეალიზაციო უძრავ ნივთზე აუქციონის არასწორად გამოცხადება გახდა. სააღსრულებო საქმის ფარგლებში სარეალიზაციო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება - იპოთეკა, რომელიც არ იყო მითითებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინტერნეტ - განცხადების გამოქვეყნებისას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე აღსრულების მიქცევა ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე, თუმცა ხშირად აღნიშნული წარმოებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დროს. ყველაზე გავრცელებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას კი იპოთეკა წარმოადგენს, რაც გულისხმობს, რომ უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით.

დადგენილია, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებები ნ.კ-ამ პირადად ჩაიბარა, კერძოდ, 2018 წლის 06 ნოემბრის წინადადება - 2018 წლის 08 ნოემბერს, 2019 წლის 25 სექტემბრის წინადადება - 2019 წლის 27 სექტემბერს, ხოლო 2019 წლის 24 ოქტომბრის წინადადება - 2019 წლის 24 და 28 ოქტომბერს. აღნიშნული გარემოება კასატორს სადავოდ არ გაუხდია. გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით მხარეს განემარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან.

გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტისა და აღმასრულებლის მოქმედების გაუქმების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ. გვერდზე (Auction.ge) კვლავ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმავე უძრავ ქონებაზე დანიშნული აუქციონის შესახებ. პირველი აუქციონი (დაწყების დრო - 03.02.2020წ. 16:00 საათი; დასრულების დრო -11.02.2020წ. 16:00 საათი) არ შედგა. შემდგომ ჩანიშნული აუქციონიც (დაწყების დრო - 11.02.2020წ. 16:00 საათი, დასრულების დრო - 19.02.2020წ. 16:00 საათი) არ შედგა. ქონება გაიყიდა შემდგომ აუქციონზე (დაწყების დრო 19.02.2020წ. 16:00 საათი, დასრულების დრო - 27.02.2020წ. 16:00 საათი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაცია სრულად შეიცავდა უძრავი ქონების მახასიათებლებს რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მასალებით. კერძო აღმასრულებლის მოქმედებები, ასევე კასატორის (მოსარჩელე) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დადგენილ ვადაში. რაც შეეხება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ჩანაწერს, რომ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 31 იანვრის №436 ბრძანებით შეწყდა №A19168653 და №A18157364 სააღსრულებო საქმეებზე მიმდინარე აუქციონი (№... ლოტი №...) და აღნიშნული არ გულისხმობს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას და შესაბამისად, მის თანმდევ შედეგს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების, მათ შორის, სანოტარო აქტის აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აღსასრულებელი გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება აბსოლუტური, რიგ შემთხვევებში არ გამოირიცხება აღსრულების შეწყვეტის, შეჩერების, გაუქმების აუცილებლობა ან/და აღსრულების პრაქტიკული შეუძლებლობა. ამასთან, იძულებითი აღსრულების პროცესში აღმასრულებელი შებოჭილია სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ფარგლებით. აქედან გამომდინარე, აღმასრულებელს უფლება არა აქვს მოახდინოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების თვითნებური ინტერპრეტაცია, გასცდეს აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებს და იმაზე მეტად ჩაერიოს მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში ან პირიქით, ვიდრე ამას აღსასრულებელი აქტი ითვალისწინებს. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებზე და წესზე, რომლის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. აღნიშნულ პუნქტებში მითითებულია, რომ აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ - განცხადებას და რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. მოცემული ნორმატიული აქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს ინდივიდუალურად არ ეცნობებათ. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა დამატებით შეტყობინების ვალდებულება. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებლის მოქმედებები, ასევე კასატორის (მოსარჩელის) სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

რაც შეეხება კასატორის იმ განმარტებას, ნებაყოფლობით ასრულებდა ვალდებულებას და იპოთეკარმა შეთანხმების მიუხედავად არ მისცა თანხების სრულად მოძიების შესაძლებლობა, აღნიშნულზე საკასაციო პალატა მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითრებზე, რომლითაც დასტურდება ნ.კ-ას მიერ 2019 წლის 27, 30 დეკემბერს, 2020 წლის 23-24 იანვარს შესრულებულია ლ.ს-ას სახელზე (3000 ლ, 2821.77 ლ, 2870 ლ, 2709.06 ლ) ჩარიცხვა, ჯამში სულ 11397.83 ლარის, რაც ცალსახად ნაკლებია კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანების მოცულობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველი საქმის შემთხვევაში კასატორმა ვერ შეეძლო მისი პოზიციის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებით.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტს, რომ მიუხედავად დავის საგნისა (ინდივიდუალური აქტის ბათილად ცნობა) სააღსრულებო ფურცლის უკანონობის საკითხი პირდაპირ კავშირშია მიმდინარე საქმეში კასატორის ინტერესების დაცვასთან, აღნიშნულზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააღსრულებო ფურცლის უკანონობა არ არის მოცემული საქმის დავის საგანი. მოვალე და კრედიტორს შორის სამოქალაქო სასარჩელო წარმოების წესით მიმდინარეობდა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2019 წლის 05 აპრილის (საქმე №2/36208-18) გადაწყვეტილებით ნ.კ-ას სარჩელი ნ.დ-ის მიმართ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნოტარიუს ე.შ-ის მიერ 2018 წლის 09 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N181244732, სადაც კრედიტორია ნ.დ-ი და მოვალე ნ.კ-ა) მე-7 პუნქტში, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში, შევიდა ცვლილება შემდეგი სახით - აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში შემცირდა 0.12%-დან 0.06%-მდე და განისაზღვრა შემცირებული პირგასამტეხლო 2,82 აშშ დოლარი (სააღსრულებო ფურცელში მითითებული 0.12%-ის ნაცვლად) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 18 სექტემბრიდან სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე. სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 01 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს მოცემულ ადმინისტრაციულ დავასთან შემხებლობაში არსებულ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ნ.კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ნ.კ-ას (პ/ნ N...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით დ.ა-ის მიერ (პ/ნ...), 2023 წლის 6 მარტს N... საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

3. ნ.კ-ას (პ/ნ N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით დ.ა-ის მიერ (პ/ნ ...), 2023 წლის 6 მარტს N... საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე