საქმე №ბს-134(კ-23) 14 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ.ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის წლის 10 აგვისტოს ზ.ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 6 მარტს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით მიმართა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ... ) მომიჯნავედ არსებული 424 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების/რეგისტრაციის მოთხოვნით. მისივე განმარტებით, ხსენებულ მიწის ნაკვეთს ის ფლობს მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, მასზე გაშენებული აქვს მრავალწლოვანი ხე-ნარგავები, ასევე ერთიან ღობეშია მოქცეული, როგორც მოცემული, ასევე მის საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი კი თავის მხრივ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს საკუთრების უფლების აღიარება/რეგისტრაცია. მოსარჩელე უთითებს, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა წარდგენილი მიწის ნაკვეთის, შპს „...ას” საკუთრების უფლებით რეგისტრაციის და ამ მიწის ნაკვეთებთან წარდგენილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის/ზედდების ფაქტი. მოსარჩელე განმარტავს, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი თავდაპირველად რეგისტრირებული იყო თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებით, რომელიც შემდგომში სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა შპს ,,...ას” საკუთრებაში. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავო აქტების გამოცემისას სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოეკვლიათ განსაკარგავ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე სხვა მესამე პირს, ხომ არ გააჩნდა საკუთრების უფლების აღიარება/რეგისტრაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხეთა წრის და სასარჩელო მოთხოვნათა არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და შპს ,,...ა“.
მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას კი წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი: 1. ,,ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 21 აგვისტოს №21.30.824 დადგენილება, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც გადაფარვაშია 2018 წლის 06 მარტის №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, 424 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან; 2. ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ’’ 2012 წლის 26 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც გადაფარვაშია 2018 წლის 6 მარტის №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, 424 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან; 3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 06 დეკემბრის №პ-3629 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც მასში ასახული მიწის ნაკვეთები გადაფარვაშია ზ.ს-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 06 მარტის №... განცხადებით წარდგენილ (424 კვ.მ. ფართობის მქონე) მიწის ნაკვეთთან; 4. №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილება, 2018 წლის 06 მარტის №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემულ 424 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში. 5. ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ზ.ს-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 06 მარტის №... განცხადებით წარდგენილ 424 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მიენიჭა სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციული ხელშეკრულება, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ზ.ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 თებერვლის №481 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 63-ე საკითხი) ამავე კომისიის 2009 წლის 18 სექტემბრის სხდომის №159-ე ოქმის 77-ე საკითხით მიღებულ გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და საკუთრების უფლების აღიარება მოხდა 921 კვ.მეტრზე. 2016 წლის 8 აპრილს, ქ. თბილისში, ...ის ქ. №103-5 კოსპუსის მიმდებარედ არსებულ 921 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ზ.ს-ას სახელზე გაიცა ახალი - №11642 საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ის გამზირი №143გ კორპუსის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ.ს-ას სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 921.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:№1, №2, №3.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 21 აგვისტოს №21.30.824 დადგენილებაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,...ას’’ დირექტორმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული 15 ჰა ტერიტორიის პირდაპირი მიყიდვის ფორმით კომპანიისთვის საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. სანაცვლოდ, კომპანია იღებდა ვალდებულებას აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ... შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს ქ. თბილისის მთავრობასა (,,გამყიდველი’’) და შპს ,,...ას’’ (მყიდველი) შორის დაიდო ხელშეკრულება ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 15 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ’’. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №12/10/03 განკარგულებით, ქ. თბილისის მთავრობას მიეცა თანხმობა შპს ,,...ასთან’’ 2012 წლის 26 სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების პირდაპირი მიყიდვის შესახებ, რომელთა შორის იყო, ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის მდებარე 58095 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №...). დადგენილია ასევე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №12/10/03 განკარგულებისა და 2012 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2012 წლის 06 დეკემბერს, შპს ,,...ას’’ სახელზე გაცემულ იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №პ-3629, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის მდებარე 58095 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №...) (ხელშეკრულებით ნასკისრი ვალდებულების შესრულების პირობით). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,...ას’’ სახელზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 35.1 მუხლზე , 231 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, "ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის შესახებ" საქართველოს კანონის (სადავო პერიოდსი მოქმედი) მე-2 და 191 მუხლებზე, ასევე და ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის“ პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-3 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტების, მე-19 მუხლებზე. საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმათა დაცვით გაფორმებულად მიიჩნია სადავო აქტები, კერძოდ 2012 წლის 21 აგვისტოს №21.30.824 დადგენილება ,,ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’, ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ’’ 2012 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულება და შპს "...ას" სახელზე გაცემული №პ-3629 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზ.ს-ას საკუთრებაში ნაღიარები აქვს 921 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მის მიერვე განცხადებით მოთხოვნილი დაზუსტებული მონაცემებით. ამასთან, საყურადღებოა და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ.ს-ას მიერ, დღეის მდგომარეობით სადავო 424 კვ,მ. მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა, არც 2009 და არც 2016 წელს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ ქონებას (424 კვ.მ.) 2014-2018 წლების მდგომარეობითაც მინიჭებული ჰქონდა ასევე სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნაკვეთის სარეკრეაციო სტატუსის ქონა გამორიცხავს მასზე ვისიმეს საკუთრების უფლებას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „...ას“ განცხადების საფუძველზე მოხდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფა 67 (სამოცდაშვიდ) მიწის ნაკვეთად. საქალაქო სასამართლოს განმარტებით გაუგებარია მოსარჩელეს რა პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა მოსარჩელეს ან მისი რომელი კანონიერი უფლება და ინტერესი შეეზღუდა გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში როდესაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის ინტერესი სადავო მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული ზონის გაუქმების მიზნით ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ბათილად ცნობის მიმართ. სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ტერიტორიზე 2009 წლიდან ვრცელდება რეკრეაციული ზონა და როგორც მოსარჩელემ თავადვე დაადასტურა მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა ტყე-პარკს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ზ.ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და მასზე გაკეთებული სამართლებრივი შეფასებანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს/აპელანტს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე სადავო 424 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გააჩნდა საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, ვინაიდან მოცემულ მიწის ნაკვეთს იგი ფლობდა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან. მან კეთილმოაწყო აღნიშნული ტერიტორია, რომელიც ერთიან ღობეშია მოქცეული საკუთრების უფლებით მანამდე რეგისტრირებულ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან ერთად, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე მის მიერ გაშენებულ იქნა მრავალწლიანი ნარგავები.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 12 აგვისტოს №21.30.824 დადგენილების მიღებისას და "ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი ფორმით ნასყიდობის შესახებ" 26.09.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 67, 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, საქმის გარემოებათა სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევის შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარების პირობებში გამოიკვეთებოდა, რომ ამ ტერიტორიაზე მოსარჩელეს გააჩნდა საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი. ზ.ს-ასთვის სავალდებულო წესით უნდა ეცნობებინათ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე და უზრუნველეყოთ მისი მონაწილეობა საკითხის განხილვაში. მესამე პირს შპს "...ას" არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, მეტიც მას უნდა გამოეჩინა წინდახედულობა და ვიზუალურად დაეთვალიერებინა გადასაცემი ქონება, რითაც გამოჩნდებოდა, რომ გადასაცემი ქონების გარკვეულ ნაწილს გააჩნია უფლებრივი ნაკლი და საჯარო რეესტრის ჩანაწერი ამ ნაწილში არასწორია.
კასატორმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ვერც შესაგებელში და ვერც საქმის ზეპირი განხილვისას ვერ დაასაბუთა სადავო ტერიტორიისათვის რეკრეაციული ზონა-2-ის სტატუსის მინიჭების ობიექტური წინაპირობების არსებობა. კასატორი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ" საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნავს, რომ სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. კასატორი ასევე უთითებს ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებლად იზღუდება მისი საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი ისე, რომ არ იკვეთება ამ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და ეს შეზღუდვა არ არის საჯარო ინტერესის დაცვის თანაზომიერი. კასატორმა ასევე იშუამდგომლა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ.ს-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ზ.ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2023 წლის 19 ოქტომბერს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება გადაიდო ზეპირი მოსმენის გარეშე 2023 წლის 14 დეკემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია 1. ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 21 აგვისტოს №21.30.824 დადგენილების ბათილად ცნობა, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც გადაფარვაშია 2018 წლის 06 მარტის №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, 424 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან; 2. ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ’’ 2012 წლის 26 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც გადაფარვაშია 2018 წლის 06 მარტის №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, 424 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან; 3.სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 6 დეკემბრის №პ-3629 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც მასში ასახული მიწის ნაკვეთები გადაფარვაშია ზ.ს-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 06 მარტის №... განცხადებით წარდგენილ 424 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან; 4. №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილება, 2018 წლის 06 მარტის №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემულ 424 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში; 5. ,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ზ.ს-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 06 მარტის №... განცხადებით წარდგენილ 424 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მიენიჭა სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2009 წლის 19 ნოემბერს, ქ. თბილისში, ...ის ქ. №103-5 კორსპუსის მიმდებარედ არსებულ 487 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ქ. თბილისის საკრებულოს მიერ ზ.ს-ას სახელზე გაიცა №3145 საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 01 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ქ. თბილისში, ...ის ქ. №103-5 კოსპუსის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ.ს-ას სახელზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 თებერვლის №481 საოქმო გადაწყვეტილებით ამავე კომისიის 2009 წლის 18 სექტემბრის სხდომის №159-ე ოქმის 77-ე საკითხით მიღებულ გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და საკუთრების უფლების აღიარება მოხდა 921 კვ.მეტრზე. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა ქ. თბილისის საკრებულოს ტიპიური საკუთრების უფლების მოწმობა №3145 თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად და 2016 წლის 08 აპრილს, ქ. თბილისში, ...ის ქ. №103-კოსპუსის მიმდებარედ არსებულ 921 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ზ.ს-ას სახელზე გაიცა ახალი - №11642 საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ის გამზირი №143გ კორპუსის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ.ს-ას სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 921.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 11 ივლისის №06-8/7567 წერილის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 58095კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ...
დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მარტს ზ.ს-ამ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ... ) მომიჯნავედ არსებული 424 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ასევე ერთვოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი შპს ,,...ას’’ საკუთრებაში არსებულ №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დადგენილი ზედდების გამო და ზ.ს-ას დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო საბოლოოდ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო წარმოების წესით მოთხოვნილ იქნა იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, რომლებიც შემხებლობაშია მის მიერ მოთხოვნილ საკუთრების უფლების ასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 35.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება: ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა; ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება. ამავე კანონის 231 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მთავრობის ერთ-ერთ უფლებამოსილებას განეკუთვნება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი საკუთრების ფლობა, განკარგვა და მისით სარგებლობა.
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 2.1 მუხლის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზემოხსენებული კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კი, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პირობებს განსაზღვრავს და ხელშეკრულებებს დებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო - ქალაქ თბილისის მთავრობა. ეს ხელშეკრულებები ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი), რომელიც შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს. ხსენებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის ინიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მთავრობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე ქალაქ თბილისის მთავრობასა და დაინტერესებულ მხარეს შორის დგება ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მე-3 პუნქტის მიხედვით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის დადგენილ პირობას (პირობებს) ხოლო, თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე - საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ დაინტერესებულ პირთან ქალაქ თბილისის მთავრობა აფორმებს ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის შუამდგომლობით განსახილველად უგზავნის საქართველოს მთავრობას. მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების მიზანშეწონილად მიჩნევის შემდეგ დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, ხელშეკრულება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ დადებული ხელშეკრულება შედის ძალაში საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ. მე-8 პუნქტის თანახმად კი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 21 აგვისტოს №21.30.824 დადგენილების თანახმად, შპს ,,...ას’’ დირექტორმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული 15 ჰა ტერიტორიის პირდაპირი მიყიდვის ფორმით კომპანიისთვის საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. სანაცვლოდ, კომპანია იღებდა ვალებულებას აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ... შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
2012 წლის 26 სექტემბერს ქ. თბილისის მთავრობასა (,,გამყიდველი’’) და შპს ,,...ას’’ (მყიდველი) შორის დაიდო ხელშეკრულება ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ’’. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ,,გამყიდველი’’ გადასცემდა ,,მყიდველს’’ 15 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთებს, ხოლო ,,მყიდველი’’ მიიღებდა და გადაუხდიდა მიწის ნაკვეთების ღირებულებას და ჩადებდა ინვესტიციებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით და წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №12/10/03 განკარგულებით, ქ. თბილისის მთავრობას მიეცა თანხმობა შპს ,,...ასთან’’ 2012 წლის 26 სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების პირდაპირი მიყიდვის შესახებ, რომელთა შორის იყო, ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის მდებარე 58095 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №...)
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №12/10/03 განკარგულებისა და 2012 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2012 წლის 06 დეკემბერს, შპს ,,...ას’’ სახელზე გაცემულ იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №პ-3629, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის მდებარე 58095 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №...) (ხელშეკრულებით ნასკისრი ვალდებულების შესრულების პირობით).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,...ას’’ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 58095კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ....
2013 წლის 28 მაისის №... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული კოდების გაერთიანების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,...ას’’ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 150501კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., ..., ... , ..., №...
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი დაიყო ... საკადასტრო კოდად (მათ შორის №... , №... კოდები)
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ქალაქ თბილისის მთავრობამ ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით მიიღო 2012 წლის 21 აგვისტოს №21.30.824 დადგენილება ,,ქ. თბილისში, ...ის ქუჩასა და ...ს შორის არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’, ზემოხსენებული წესების სრული შესაბამისობით გაფორმდა ასევე ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ’’ 2012 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულება და გაცემული იქნა №პ-3629 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ.ს-ამ თავდაპირველად 2009 წლის 18 სექტემბერს მიმართა რა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოითხოვა 1114 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, საიდანაც 487 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ეღიარა კიდეც საკუთრების უფლება. თუმცა, 2015 წლის 18 ივნისს ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოს ზ.ს-ამ კვლავ მიმართა განცხადებით და საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა მთლიან ფართობზე. განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა დაზუსტებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი 921 კვმ.ზე. დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 15 თებერვლის №481 გადაწყვეტილებით ამავე კომისიის 2009 წლის 18 სექტემბრის სხდომის №159-ე ოქმის 77-ე საკითხით მიღებულ გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და საკუთრების უფლების აღიარება მოხდა 921 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამდენად, საყურადღებოა და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ.ს-ას მიერ, დღეის მდგომარეობით სადავო 424 კვ,მ. მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა, არც 2009 და არც 2016 წლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავად მოსარჩელის მხრიდან დღევანდელი მოცემულობით სადავო ქონებასთან მიმართებით ნების გამოვლენის არარსებობის პირობებში სახელმწიფოს არ ევალებოდა მისი სავალდებულო წესით ჩართვა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ 424 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ზ.ს-ას გამოთქმული აქვს პრეტენზია არა თავდაპირველი განცხადების ფარგლებში, არამედ მას შემდეგ რაც "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე 921 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უკვე მოიპოვა საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ სახელმწიფომ შპს "...ას" საკუთრებაში გადასცა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი, რამეთუ საჯარო რეესტრის ამონაწერით ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ირიცხებოდა ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის სახელზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შპს "...ას" ეკისრებოდა ვალდებულება გამოეკვლია გადასაცემი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას შპს "...ასთვის" სადავო ქონების გადაცემის პროცესში ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია რეკრეაციულ ზონაში, რომელზედაც კანონი პირდაპირ გამორიცხავს სხვა პირის საკუთრების უფლების აღიარებას. დადგენილია ასევე სადავო ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის 2014-2018 წლების მდგომარეობითაც მინიჭების ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება იმთავითვე (2016 წლის 15 თებერვლის №481 საოქმო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის) გამორიცხავდა ზ.ს-ასთვის სადავო ქონებაზე საკუთრების მოპოვების სამომავლო პერსპექტივას. საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიწის ნაკვეთის შპს ,,...ასათვის’’ სიმბოლურ ფასად მიყიდვის მთავარი წინაპირობა სწორედაც რომ სარეკრეაციო ზონის სტატუსის გათვალისწინება და ...ის მოწყობა იყო. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების პოზიციას მასზედ, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტი შეეხება შპს „...ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ... საკადასტრო ერთეულად დაყოფას, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს ვერ მიაყენებს მოსარჩელის უფლებას თუ კანონიერ ინტერესს. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ძალაშია შპს "...ას" სახელზე განხორციელებული თავდაპირველი - 2012 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით განხორციელებული რეგისტრაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი.ა-ეს (პ/ნ...) ზ.ს-ას საკასაციო საჩივარზე 13.03.2023 №4337 წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი.ა-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზ.ს-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. ი.ა-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს მის მიერ ზ.ს-ას საკასაციო საჩივარზე 13.03.2023წ. N4337 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა