ბს-89 (კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. შ-ამ 13.07.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან - 2016 წლის მაისიდან, დევნილის სტატუსის აღდგენამდე - 2022 წლის 16 მაისამდე მიუღებელი დევნილის შემწეობის, სულ 2700 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.09.2022წ. გადაწყვეტილებით რ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რ. შ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის მაისიდან 2022 წლის მაისამდე დევნილისთვის განკუთვნილი შემწეობის თანხის - 2700 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით დევნილის შემწეობა განმარტებულია როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი. ამავე კანონის მე-12 და მე-16 მუხლებიდან გამომდინარე, დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით, რომელსაც გასცემს სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. საქმის მასალების მიხედვით რ. შ-ა 1996 წლიდან იყო რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და იღებდა დევნილთა შემწეობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 23.12.2015წ. №2017 ბრძანებით რ. შ-ას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.2017წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 23.12.2015წ. №2017 ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. შ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 16.05.2022წ. №03-2367/ო ბრძანებით რ. შ-ას აღუდგა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელე ვერ იღებდა კუთვნილ თანხას, ექვემდებარება ანაზღაურებას, რამეთუ უდავოა, რომ წინა პერიოდში, 2016 წლის მაისიდან 2022 წლის მაისამდე, რ. შ-ამ მოპასუხის მიერ უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ) გამოცემით ვერ მიიღო კანონით მისთვის განსაზღვრული შემწეობა, რითაც მას მართლსაწინააღმდეგოდ მიადგა ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ დევნილის შემწეობის გაცემა დევნილის სტატუსიდან გამომდინარეობს. სტატუსის არ ქონა თავისთავად გამორიცხავს პირისათვის ამ მიზნობრივი შემწეობის გაცემას. კასატორის მითითებით მოსარჩელეს დევნილის სტატუსი ჩამოერთვა 23.04.2015წ. N2017 ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად მას შეუწყდა შემწეობის გაცემაც. ,,დევნილთა შესახებ" კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები. მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა შეწყდება თუ პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი, ხოლო მე-4 ნაწილის ,,ბ'' პუნქტის თანახმად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით უმართებულოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც სააგენტოს 2700 ლარის გადახდა დაეკისრა რ. შ-ას სასარგებლოდ, რადგან აღნიშნულ პერიოდში რ. შ-ა არ იყო დევნილის სტატუსის მატარებელი.
კასატორმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დევნილის შემწეობის
ანაზღაურებას შეწყვეტის მთელი პერიოდისათვის. გასულ წლებზე დევნილის შემწეობის სააგენტოსათვის დაკისრების მოთხოვნა სცდება დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ გამომდინარეობს ამ კანონის მიზნებიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარემ სამინისტროს/სააგენტოს ბრძანება სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გაასაჩივრა სასამართლოში და მოითხოვა მხოლოდ საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 23.12.2015წ. N2017 ბრძანების ბათილად ცნობა. განაცდური შემწეობის თანხის ანაზღაურების საკითხს აღნიშნული დავა არ ეხებოდა. ამდენად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა რ. შ-ას მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია. კასატორის მითითებით, მხარეს გასული პერიოდის დევნილის შემწეობის ანაზღაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 23.12.2015წ. N2017 ბრძანების გასაჩივრებისას უნდა მოეთხოვა, მხარის მოთხოვნა გასულ პერიოდზე დევნილის შემწეობის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხანდაზმულია, რამეთუ მან გაუშვა აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით რ. შ-ა 1996 წლიდან იყო რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და იღებდა დევნილთა შემწეობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 23.12.2015წ. №2017 ბრძანებით რ. შ-ას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რაც რ. შ-ამ სასამართლო წესით გაასაჩივრა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.2017წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 23.12.2015წ. №2017 ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. შ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 16.05.2022წ. №03-2367/ო ბრძანებით რ. შ-ას აღუდგა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. რ. შ-ამ 17.05.2022წ. განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2016 წლის მაისიდან 2022 წლის მაისამდე მიუღებელი შემწეობის თანხის ანაზღაურების მიღების მოთხოვნით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 03.06.2022წ. წერილით რ. შ-ას განემარტა, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვა განაცდური შემწეობის თანხის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ კანონის 11.4 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობებია ბრალი, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი, ამდენად, ზიანის ანაზღაურების აუცილებელი წინაპირობაა მართლასწინააღმდეგო ქმედების/უმოქმედობის დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.2017წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ რ. შ-ას დევნილის სტატუსი არამართლზომიერად ჩამოერთვა, ამდენად, უკანონოდ შეუწყდა მას დევნილის შემწეობა, რაც განაპირობებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, აანაზღაუროს უკანონო აქტის გამოცემით მოსარჩელისათვის მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანი.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას გასულ პერიოდზე დევნილის შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სკ-ის 1008-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურების ვალდებული პირის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დაცული აქვს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, კასატორის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი