Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-311-622-05 23 თებერვალი, 2006 წ.

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი),

მ. ცისკაძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ჯ-ულმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ჯ. ხ-შვილისა და ი. ი-შვილის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ 2003წ. 13 მარტს დუშეთის რაიონის სოფ. ..., სს კონცერნ «ს-ისგან» შეისყიდა ლიტერ «ა», «ბ» და «მ» არასაცხოვრებელი ფართი. კანონის თანახმად, შესყიდული ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2003წ. 20 ოქტომბერს დუშეთის რაიონის გამგეობის სხდომის ¹115 დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საიჯარო ხელშეკრულება ¹34. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 2626 კვ.მ-ს და იგი მდებარეობს სოფ. ..., სს კონცერნ «ს-ისგან» მოსარჩელის მიერ შესყიდული საწყობების მიმდებარედ. მოსარჩელის მიერ შესყიდული და იჯარით აღებული ქონება მოპასუხეებმა დაიკავეს დ არ აძლევენ ამ ქონებით სარგებლობის უფლებას. მიუხედავად, არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხეებმა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი საკუთარი მეურნეობისათვის გამოიყენეს.

ე. ჯ-ულმა სარჩელით მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობაში არსებული მისი კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართობის, კერძოდ, საწყობის ლიტერ «ა», ლიტერ «ბ» და ლიტერ «გ» ნაგებობებისა და იჯარით აღებული 2626 კვ. მ მიწის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ აღნიშნული საწყობები გაიყიდა კანონის დარღვევით. «ს-ის» გაკოტრებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკაში» გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეიცავდა ჟინვალის საკრებულოს სოფ. ქვემო ...ში მდებარე სადავო ქონების (საწყობის) გაყიდვაზე ცნობებს, რითაც მათ მოესპოთ მისი შესყიდვის შესაძლებლობა. მათივე განმარტებით, მითითებული საწყობები არ იყო სს «ს-ის» საკუთრება და ამ სააქციო საზოგადოებას არ ჰქონდა ამ ქონების გაყიდვის უფლებამისილება. აღნიშნული საწყობები აშენდა უვადო სარგებლობით გადაცემულ მიწაზე, რის სანაცვლოდაც მათთვის სხვა ადგილად უნდა მიეცათ მიწის ფართობი, მაგრამ დანაპირები განუხორციელებელი დარჩა.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ულის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. ხ-შვილსა და ი. ი-შვილ-ხ-შვილს დაევალათ გამოათავისუფლონ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული დუშეთის რაიონის სოფ. ქვემო ...ში მდებარე ლიტერ «ა», «ბ» და «გ» შენობები (ყოფილი სასაწყობე მეურნეობა), ასევე გაათავისუფლონ მოსარჩელის მიერ იჯარით აღებული 2626 კვ.მ მიწა, რომელიც განლაგებულია ლიტერ «ა», «ბ», და «Gგ» შენობების მიმდებარედ.

რაიონულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ე. ჯ-ული კანონით დადგენილი წესით გახდა სს კონცერნ «ს-ის» მიერ გაყიდული უძრავი ქონების, დუშეთის რაიონის სოფ. ქვემო ...ში მდებარე ლიტერ «ა», «ბ» და «გ» შენობების მესაკუთრე და ამ ქონების მიმდებარე მიწის ნაკვეთის მოიჯარე. რაიონულმა სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ის 312-ე მუხლზე.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ხ-შვილმა და ი. ი-შვილ-ხ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ხ-შვილსა და ი. ი-შვილ-ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ე.ჯ-ულს, როგორც არასაცხოვრებელი ნაგებობის ტიტულოვან მესაკუთრეს და იჯარით აღებული 2626 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს, სკ-ის 170-ე, 172-ე და 161-ე მუხლებიდან გამომდინარე, შეუძლია მოსთხოვოს მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება და ხელშეშლის აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ი-შვილ-ხ-შვილმა და ჯ. ხ-შვილმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საწყობები, რომლებიც შეიძინა ე. ჯ-ულმა გაიყიდა კანონის დარღვევით, ვინაიდან გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკაში» გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეიცავდა ჟინვალის საკრებულოს სოფ. ქვემო ...ში მდებარე სადავო ქონების (საწყობის) გაყიდვაზე ცნობებს, რითაც მათ მოესპოთ მისი შესყიდვის შესაძლებლობა. კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მათი (მოპასუხეთა) ოჯახი სადავო ფართს ფლობს 15 წელია და ამ ხნის განმავლობაში არავის განუცხადებია მასზე პრეტენზია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი. ი-შვილ-ხ-შვილისა და ჯ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2003წ. 19 მარტს სს კონცერნ «ს-მა”დუშეთის რაიონის სოფ. ...ში უძრავი ქონება ლიტერ «ა”, «ბ” და «გ” არასაცხოვრებელი ფართი სასაწყობო შენობებით მიჰყიდა ე. ჯ-ულს და ის, როგორც მესაკუთრე, გატარდა საჯარო რეესტრში.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2003წ. 20 ოქტომბერს დუშეთის რაიონის გამგეობამ ე.ჯიქარაულს კონკურსის წესით, 49წ. ვადით, იჯარით გადასცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი სს კონცერნ «ს-ის” საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ასევე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ე. ჯ-ულის სახელზე.

სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება საჯარო რეესტრში შეტანილი მონაცემების უზუსტობა.

სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირის მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 15წ. განმავლობაში სადავო ფართის ფლობის ფაქტი, არ მიუთითებს მართლზომიერი ფლობის უფლებაზე.

სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ვერ უთითებენ მოცემულ შემთხვევაში ფლობის კანონიერ უფლებაზე.

სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ამართლებს სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივარს. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე სადავო ფართის მესაკუთრეა და მისი კანონიერი ინტერესია, რომ ხელი არ შეეშალოს საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში.

სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნის შესაბამისად არის მიღებული, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ი-შვილ-ხ-შვილისა და ჯ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.