Facebook Twitter

№14641-13 23 აპრილი, 2013 წელი

ნ-ე გ., 14641-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

მსჯავრდებულ _ გ. ნ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით გ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-19,260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 იანვრიდან.

2013 წლის 14 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიურომ მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ნ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-19,260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და განესაზღვრა 3 წლით პირობითი სასჯელი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ნ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას, დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მთლიანად განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე და ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გ. ნ-ეს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მომზადებისთვისაც. შესაბამისად, მის მიმართ ვერ მოხდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გამოყენება და მისი სასჯელისგან სრულად გათავისუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე კი ვერ მოხდება ამავე კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. ნ-ეს ერთი მეოთხედთ უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 260-ე და 19,260-ე მუხლებით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. შესაბამისად, საბოლოოდ გოჩა ნიშნიანიძეს უნდა განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 2 წელი ,იმავე გამოსაცდელი ვადით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ გ. ნ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 260-ე და 19,260-ე მუხლებით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი ჩაეთვალოს მოხდილად.

საბოლოოდ გ. ნ-ეს განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 2 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე