Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-768(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ.კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - ბმა „ ...“, ლ.ს-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.კ-ას წარმომადგენელმა 2020 წლის 10 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების ბმა „...ს“ და ლ.ს-ის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე 4,48 კვ.მ. დამხმარე ფართის ლ.ს-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით, გ.კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგის გაზიარებასთან ერთად გაიზიარა ის დადგენილი გარემოება, რომ ლ.ს-ის სახელით წარდგენილ №... სარეგისტრაციო განაცხადსა და გ.კ-ას სახელით წარდგენილ №... სარეგისტრაციო განაცხადზე, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა ერთმანეთის პარალელურად. ასევე დროში დაემთხვა ლ.ს-ისა და გ.კ-ას სარეგისტრაციო განაცხადების მიმართ, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის განხილვა. აღნიშნული ორი სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ როგორც გ.კ-ას, ისე ლ.ს-ეს საკუთრების უფლება უდასტურდებოდათ ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე სათავსოზე (სარაიაზე).

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, აღნიშნული გარემოება, გარდა პრივატიზების ხელშეკრულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებებისა, ასევე დადასტურდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ...ის №51 კრების ოქმით. ოქმის თანახმად, მითითებული სათავსო წარმოადგენს თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 3 მარტის №2/9 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული დამხმარე ფართის (სარაიას) დაზუსტებულ ფართობს და არ არის 1992 წლის 17 სექტემბრის №2ნ-2020 პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული ფართი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი არის იდენტური. ასევე 2019 წლის 12 მაისს შედგენილ გეგმაზე, სადაც სამეურნეო სათავსოს (სარაიას) გადასცემს ამხანაგობა „...“ გ.კ-ას, ფართით 8,91 კვ. მეტრი არის შეცდომით მითითებული და არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს განხორციელებულ ადგილზე დათვალიერებისას მომზადებულ ფართის აზომვით ნახაზზე და მიუთითა, რომ თანხვედრაშია, როგორც ლ.ს-ის სარეგისტრაციოდ წარდგენილ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ შენობის გეგმაზე მონიშნულ დამხმარე სათავსოს, ისე გ.კ-ას მიერ, სარეგისტრაციო წარმოებაში წარდგენილ საკადასტრო გეგმაზე მონიშნულ ფართთან. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ.კ-ას წინამორბედ მესაკუთრეს - ნ.ო-ს, 1992 წლის 11 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე ერთი ოთახი 25 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, 67 კვ.მ. დამხმარე ფართით და 5 კვ.მ. ფართის სარაია. ამასთან, თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 3 მარტის №2/9 გადაწყვეტილებით, აღნიშნული სათავსოს (სარაიას) ნახევარი გამოთავისუფლდა ნ.ო-ის მფლობელობისაგან და გადაეცა უფლებამოსილ ორგანოს. აღნიშნულ გამოთავისუფლებულ ფართზე ლ.ს-ის საკუთრების უფლება დადასტურებულია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბოლოოდ, საერთო სარგებლობის სათავსოს რეალური ფართი შეადგენს 8,68 კვ.მეტრს, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებებით დარეგისტრირდა ლ.ს-ისა და გ.კ-ას თანასაკუთრებად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, ლ.ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ეფუძნება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.კ-ას მიერ.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ დაასაბუთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები და სარწმუნოდ არ იმსჯელა ფაქტების არსებობა - არარსებობის შესახებ, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი შეფასება. მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასრულად გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს შემდეგს: გ.კ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი დაზუსტებული მონაცემებით უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო დამხმარე ფართის (სარაია) საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, გ.კ-ას დაკვეთით მომზადდა შიდა აზომვითი ნახაზი. აზომვის შედეგად დაზუსტდა დამხმარე ფართის (სარაია) კვადრატულობა, კერძოდ, 8.91 კვ.მ. კასატორი მიუთითებს, რომ ტექ. ბიუროს მონაცემები ფართის ოდენობის შესახებ არ იყო ზუსტი, ვინაიდან, იმ პერიოდში არ არსებობდა ზუსტი ხელსაწყო, რომლითაც დადგინდებოდა ზუსტი მონაცემები. წარმომადგენლის განმარტებით, გ.კ-ასთვის 2019 წლის 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ (პრივატიზაციის ხელშეკრულებით) დამხმარე ფართის ნაწილზე, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ლ.ს-ემ 2018 წლის 13 დეკემბერს წარადგინა განცხადება და მოითხოვა 4.48 კვ.მ. ფართის რეგისტრაცია. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ფართი არის გ.კ-ას კანონიერ მფლობელობაში არსებული დამხმარე ფართის ნაწილი.

კასატორი, ყურადსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 19 ივნისს, ლ.ს-ის წარმომადგენელმა წარმოების შეჩერების აღმოფხვრის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა 2019 წლის 13 ივნისით დათარიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ს” კრების ოქმი N51. ოქმში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100%, რაც კასატორის განმარტებით არ შეესაბამება სინამდვილეს. კრებას არა თუ ამხანაგობის წევრთა 100% ესწრებოდა, არამედ კრება საერთოდ არ ყოფილა მოწვეული. მისივე განმარტებით, ამხანაგობის კრების ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ სათავსო წარმოადგენს თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 3 მარტის N2/9 გადაწყვეტილებში დაფიქსირებულ დამხმარე ფართის (სარაიას) დაზუსტებულ ფართობს და არ არის 1992 წლის 17 სექტემბრის N2ნ-2020 პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული ფართი. აღნიშნულს არ იზიარებს კასატორი და განმარტავს, რომ ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოიძებნა საჯარო რეესტრში და საჯარო რეესტრის ტექ.ბიუროს არქივში. შესაბამისად, თუკი არსებობს ასეთი გადაწყვეტილება, მას არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი და დღეის მდგომარეობით იგი ხანდაზმულია.

კასატორი ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2019 წლის 4 ივნისის წერილის შინაარსზე, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 მაისს N... განცხადების პასუხად მითითებულია, რომ გამგეობა უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერ/ მართლზომიერ სარგებლობაში არსებული უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. წარმომადგენლის მსჯელობით, აღნიშნული შინაარსი ადასტურებს სადავო ფართზე გ.კ-ას კანონიერ უფლებას იმის გათვალისწინებით, რომ დამხმარე ფართი პრივატიზებული იყო ჯერ კიდევ გ.კ-ას დედამთილის - ნ.ო-ის მიერ.

კასატორის წარმომადგენლის მითითებით, ლ.ს-ე არასდროს ფლობდა სადავო დამხმარე ფართს. აპელირებს ბმა „...ის" თავმჯდომარის მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ იმ განმარტებაზე, რომ სადავო ფართით სარგებლობდა მხოლოდ ნ.ო-ი (გ.კ-ას დედამთილი). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, კასატორი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 3 მარტის N29 გადაწყვეტილება და N162 განჩინება ტექნიკური აღრიცხვის ბარათის (N...) სააღრიცხვო მასალაში დაცული არ არის. ასევე, გასათვალისწინებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლ.ს-ემ, 1992 წლის 17 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში მიღებული დამხმარე ფართი/სარდაფი გაასხვისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.კ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე 4,48 კვ.მ. დამხმარე ფართზე დარეგისტრირდა ლ.ს-ის საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, გ.კ-ას საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე 5 კვ.მ. დამხმარე ფართი.

2019 წლის 11 დეკემბრის №... განაცხადის მიხედვით მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად კი ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე სათავსო (ს/კ ...) 8,68 კვ.მ. ფართით დარეგისტრირდა ლ.ს-ისა და გ.კ-ას თანასაკუთრებად.

განსახილველი დავის ფარგლებში სადავოს წარმოადგენს სწორედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე 4,48 კვ.მ. დამხმარე ფართზე დარეგისტრირდა ლ.ს-ის საკუთრების უფლება.

მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ლ.ს-ის სახელით წარდგენილ №... სარეგისტრაციო განაცხადსა და გ.კ-ას სახელით წარდგენილ №... სარეგისტრაციო განაცხადზე, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა ერთმანეთის პარალელურად. ასევე დროში დაემთხვა ლ.ს-ისა და გ.კ-ას სარეგისტრაციო განაცხადების მიმართ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის განხილვა. აღნიშნული ორი სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ როგორც გ.კ-ას, ისე ლ.ს-ეს საკუთრების უფლება დაუდგინდათ ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე სათავსზე (სარაიაზე).

გარდა პრივატიზების ხელშეკრულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებებისა, აღნიშნული გარემოება ასევე დადგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ №51 კრების ოქმით. ოქმის თანახმად, მითითებული სათავსო წარმოადგენს თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 3 მარტის №2/9 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული დამხმარე ფართის (სარაიას) დაზუსტებულ ფართობს და არ არის 1992 წლის 17 სექტემბრის №2ნ-2020 პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული ფართი.

დადგენილია, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი არის იდენტური. ასევე 2019 წლის 12 მაისს შედგენილ გეგმაზე (ოქმი №50), სადაც სამეურნეო სათავსს (სარაიას) გადასცემს ამხანაგობა „...“ გ.კ-ას ფართი - 8,91 კვ. მეტრი მითითებული არის შეცდომით. დადგენილია, რომ ფართი, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვა ლ.ს-ემ და გ.კ-ამ არის ერთი შენობა და სასამართლოს გადაწყვეტილებით გაყოფილია შუაზე. აღნიშნულ სათავსოზე ან მის ნაწილზე საჯარო რეესტრში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ არის და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე პრეტენზია არ გააჩნიათ.

საკასაციო საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში, პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით კანონმდებლის მიერ განიმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. რაც შეეხება კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, მითითებულია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს აპელირებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდაპირველად 2018 წლის 3 ივლისს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ლ.ს-ის №... განცხადება ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე 5 კვ.მ. სათავსოს დარეგისტრირების მოთხოვნით. განცხადებას დაერთო თბილისის ჩუღურეთის 1992 წლის 3 მარტის №2/9 გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების თანახმად, ნ.ო-ი გამოსახლდა ...ის ქ. №12-ის ეზოში მდგომ სარაიის 5 კვ.მ. ფართიდან. ასევე დადგინდა, რომ მოეწყოს სარაიის გამყოფი ტიხარი, 5 კვ.მ. ფართი დარჩა მოპასუხე - ნ.ო-ს, ხოლო გამოთავისუფლებული 5 კვ.მ. ფართი გადაეცა ჩუღურეთის რაი.საბინაო ტრესტს. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991 წლის 30 აგვისტოს №293 განკარგულებით, ...ის ქ. №12-ში არსებული 12 კვ.მ. ფართის ოთახი დაუმტკიცდა ახლად დაქორწინებულ ჯ.ს-ის ოჯახს.

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარედგინა ლ.ს-ის №... განაცხადი, ქ. თბილისში, ...ის ქ.№12-ში მდებარე 4,48 კვ.მ. ფართის რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებას ერთოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის - ...ის №48 კრების ოქმი. ოქმით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ლ.ს-ე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების დროს ფლობდა ნახაზზე ასახულ 4,48 კვ. მ. ფართის სათავსოს. 2018 წლის 20 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა დამატებითი განცხადება.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს დაუდგინა ვადა დამატებითი დოკუმენტის წარსადგენად, კერძოდ, ამხანაგობის წევრთა 100%-იანი ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით ამხანაგობის მიერ უნდა დადასტურებულიყო, რომ ნახაზზე ასახული 4,48 კვ.მ. სათავსო წარმოადგენს 1992 წლის 17 სექტემბრის №2/ნ-2020 პრივატიზაციის ხელშეკრულებაში და თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 3 მარტის №2/9 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული დამხმარე ფართის დაზუსტებულ ფართობს, თუ არის ცალკე სარეგისტრაციო ერთეული. ოქმში ამხანაგობას ასევე უნდა დაედასტურებინა აზომვით ნახაზზე ასახული ფართისა და სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართის შესაბამისობა.

2019 წლის 24 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება ხარვეზის გამოსწორების მიზნით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის - ...ის №49 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობამ დაადასტურა, რომ ნახაზზე აღნიშნული სათავსი წარმოადგენს თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 3 მარტის №2/9 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ დამხმარე ფართის დაზუსტებულ ფართობს და არა 1992 წლის 17 სექტემბრის №2ნ-2020 პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულ ფართს. აქვე, ამხანაგობა ადასტურებდა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი არის იდენტური. აღნიშნულ სათავსზე ან მის ნაწილზე საჯარო რეესტრში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ არის და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2019 წლის 30 აპრილის №... წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქე ს-ეს გადაეცა საცხოვრებელი ფართი - ერთი ოთახი 12 კვ.მ., 3 კვ.მ. დამხმარე ფართი და 5 კვ.მ. სარდაფი. თუმცა ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს უძრავი ქონების იდენტიფიცირება. 2019 წლის 21 მაისს, დ. ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც აცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი №... განაცხადი და გ.კ-ას მიერ წარდგენილი №... სარეგისტრაციო განაცხადი, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად შეეხებოდა ერთსა და იმავე სარდაფს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2019 წლის 19 ივნისს წარედგინა დ.ს-ის განცხადება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ...ის №51 კრების ოქმთან ერთად. ოქმის თანახმად, აღნიშნული სათავსო წარმოადგენს თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 3 მარტის №2/9 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული დამხმარე ფართის (სარაიას) დაზუსტებულ ფართობს და არ არის 1992 წლის 17 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული ფართი. ასევე წარდგენილი აზომვითი ნახაზი და სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი არის იდენტური. რაც შეეხება 2019 წლის 12 მაისს შედგენილ გეგმას (ოქმი №50), სადაც სამეურნეო სათავსოს (სარაიას) გადასცემს ამხანაგობა „...“ გ.კ-ას, N51 კრების ოქმის მიხედვით, ფართი 8,91 კვ. მეტრი არის შეცდომით მითითებული და არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან, გ.კ-ას ეკუთვნის 5 კვ.მ მეტრი, რაც ფიქსირდება 1992 წლის 11 ივლისს გაცემულ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევიან მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს განხორციელებულ ადგილზე დათვალიერებისას მომზადებულ ფართის აზომვით ნახაზზე, რომელიც თანხვედრაშია, როგორც ლ.ს-ის სარეგისტრაციოდ წარდგენილ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ შენობის გეგმაზე მონიშნულ დამხმარე სათავსოს, ისე გ.კ-ას მიერ სარეგისტრაციო წარმოებაში წარდგენილ საკადასტრო გეგმაზე მონიშნულ ფართთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მართებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ.კ-ას წინამორბედ მესაკუთრეს - ნ.ო-ს, 1992 წლის 11 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე ერთი ოთახი 25 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, 67 კვ.მ. დამხმარე ფართით და 5 კვ.მ. ფართის სარაია. ამასთან, თბილისის ჩუღურეთის 1992 წლის 3 მარტის №2/9 გადაწყვეტილებით, აღნიშნული სათავსოს (სარაიას) ნახევარი გამოთავისუფლდა ნ.ო-ის მფლობელობისაგან და გადაეცა უფლებამოსილ ორგანოს. აღნიშნულ გამოთავისუფლებულ ფართზე ლ.ს-ის საკუთრების უფლება დადასტურებულია. საბოლოოდ, საერთო სარგებლობის სათავსის რეალური ფართი შეადგენს 8,68 კვ.მეტრს, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებებით დარეგისტრირდა, შესაბამისად ლ.ს-ისა და გ.კ-ას თანასაკუთრებად. ამდენად, შედეგის გაზიარებასთან ერთად საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ლ.ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ეფუძნება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობას.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. აქვე, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, რომლის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის, რომლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 953-ე მუხლით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. აღნიშნული კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზიარო საგანს მონაწილენი ერთობლივად მართავენ. რაც შეეხება კანონის 957-ე მუხლის მე-3 ნაწილს მითითებულია, რომ ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.ს-ემ საჯარო რეესტრს წარუდგინა ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც საკმარისი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარდგენილი განაცხადი იყო სრულყოფილი, გამომდინარეობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან, არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რაც გულისხმობს, რომ არ გამოვლენილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების დამაბრკოლებელი გარემოებები (21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები), მარეგისტრირებელმა ორგანომ წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე სწორად მიიღო 2019 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

საკასაციო პალატა შეჯამების მიზნით მიუთითებს, რომ სადაო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საკუთრების უფლება, განსახილველ შემთხვევაში კი ლ.ს-ის უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, გ.კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, გ.კ-ას (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს წარმომადგენლის მ.ბ-ას (...) მიერ, გ.კ-ას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 28 ივნისს N1 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება.

3. გ.კ-ას (პირადი N...) დაუბრუნდეს წარმომადგენლის მ.ბ-ას (...) მიერ, გ.კ-ას საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2022 წლის 28 ივნისს N1 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე