Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-349(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. კ-ი; მესამე პირი - სს ,,ს...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 19 სექტემბერს გ. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 აგვისტოს #SP190646506/628597 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს ,,ს...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, გ. კ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 აგვისტოს #SP190646506/628597 ბრძანების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 აგვისტოს #SP190646506/628597 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 18 ივნისს სს ,,ს...მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - გ. კ-ის მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - სს ,,ს...ს“ მოთხოვნა, რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 13 621.11 ლარს. 2019 წლის 18 ივნისის განცხადებას თან დაერთო 2018 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,ს...მა“ გ. კ-ის კრედიტის სახით გადასცა სესხის თანხა 11 800 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 25 ივნისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა გამოსცა ,,გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ“ #SP190646506/608106 შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტს - გ. კ-ის განესაზღვრა 10 კალენდარული დღე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებების განხორციელებისათვის. აღნიშნული შეტყობინება გ. კ-ის გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თბილისი, ...ის N..., ბინა 14, თუმცა შეტყობინება ადრესატს ვერ ჩაბარდა. მითითებული შეტყობინება გ. კ-ის ასევე გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თიანეთი, ს. ...ი. საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, აღნიშნული შეტყობინება ჩაიბარა გ. კ-იმა თვითონ 2019 წლის 15 ივლისს, 14:00:10 საათზე. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობიდან გამომდინარე კი, 2019 წლის 7 აგვისტოს, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა #SP190646506/628597 ბრძანება ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“, რომლის თანახმადაც რესპონდენტს - გ. კ-ის დაეკისრა დავალიანების გადახდა 13 621.11 ლარის ოდენობით, აპლიკანტის - სს ,,ს...ს“ მიმართ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2020 წლის 17 ივლისის და 7 ოქტომბრის წერილებზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სამუშაო ადგილი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, მოსარჩელე მხარის განმარტებით კი, გ. კ-ის არ ყავს საკუთარი ავტომობილი (საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2019 წლის 15 ივლისის 14:00 საათისთვის (საფოსტო გზავნილის დასტურის თანახმად, გზავნილის ჩაბარების მომენტისთვის), მოსარჩელის სოფელ ...ში ყოფნისა და მის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარების ფაქტი უტყუარად არ დასტურდება.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია და მიუთითა, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ საფოსტო გზავნილს მართებულად არ მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა, რადგან წარმოდგენილი გზავნილი არ აკმაყოფილებს სანდოობის სტანდარტს და გამორიცხავს მასზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გამაქარწყლებელი საპირწონე მტკიცებულებები და შესაბამისად, ვერ იქნა დადასტურებული გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია და მიუთითა, რომ გ. კ-ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას (რესპონდენტისთვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობას) და ამ დარღვევის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რაც ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევა გამოიხატა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილებასა და მტკიცებულებების არასწორად მოძიება/გამოკვლევა/შეფასებაში. კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, 917 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 71-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით განახორციელა რესპონდენტის ინფორმირება გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება - ფოსტის უკუგზავნილი, რომლის თანახმად, შეტყობინება გ. კ-ის ჩაბარდა პირადად.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრისას, აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაძლეული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარების დასტურით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ ჩაბარების დასტურის მიუხედავად, რესპონდენტს არ ჩაბარებია შეტყობინება, უნდა ამტკიცოს მოწინააღმდეგე მხარემ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია საქმეში არსებული მტკიცებულების საპირწონე ან/და გამაბათილებელი მტკიცებულება, რაც ცალსახად დაადასტურებდა რესპონდენტისთვის შეტყობინების ჩაუბარებლობის ფაქტს. კასატორის განმარტებით, ამ კუთხით სასამართლომ საპროცესო ნორმათა დარღვევით გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები - რესპონდენტისთვის შეტყობინების ჩაუბარებლობისას დაეყრდნო მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ზოგადი შინაარსის წერილებსა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომლითაც უტყუარად არ დასტურდება შეტყობინების ჩაბარების დროისათვის შეტყობინების ჩაბარების ადგილზე ადრესატის ყოფნის შეუძლებლობის ფაქტი. სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს არათუ დააკისრა ხსენებული გარემოების მტკიცების ტვირთი, არამედ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განუსაზღვრა ისეთი ფაქტის მტკიცების ვალდებულება (გ. კ-ის საკუთრებაში ავტომანქანის არარსებობა), რაც სრულიად შემხებლობაში არ არის კასატორის უფლებამოსილებასთან.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გათვალისწინებული მსჯელობა. იმ პირობებშიც კი, თუ სააპელაციო სასამართლოსთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება რესპონდენტისთვის შეტყობინების ჩაბარების თაობაზე შეფასდებოდა არასაკმარისად, სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციისთვის დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან საქმის განხილვის საწყის ეტაპზევე სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა ინკვიზიციურობის პრინციპი, რაც გამოიხატა მის ინერტულობაში მოწინააღმდეგე მხარის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის პირობებში, თავად უზრუნველეყო დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლოს ჩართულობა შეიძლება გამოხატულიყო მინიმუმ ფოსტის კურიერის მოწმედ დაბარებაში ან/და ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებაში.

ამდენად, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაირღვა გამარტივებული წარმოების პროცედურა წარმოების დაწყების თაობაზე რესპონდენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმირებულობასთან დაკავშირებით. კასატორის პოზიციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაცული იქნა მტკიცებულებების წარდგენის სტანდარტი და დაძლეულ იქნა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 აგვისტოს #SP190646506/628597 ბრძანების კანონიერება.

მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 914 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს რესპონდენტის ვალდებულებას შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება, განაცხადოს წერილობითი პროტესტი ან განახორციელოს ამავე ნორმით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტი დამატებით განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის #SP190646506/608106 შეტყობინება ,,გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ“ გ. კ-ის გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: თიანეთი, ს. ...ი. საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, აღნიშნული შეტყობინება ჩაიბარა გ. კ-იმა თვითონ 2019 წლის 15 ივლისს, 14:00:10 საათზე.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2020 წლის 17 ივლისის წერილის თანახმად, 2019 წლის 12 ივლისის 10:00 საათიდან 15 ივლისის 10:00 საათამდე, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მე-5 განყოფილების ინსპექტორი - გ. კ-ი (პ/ნ ...) იმყოფებოდა მორიგე ცვლაში, სამმართველოს დისლოკაციის ადგილზე (გორის მუნიციპალიტეტი). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2020 წლის 7 ოქტომბრის წერილის მიხედვით კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში მომდევნო ცვლისთვის გადაბარების პროცედურა ხორციელდება ცვლაში მყოფი განყოფილების უფროსების მიერ მომდევნო ცვლის განყოფილების უფროსებისთვის. აღნიშნული პროცედურის დასრულებამდე, ცვლაში მყოფი ყველა თანამშრომელი რჩება ადგილზე. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდგომ, ყველა ერთობლივად, განყოფილების უფროსის ხელმძღვანელობით, ბრუნდებიან ბაზაზე, სადაც აბარებენ პირად აღჭურვილობას (ამუნიციას), ასევე ხდება განვლილი მორიგეობის შესახებ სამმართველოს უფროსის ინფორმირება და ინფორმაციის შეჯერება. მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებს თანამშრომელი დისლოკაციის ადგილს. აღნიშნული პროცედურები მოიცავს 2-3 საათს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სამუშაო ადგილი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის 2020 წლის 17 ივლისისა და 7 ოქტომბრის წერილებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, 2019 წლის 15 ივლისის 14:00 საათისთვის (საფოსტო გზავნილის დასტურის თანახმად, გზავნილის ჩაბარების მომენტისთვის), მოსარჩელის თიანეთის რაიონის სოფელ ...ში ყოფნისა და მის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარების ფაქტი უტყუარად არ დასტურდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება.

განსახილველ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს, რომ მის მიერ გაგზავნილი შეტყობინება გ. კ-ის ჩაბარდა პირადად, რაც დასტურდება ფოსტის უკუგზავნილით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელის პირობებში, მხარეთა შორის მტკიცების განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რესპონდენტისთვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარება მისთვის შესაბამის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. კერძოდ, რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს დავალიანება (სრულად ან ნაწილობრივ), წერილობით აღიაროს მოთხოვნა (სრულად ან ნაწილობრივ), წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ ან განაცხადოს წერილობითი პროტესტი. იმ შემთხვევაში კი, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს მითითებული მოქმედებებიდან არცერთ მოქმედებას, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი). ამდენად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების რესპონდენტისთვის ჩაბარების ფაქტი უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რესპონდენტისთვის ამგვარი შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობა არ შეიძლება გახდეს მისი კანონიერი ინტერესის ან/და უფლების არამართლზომიერი შეზღუდვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 23 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 23 მარტის N27859 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე