საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-876(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - (მოსარჩელე) შპს ,,მ...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 19 თებერვალს შპს ,,მ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 5 თებერვლის N9985/2/2020 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის შპს ,,მ...ის“ საჩივრის (რეგისტრირებული 2020 წლის 27 იანვარი, N16247/01) არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 5 თებერვლის N9985/2/2020 გადაწყვეტილება; დაევალა მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს შპს ,,მ...ის“ საჩივრის (რეგისტრირებული 2020 წლის 27 იანვარი, N16247/01) არსებითად განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,მ...ს“ საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 24 დეკემბრის N45561 ბრძანება ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ბრძანებას გაეცნო იმავე დღეს - 2019 წლის 24 დეკემბერს. ამდენად, მითითებული ბრძანების გასაჩივრების ბოლო დღეს წარმოადგენდა - 2020 წლის 13 იანვარი.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,მ...ის“ მიერ საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი იქნა ფოსტის მეშვეობით, კანონით დადგენილ ვადაში - 2020 წლის 13 იანვარს, თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ შპს ,,მ...ის“ საჩივრის წარდგენის თარიღად მიჩნეულ იქნა არა 2020 წლის 13 იანვარი, არამედ 2020 წლის 27 იანვარი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავის სამართლებრივ პოზიციას ამყარებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ეჭვს ბადებდა მოსარჩელის მიერ საჩივრის წარსადგენად გამოყენებული, საფოსტო მომსახურების გამწევი კომპანიის - შპს „...ის“ საქართველოს საფოსტო მომსახურების ბაზარზე ოპერირების რეალურობა და ასევე შპს ,,მ...ის“ მიერ საჩივრის გადაცემიდან (13.01.2020წ.), შპს „...ის“ მიერ საჩივრის ფინანსთა სამინისტროსთვის მიწოდებამდე (27.01.2020წ.) პერიოდის ხანგრძლივობა. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 28.01.2020 წლის N03/8581 წერილით, შპს „...იდან“ მოთხოვნილი იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: ახორციელებდა თუ არა შპს „...ი“ საფოსტო მომსახურებას საქართველოში; ისარგებლა თუ არა შპს „მ...მა“ კომპანიის საფოსტო მომსახურებით 2020 წლის იანვრის თვეში (გამგზავნი შპს „მ...ი“, საჩივარზე დართული ქვითარი Gmail post №...); ამასთან, დადებითი პასუხის შემთხვევაში, შპს „...ს“ ეთხოვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდება გზავნილის საფოსტო მომსახურების გამწევ კომპანიაში ჩაბარების და გზავნილის ადრესატისათვის გადაცემის თარიღების თაობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 28.01.2020 წლის N03/8581 წერილი შპს „...ს“ ჩაბარდა 17.02.2020 წელს, თუმცა საჩივრის განხილვის ეტაპზე შპს „...ისგან“ მოთხოვნილი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ არ მიიჩნია სარწმუნოდ მოსარჩელის მიერ საჩივრის საფოსტო დაწესებულებისთვის 2020 წლის 13 იანვარს ჩაბარების ფაქტი და საჩივრის წარდგენის თარიღად ჩაითვალა მისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ჩაბარების თარიღი - 2020 წლის 27 იანვარი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით, არ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ შპს ,,მ...ის“ მიერ შპს „...ისთვის“ საჩივრის გადაცემის თარიღი არ უნდა იქნეს მიჩნეული საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღად. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შპს ,,...ის“ წესდებაზე/პარტნიორთა შეთანხმებაზე, შპს ,,...ის“ 2021 წლის 17 თებერვლის N03/21 ცნობაზე, საფოსტო კონვერტის ასლზე და დადასტურებულად მიიჩნია შპს ,,მ...ის“ მიერ 2020 წლის 13 იანვრის გზავნილის - ადმინისტრაციული საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, შპს „მ...ის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 5 თებერვლის N9985/2/2020 გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული კანონშესაბამისად. აღნიშნული კი მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს შპს ,,მ...ის“ საჩივრის (რეგისტრირებული 2020 წლის 27 იანვარი, N16247/01) არსებითად განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტზე, 305-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 28.01.2020 წლის N03/8581 წერილი შპს „...ს“ ჩაბარდა 17.02.2020 წელს და საჩივრის განხილვის ეტაპზე შპს „...ისგან“ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მართებულად არ მიიჩნია სარწმუნოდ მოსარჩელის მიერ საჩივრის საფოსტო დაწესებულებისთვის 2020 წლის 13 იანვარს ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის თარიღად მიჩნეული იქნა მისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ჩაბარების თარიღი - 2020 წლის 27 იანვარი. ამდენად, გასაჩივრების ვადის დარღვევით წარმოდგენილი საჩივრის პირობებში, სახეზე იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია შპს ,,...ს“ წესდებაში მითითებული აქვს საფოსტო საქმიანობაც, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, მას მხოლოდ საკურიერო და ტვირთების გადაზიდვის მომსახურება უფიქსირდება, რაც განსხვავდება საფოსტო მომსახურებისგან. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, წესდებაში კონკრეტული საქმიანობის მითითება, არ ნიშნავს იმას, რომ მეწარმე სუბიექტი ფაქტობრივადაც ამ საქმიანობას ახორციელებს, ისევე, როგორც წესდებაში კონკრეტული საქმიანობის მიუთითებლობა არ ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ამ საქმიანობას არ ახორციელებს. სწორედ ამ მიზნით იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია შპს ,,...ისგან“ და მისი წარმოუდგენლობის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ განუხილველად დატოვა მოსარჩელის საჩივარი.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის საფოსტო დაწესებულებისთვის ჩაბარების მტკიცების ტვირთი შპს ,,მ...ს“ ეკისრებოდა, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და შედეგად მიღებული იქნა მცდარი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 5 თებერვლის N9985/2/2020 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც შპს ,,მ...ის“ საჩივარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის შპს ,,მ...ის“ საჩივრის (რეგისტრირებული 2020 წლის 27 იანვარი, N16247/01) არსებითად განხილვის დავალება.
მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ საჩივრის კანონით დადგენილ გასაჩივრების ვადაში საფოსტო დაწესებულებისთვის ჩაბარების ფაქტს. კერძოდ, შპს ,,...ის“ მიერ საფოსტო საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოს თუ არასამეწარმეოს (არაკომერციულს)) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შპს ,,...ის“ წესდებაზე/პარტნიორთა შეთანხმებაზე, რომლითაც დგინდება, რომ საზოგადოების საქმიანობის საგანი არის საფოსტო, საკურიერო, საერთაშორისო გადაზიდვები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,...ის“ 2021 წლის 17 თებერვლის N03/21 ცნობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 13 იანვარს, კომპანიამ გაუწია საფოსტო მომსახურება შპს ,,მ...ს“. კერძოდ, წერილობითი კორესპონდენცია (ქვითრის N...), გაიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. N16. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის ასლით დგინდება, რომ შპს ,,მ...ის“ მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. N16, საფოსტო კორესპონდენცია ნომრით - ..., გაგზავნილია 2020 წლის 13 იანვარს. ამდენად, მითითებული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს ,,...ი“, როგორც სადამფუძნებლო დოკუმენტაციით, ასევე ფაქტობრივადაც ახორციელებდა საფოსტო მომსახურებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელის პირობებში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი. კასატორის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შპს ,,...ს“ მხოლოდ საკურიერო და ტვირთების გადაზიდვის მომსახურება უფიქსირდება, არ ქმნის საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (წესდება/პარტნიორთა შეთანხმება, შპს ,,...ის“ 2021 წლის 17 თებერვლის N03/21 ცნობა, საფოსტო კონვერტის ასლი) დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელ, საპირწონე მტკიცებულებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, პირს ერთმევა შესაძლებლობა არსებითად იდავოს მის მიმართ დარიცხული გადასახადების კანონიერებაზე. აღნიშნული კი წარმოშობს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, რომლის ამოღებასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების გზით. ამდენად, საჩივრის ავტორის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის ფაქტი უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, ადგილი აქვს გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესის ან/და უფლების არამართლზომიერ შეზღუდვას, რაც შპს ,,მ...ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე