Facebook Twitter

№14731-13 26 აპრილი, 2013 წელი

გ-ა ლ., 14731-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ჟ-ას

მსჯავრდებულ _ ლ. გ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ლ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით პირობითი მსჯავრი, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით ლ. გ-ას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 2000 ლარი ჯარიმა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით, ხოლო 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ლ. გ-ას განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 2000 ლარი ჯარიმა და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 9 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 6 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 27 აპრილიდან.

2013 წლის 25 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. გ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ლ. გ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 1 თვითა და 15 დღით პირობითი სასჯელი, 3 წლის, 1 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმის დანიშვნის ნაწილში – დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. გ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი გაავრცელა განაჩენით დადგენილ საბოლოო სასჯელზე, რაც მიაჩნია არასწორად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და საჩივრის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. გ-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება კანონიერია. ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ლევან გაბეჩავასთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრის განსაზღვრა ასევე კანონიერია.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით ლ. გ-ასთვის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ლ. გ-ას უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. შესაბამისად ამ მუხლით უნდა განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 3 თვე, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ პირობით მსჯავრად უნდა განესაზღვროს 2 წელი და 9 თვე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-12, მე-16, მე-17, მე-18, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. გ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. გ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე ჩაეთვალოს მოხდილად.

საბოლოოდ ლ. გ-ას განესაზღვროს პირობითი მსჯავრი 2 წლისა და 9 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე