Facebook Twitter

ას-320-617-05 3 ოქტომბერი 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი სარჩელში: ბინიდან გამოსახლება. შეგებებულ სარჩელში: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება და სადავო ბინის მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. მ-ამ და ნ. ს-მა 2003წ. დეკემბერში სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ლ. ს-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის გამოსახლება კუთვნილი ბინიდან. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ორ ოთახიან ბინას 1993 წელს გაუკეთდა პრივატიზაცია ბებიის ნ. ა-ის სახელზე. პრივაზიტაციის დროს ბინაში ჩაწერილი იყო მათი მამა ა. მ-იც.

ბებია გარდაიცვალა 2001წ. 28 ოქტომბერს, ხოლო მამა ა. მ-ი 2002წ. 18 ოქტომბერს, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად მიიღო მემკვიდრეობა. 2003წ. 1 სექტემბერს მოსარჩელეებზე გაიცა მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და აღნიშნული ბინა მათ საკუთრებაში რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. ლ. ს-ე მათი მამიდაა, რომელმაც მათი ნებართვის გარეშე დაიკავა სადავო ბინა და უარს აცხადებს მისნებაყოფლობით გათავისუფლებაზე.

ლ. ს-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა ე. მ-ისა და ნ. ს-ის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება და სადავო ბინის მემკვიდრედ ცნობა. ლ. ს-ემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ სადავო ბინის პრივატიზაცია გაკეთდა მის მიერ, ბინას ქალაქის საბჭომ რემონტი ჩაუტარა მისი ინიციატივით, წლების მანძილზე ცხოვრობდა დედასთან და უვლიდა მას და აწ გარდაცვლილ ძმას _ ა. მ-ს. მოსარჩელეებმა ნოტარიუსს დაუმალეს სხვა მემკვიდრეების არსებობა და 2003წ. 1 სექტემბერს ფარულად გაიფორმეს მემკვიდრეობა.

სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა მესამე პირმა ვ. ბ-მა და მოითხოვა 2003წ. 1 სექტემბრის სამკვიდრომოწმობის ბათილად ცნობა და მის დასთან _ ლ. ს-ესთან ერთად სადავო ბინის მემკვიდრედ ცნობა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის და ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. ს-ეს აეკრძალა სადავო ბინის სარგებლობის ხელშეშლა; 2003წ. 1 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა შეიცვალა იმგვარად, რომ ქ. თბილისში, ... ¹25-ში გარდაცვლილ ნ. ა-ას სახელზე რიცხული ბინა, რომელიც აღირიცხა მოსარჩელეების: ნ. ს-ასა და ე. მ-ის სახელზე, 1\2 დარჩა ნ. ს-ისა და ე. მ-ის სახელზე, ხოლო ამავე ბინის მეორე ნახევარი თანაბარწილად აღირიცხა ლ. ს-ისა და ვ. ბ-ის სახელზე.

ლ. ს-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ვ. ბ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ე. მ-ამ და ნ. ს-ამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ე.მ-ისა და ნ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ.ს-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... ¹25-ში მდებარე ე.მ-ისა და ნ.ს-ის სახელზე რიცხული ბინიდან.

ლ.ს-ის შეგებებული სარჩელი და ვ.ბ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

მოსარჩელეთა აწ გარდაცვლილი მამა ა. მ-ი თავის აწ გარდაცვლილ დედასთან _ ნ. ა-თან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისში, ... ¹25-ში 20 კვ. მეტრი ფართის კომუნალურ ბინაში. აღნიშნულ ბინას 1993წ. 7 დეკემბერს გაუკეთდა პრივატიზაცია ნ. ა-ის სახელზე და იგი რეგისტრირებულ იქნა ტექინვენტარიზაციის ბიუროში.

დედის გარდაცვალების შემდეგ ამ ბინაში ცხოვრება გააგრძელა მოსარჩელეთა მამამ ა. მ-მა და სამკვიდროს ფაქტიური დაუფლებით მიიღო მემკვიდრეობა სკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგრამ ისე გარდაიცვალა 2002წ. 14 ოქტომბერს, რომ მემკვიდრეობა არ გაუფორმებია. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 1433-ე მუხლი, მიუთითა, რომმიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან და ამის საფუძველზე ჩათვალა, რომ კანონიერად გაიცა სამკვიდრო მოწმობა 2003წ. 1 სექტემბერს. აღნიშნულის საფუძველზე კი ისინი საჯარო რეესტრში აღირიცხნენ მესაკუთრეებად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხე ლ.ს-ის განმარტებით, მისი შეგებებული სარჩელით და მესამე პირის ვ.ბ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით, რომ მათ კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის დედის – ნ.ა-ას დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის მისაღებად, რის გამოც, არასწორად ჩათვალა სასამართლოს გადაწყვეტილება მათი სადავო ბინის ნახევარზე მემკვიდრეებად ცნობისა და ამის შესაბამისად სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ლ. ს-ემ ქმარ-შვილით სადავო ბინა დაიკავა მისი მესაკუთრეების თანხმობის გარეშე. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 170-ე და 172-ემუხლები.

ლ. ს-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ სწორად ვერ განსაზღვრა, ვინ არის სადავო ბინის მამკვიდრებელი, რადგან ა. მ-ს დედის გარდაცვალების შემდეგ, 2001წ. 28 ოქტომბრის შემდეგ წარმოეშვა სადავო ბინაზე საკუთრების უფლება, მაგრამ იგი 2002წ. 14 ოქტომბერს ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო მემკვიდრეობით მიღებული ბინის თავის სახელზე გადაფორმება, ამიტომ სადავო ქონება ა. მ-ის სამკვიდრო ქონებას არ წარმოადგენს, იგი ნ. ა-ის სამკვიდრო ქონებაა. შესაბამისად უსაფუძვლოა ნ. ს-ისა და კ. მ-ის პრეტენზია სადავო ბინაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა სახელზე სამკვიდრო მოწმობა კანონიერად გაიცა. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ლ. ს-ემ და ვ. ბ-მა დაარღვიეს სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა, ხოლო მოსარჩელეებს კი არ გაუშვიათ სამკვიდროს მიღებისვადა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამკვიდროს გახსნა მოხდამისი დედის გარდაცვალების შედეგად, ანუ 2001წ. 28 ოქტომბერს. მოპასუხეებმა კი ნოტარიუსს მიმართეს 2003წ. 12 აპრილს, ანუ ზუსტად წელიწადნახევრის შემდეგ. ამრიგად, მემკვიდრეობის მიღებისათვის დადგენილი 6-თვიანი ვადა დაარღვია არა მარტო კასატორმა, არამედ კ. მ-ამ და ნ. ს-ამ, ამიტომ კასატორის მოსაზრებით მას, მის დასა და ძმიშვილებს მოთხოვნის უფლება სამკვიდრო ქონებაზე თანაბრად უნდა წარმოეშვათ დედის სამკვიდრო ქონებაზე და მოპასუხეთათვის უპირატესობის მინიჭება იმ მოტივით, რომ მათ კანონით დადგენილ ვადებში მიმართეს სანოტარო ორგანოს, უკანონოა.

სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ლ. ს-ე და მისი და ბინას ფაქტობრივად ფლობდნენ მოპასუხეებთან ერთად. წლების განმავლობაში უვლიდნენ როგორც ავადმყოფ დედას, ასევე, ძმას და ზრუნავდნენ ბინაზე.

მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად იქნა გამოყენებული სკ-ის 170-ე მუხლი, რადგან ლ. ს-ე შეიჭრა არა სხვის საკუთარ ბინაში, არამედ გააგრძელა საკუთარი ქონების ფლობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ნ. ა-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა; იგი გარდაიცვალა 2001წ. 27 ოქტომბერს. ამ ბინაში 1984 წლიდან გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ა. მ-ი, ნ. ა-ის შვილი, იგი დედის გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა ამ ბინაში, რომელიც გარდაიცვალა 2002წ. 14 ოქტომბერს. მისი გარდაცვალების შემდეგ შვილებმა – ნ. ს-მა და კ. მ-მა 2003წ. 1 სექტემბერს მიიღეს სამკვიდრო მოწმობა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინაზე და ეს ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა მათ საერთო საკუთრებაში.

დადგენილია, რომ ლ. ს-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა კ. მ-ის და ნოტარიუსი ლ. შ-ის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რადგან არასწორად არის მასში მითითებული, რომ ბინის მესაკუთრე ნ. ა-ს მათი ძმის, ა. მ-ის გარდა სხვა მემეკვიდრე არ დარჩენია;ამით ნ. ა-ის ქალიშვილების – ლ. ს-ის და ვ. ბ-ის მემკვიდრეობის უფლება დაირღვა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ს-ეს დედის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდრო მოწმობის მისაღებად; კასატორს არც შეგებებული სარჩელით მოუთხოვია სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება. სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის სხდომაზე ლ. ს-ემ განმარტა, რომ ძმის გარდაცვალების შემდეგ იგი ცხოვრობდა მოსკოვის გამზირზე, სადავო ბინაში შევიდა 2003წ. 28 აგვისტოს; სამკვიდრო ქონებიდან არაფერი მიუღია. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ს-ეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დამატებითი და დასაბუთებულისაკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

სკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლში კი მითითებულია სამკვიდროს მიღების ვადის თაობაზე, კერძოდ,სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სკ-ის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილით კი გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა; საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ლ. ს-ე დედის დანაშთ ქონებას კანონით დადგენილ ვადაში არ დაუფლებია და სამკვიდრო არ მიუღია, ამიტომ მისი შეგებებული სარჩელი სააპელაციო სასამართლომ კანონიერად არ დააკმაყოფილა.

ვინაიდან სადავო ბინის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან ე. მ-ი და ნ. ს-ი, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლის პირველინაწილი, დააკმაყოფილა მათი ვინდიკაციური სარჩელი ლ. ს-ის თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.