Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1086(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2021 წლის 20 დეკემბერს „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ“ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა: ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის თანასაკუთრებაში არსებულ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე 1710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 545 კვ.მეტრზე, მასზე არსებულ უძრავ ქონებასა და მრავალწლიან ნარგავებზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის მინიჭება, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ...ას მონაკვეთის (F-2) მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ, ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის თანასაკუთრებაში არსებულ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე 1710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 545 კვ.მეტრზე, მასზე არსებულ უძრავ ქონებასა და მრავალწლიან ნარგავებზე; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინებით ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

პალატამ აღნიშნა, რომ ნ.ბ-ე და ა.ჭ-ი სადავოდ ხდიან არა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს, არამედ მიიჩნევენ, რომ ექსპროპრიაციას უნდა დაექვემდებაროს მათი ქონება არა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფარგლებში, არამედ მთლიანად, ვინაიდან მათ საკუთრებაში დარჩენილი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობა შეუძლებელია.

პალატამ მიუთითა, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, დაინტერესებული პირების მიერ დასახელებული პრეტენზიები მათ საკუთრებაში არსებული ქონების მხოლოდ ნაწილის ექსპროპრიაციის შესახებ, დანარჩენი ქონების გაუვარგისების გამო საკუთრების უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, პალატის მითითებით, შესაძლოა სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს არა მოცემული, არამედ მხარეთა მიერ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად წარგენილი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში. მესაკუთრეების მიერ საქმეზე წარმოდგენილი ჯერ შესაგებელი, შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი, მოცემული დავის შინაარსიის გათვალისწინებით, არ შეიძლება განხილულ იქნეს არც შეგებებულ სარჩელად, მით უფრო, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, სადაც შეგებებული სარჩელის შეტანა, ისევე როგორც დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, დაუშვებელია (სსსკ-ის 381-ე მუხლი).

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველსა და მეორე ნაწილებზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელია ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის მიერ დაყენებულ საკითხებზე მსჯელობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის მიერ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ სასამართლოების მითითების პირობებში, დავა ან თავიდანვე უნდა განხილულიყო სამოქალაქო წესით (არაკანონიერი შემადგენლობის მიერ იქნა განხილული), ან თუ დავა ადმინისტრაციული წესით წარიმართა, ამავე სასამართლოს შეეძლო უზრუნველეყო ექსპროპრიაციისთვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებაც. კასატორების მითითებით, მოცემული საქმის დავის საგანს წარმოადგენს ექსპროპრიაციის წინაპირობების კანონიერად შესრულება. კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში გათვალისწინებულია მხოლოდ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო კასატორების - საქართველოს მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებები არასრულად არის გათვალისწინებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება შეეხება კასატორების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე, 545 კვ.მ.-ზე, მასზე არსებულ უძრავ ქონებასა და მრავალწლიან ნარგავებზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას, რაც გამოწვეული იყო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობის გამო, კერძოდ, ავტომაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის (მე-2 მუხ. მე-2 პუნქტ. „ა“ ქვ.პ.). შესაბამისად, უდავოა, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა დაშვებულია კანონით და ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ემსახურება კანონიერ მიზანს. ავტომაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებებს, მათ შორის, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების ნუსხას ადგენს შესაბამისი ორგანო, რომლის მიერ განხორციელებული მოქმედებები წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

დადგენილია, რომ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 01 დეკემბრის №1-1/514 ბრძანების საფუძველზე, დეპარტამენტს მიენიჭა კასატორების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლება. ასევე, განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, აგრეთვე, გაზეთში „...“, ამასთან, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობათ მესაკუთრეებს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ კასატორებმა არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა უწყებას, შედგა შესაბამის ორგანოებს შორის მიმოწერა, გაკეთდა დასკვნები სადავო უძრავი ქონების მდგომარეობის, მშენებლობისგან გამოწვეული ზიანისთვის საკომპენსაციო თანხის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ კასატორები მოითხოვენ მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი უძრავი ნივთის გამოსყიდვას, რისი საჭიროებაც, დეპარტამენტის მოსაზრებით, არ არსებობს, ვინაიდან საკითხის შესწავლით დგინდება საკუთრებაზე უარყოფითი ზეგავლენის მცირე მასშტაბი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ზიანის დადგენის მიზნით დეპარტამენტმა არაერთხელ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოების უარყოფითი ზემოქმედების დასადგენად გამოიყენა ყალაურების დაკვრის სტანდარტული მეთოდი. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2021 წლის 07 ოქტომბრის წერილით კასატორებს ეცნობათ, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მიმდინარე ბურღვითი სამუშაოები ზეგავლენას არ ახდენდნენ სადავო უძრავ ქონებაზე (ტ.2., ს.ფ.97). ამასთან, დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ, შესაბამის კომპანიასთან თანამშრომლობით, ხორციელდებოდა ყოველთვიური მონიტორინგი მტვრისა და ხმაურის მონაცემების თაობაზე, აგრეთვე, არაერთხელ განხორციელდა ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით, ასევე, დეპარტამენტის დაკვეთით, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით, მომზადდა 2021 წლის 5 აპრილის „უძრავი ქონების შეფასების ანგარიში“ (ტ.2, ს.ფ.44-82). ამასთან, კასატორების მიერ დეპარტამენტისთვის არაერთხელ გაცხადებული, სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ხმაურისა და მტვერისაგან შექმნილი დისკომფორტის შემსუბუქების მიზნით, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 2021 წლის 27 აგვისტოს წერილით კასატორებს განემარტათ, რომ მართალია, სამშენებლო კომპანია ახორციელებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გათვალისწინებულ ყველა შემარბილებელ საშუალებას, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, დეპარტამენტის სახელით, კასატორებს შეეთავაზათ სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე დროებით საცხოვრებლის შეცვლა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის ქირით უზრუნველყოფა (ტ.2, ს.ფ.43). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დეპარტამენტმა, მშენებლობისგან გამოწვეული დისკომფორტის გათვალისწინებით, არაერთი საკომპენსაციო ხასიათის შეთავაზება განახორციელა კასატორების მიმართ. ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა მშენებლობისგან მიყენებულ ზიანთან შეფარდებით ზემოაღნიშნული შეთავაზებების (საკომპენსაციო თანხა, საცხოვრებელი სახლის ქირით უზრუნველყოფა) არასაკმარისობა, არ დასტურდება აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 01 დეკემბრის №1-1/514 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული ექსპროპრიაციის უფლების მართლზომიერება მხოლოდ უძრავი ქონების სრულად გამოსყიდვის პირობებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება და მესაკუთრისათვის სათანადო კომპენსაციის ანაზღაურება. კასატორები სადავო ქონების სრულად ექსპროპრიაციის შესახებ მოთხოვნას უკავშირებენ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების წინაპირობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. განსახილველი დავის საგანს შეადგენს უძრავ ნივთზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება 545 კვ.მ. უძრავ ნივთზე და არა დანარჩენი ფართობის ექსპროპრიაცია. კასატორები არ ასაბუთებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების არამართლზომიერებას, ისინი არამართებულად მიიჩნევენ მათ საკუთრებაში არსებული დანარჩენი ფართობის ექსპროპრიაციის უარყოფას, რაც არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს, კერძოდ, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, კასატორთა მიერ დასახელებული პრეტენზიები მათ საკუთრებაში არსებული დანარჩენი ფართობის ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს არა მოცემული, არამედ მხარეთა მიერ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად წარგენილი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში. ამდენად, არ დგინდება კასატორების მოსაზრების საფუძვლიანობა მათი კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებმა თავი ვერ გაართვეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მათთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთს.

ამასთან, კასატორების მითითება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ნორმებზე არარელევანტურია, რადგან კასატორები ვერ ასაბუთებენ მათ მიმართ რომელიმე აღნიშნული ნორმის დარღვევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ბ-ა და ა.ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე