საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-879(2კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ე-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ე-ემ 2020 წლის 09 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 14 ივნისის №35/01191652649 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 დეკემბრის №1915 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება ქ. თბილისში, ...ის ქ. №22ა-ში (ს/კ: №...) სართულებრივი გეგმის შესაბამისად №1 სადარბაზოში, მე-2 სართულზე მდებარე №22, №45-46 ოთახების ა. ე-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 14 ივნისის №35/01191652649 გადაწყვეტილება და მასვე დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 დეკემბრის №1915 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტზე და განმარტა, რომ საკუთრების უფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. საკუთრების უფლება უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლებას, მისი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობების თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
მითითებული „წესი“ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლებამოსილებას შესაბამისი ფართის კანონიერ მოსარგებლეს ანიჭებს. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არიზოლირებული) ფართობით.
პალატამ აღნიშნა, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ იმ პირობებში, როდესაც ტექნიკური აღრიცხვის არქივში სააღრიცხვო მასალა მისამართებით - ქ. თბილისი, ...ის ქ. №29 ან ქ. თბილისი, ...ის ქ. №29ა წარდგენილი არ არის, საბინაო წიგნზე №29ა-ს მითითება წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს და დაუშვებელია აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის, რომ ა. ე-ე რეგისტრირებულია სწორედ ამ მისამართზე და ფაქტობრივად უწყვეტად ფლობს მას. სახეზეა „წესით“ გათვალისწინებული ისეთი დოკუმენტი, რომელიც ა. ე-ეს ანიჭებს ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას. მის არსებობას და კანონიერებას კი სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული საბინაო წიგნის დედანი და როგორც მასზე არსებული მიმართვით ირკვევა, საბინაო წიგნის დედანი, რომელიც სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ...ის უბნის №1 საბინაო კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრიდან, ამასთან, იგი დამოწმებულია თბილისის საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ბეჭდით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გამგეობაში წარდგენილი საბინაო წიგნი წარმოადგენდა საკმარის დოკუმენტს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე მსჯელობისთვის.
პალატის მითითებით, სადავო ოთახების ფლობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ბ. გ-ის, დ. გ-ისა და დ. ტ-ის 2019 წლის პირველი მაისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის საინფორმაციო ბარათი, კომუნალური გადახდის ქვითრები, 2019 წლის 15 მაისის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საპრივატიზებო ოთახების ფართებისა და მათ მიერ მოძიებულ/გამოთხოვილ დოკუმენტებში მითითებულ ფართების ურთიერთშეუსაბამობის საკითხი სწორედაც რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კვლევის საგანს წარმოადგენდა და ეს არ უნდა გამხდარიყო მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემთხვევაში მოპასუხეს შეეძლო დაედგინა, თუ რა ფართი გადაეცა თავის დროზე მოსარჩელეს და რა იყო მიშენებული (მოსარჩელის წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ ა. ე-ის მიერ მოხდა მოშენების საფუძველზე ფართის მომატება). აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ კი, „წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო ემსჯელა ფართების პრივატიზების შესაძლებლობაზე. ამასთან, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინის ფართობის გამოთვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა იმის გათვალისწინებაც, რომ სადავო ფართების გადაცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სს რესპუბლიკაში საცხოვრებელი ფართობის ნორმა დადგენილი იყო ერთ სულზე თორმეტი კვადრატული მეტრის ოდენობით, ხოლო მოსარჩელესთან ერთად მცხოვრებ პირებს ასევე წარმოადგენდნენ: მეუღლე - ზ. ე-ე და შვილები - ე., ა., ე. და თ. ე-ეები. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად კი, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სხვადასხვა ფართის დერეფნის სხვადასხვა მხარეს მდებარეობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ აღნიშნული არ მიიჩნევა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებად, ვინაიდან არ არსებობს შეზღუდვა დერეფნის სხვადასხვა მხარეს ან/და რამდენიმე ოთახისგან შემდგარი სხვადასხვა ფართის გადაცემასთან დაკავშირებით. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში ქირავნობის ხელშეკრულების საგანი, როგორც წესი, არის ცალკე ბინა ან სხვა იზოლირებული საცხოვრებელი სადგომი, რომელიც ერთი ან რამდენიმე ოთახისგან შედგება. ქირავნობის ხელშეკრულების დამოუკიდებელი საგანი ვერ იქნება: საცხოვრებელი სადგომი, თუნდაც იზოლირებული, მაგრამ ამ კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დადგენილ ოდენობაზე ნაკლები, ოთახის ნაწილი ან ოთახი, რომელიც საერთო გასასვლელით უკავშირდება მეორე ოთახს (მომიჯნავე ოთახები), აგრეთვე დამხმარე სათავსები, სამზარეულო, დერეფანი, საკუჭნაო და ა.შ.). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ იმავე სართულზე სხვა პირებზეც არის გაცემული ჯამში 30-35-40 კვ.მ. ფართები და იმ პირობებში, როდესაც სართულებრივ გეგმაზე ამ ოდენობის ფართები ერთად არ ფიქსირდება და ადგილი აქვს ამ ფართების ცალ-ცალკე გადაცემას, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარესაც 2 ან მეტი ოთახი გადაეცემოდა ერთ ბინად. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სართულებრივ გეგმაზე არსებულ მონიშვნებზე (იხ. სართულის გეგმა, ტომი 2, ს.ფ. 284), რომელთა გარკვეულ შემთხვევებზე მონიშნულია ორი ოთახი და მინიჭებული აქვს ერთი ნომერი.
რაც შეეხება ა. ე-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 02 მაისის №01/136441 წერილის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №22ა-ში, ბინა 45-ში რეგისტრირებული იყო 6 პირი, ბინა 46-ში - 4 პირი, ხოლო იმავე სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის №01/162643 წერილის თანახმად, იმავე მისამართზე, ბინა 22-ში რეგისტრირებული იყო 7 პირი (არა ა. ე-ე და მისი ოჯახის წევრები) (ტ.1. ს.ფ. 119-120), სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აღნიშნული პოზიცია, ვინაიდან მითითებულ წერილებში საუბარია ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №22ა-ში მდებარე ბინებზე (და მითითებულნი არიან სწორედ ამავე ბინებში არსებული მაცხოვრებლები) და არა საცხოვრებელ ოთახებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებაც, რომ აღნიშნული ნომრებით (45,46,22) დანომრილი ბინები მდებარეობდა გვერდით სადარბაზოში და აღნიშნულ პირები ცხოვრობენ სწორედ ამ ბინებში, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმაც. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, წერილში მითითებული პირები შემხებლობაში არ იყვნენ სადავო ფართთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული საბინაო წიგნის ამონარიდის ასლი, რომელიც შეიცავს საბინაო წიგნის იდენტურ მონაცემებს, მიჩნეულ უნდა იქნეს პრივატიზებამოთხოვნილი ფართის კანონიერ სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტად. ამასთან, მოპასუხემ კიდევ ერთხელ უნდა ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს (საჭიროების შემთხვევაში მოწმეებს, მეზობლებს), დაადგინოს, რომელი მესაკუთრე კონკრეტულად საცხოვრებელი სახლის რა ფართს ფლობს და რა ადგილას, შენობა-ნაგებობის რომელ ნაწილში მდებარე, რა ოდენობის ფართი გადაეცა ა. ე-ეს თავის დროზე და რა არის მიშენებული ახლა, ამასთან, მოსარჩელისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინის ფართობის გამოთვლის ეტაპზე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის ნორმა ერთ სულზე გადასაცემი ფართის გაანგარიშებით, სართულებრივ გეგმაზე მითითებული ოთახების და ა. ე-ის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზში არსებული ფართების სხვაობის საკითხი უნდა შეაფასდეს „წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორების მითითებით, მხარემ გამგეობაში წარადგინა სანოტარო წესით დამოწმებული საბინაო წიგნის ამონარიდის ასლი, რომელშიც ფიქსირდებოდა ა. ე-ე, თუმცა აღნიშნული დოკუმენტის თავფურცელზე დატანილი და ჩაწერის გრაფაში აღნიშნული ინფორმაცია ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, კერძოდ, საბინაო წიგნის პირველ გვერდზე ფიქსირდებოდა მისამართი „...ის 22ა“, ხოლო ამავე დოკუმენტის ჩაწერის გრაფაში, თბილისის საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ასახული იყო, რომ სახლი მდებარეობდა ...ის რაიონში, ...ის ქუჩა N29ა-ში, რომელიც ეკუთვნოდა ა/კ ... ტრესტს. ამდენად, აღნიშნული საბინაო წიგნის ამონარიდის ასლის თანახმად, ა. ე-ე, ა/კ ...ის ...ე, ორდერით მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა ...ის რაიონში მდებარე, ...ის ქუჩა N22-ში და რაიაღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ ბინა N21-ში ჩაწერილ იქნა 1991 წლის 29 ოქტომბერს. საბინაო წიგნში ...ის ქუჩა N29-ს მითითება, კასატორების მოსაზრებით, არ წარმოადგენს ტექნიკური სახის შეცდომას. ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული საბინაო წიგნის ამონარიდი, არაზუსტი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის არსებობის გამო, ვერ განიხილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მიზნებისათვის, როგორც კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, მის საფუძველზე ვერ განხორციელდება ა. ე-ისათვის პრივატიზებამოთხოვნილი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ხოლო განმცხადებლის მიერ, გარდა სანოტარო წესით დამოწმებული საბინაო წიგნის ამონარიდის ასლისა, რომელშიც ფიქსირდება არა პრივატიზებამოთხოვნილი ფართი, არამედ სხვა ბინის ნომერი, არ ყოფილა წარმოდგენილი პრივატიზებამოთხოვნილი ფართის კანონიერ სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სხვა რაიმე სახის დოკუმენტი (ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან სხვა).
აგრეთვე, კასატორები მიუთითებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ N... კომუნალური გადასახადების ქვითრებზე და აღნიშნავენ, რომ მართალია, აბონენტი ა. ე-ეა, თუმცა ბინის მისამართად მითითებულია არა პრივატიზებამოთხოვნილი ბინის მისამართი, არამედ - ...ის ქ. N22ა, ..., ამ პირობებში კი, აღნიშნული აბონენტის ბინის ნომერია N13 და არ ემთხვევა პრივატიზებამოთხოვნილი ბინის ნომერს.
ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ ა. ე-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ პრივატიზებამოთხოვნილი ბინით კანონიერად სარგებლობას, ამასთან, მეზობლების ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ გათვალისწინებულ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება შენობა-ნაგებობის რომელ ნაწილში მდებარე, რა ოდენობის ფართი გადაეცა ა. ე-ეს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზისა და მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უძრავი ნივთის განკარგვაზე.
კასატორებისთვის ბუნდოვანია სასამართლოების მითითება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა გამოკვლევის შესახებ, თავად სასამართლოს მიერ გარემოებების სამართლებრივი შედეგების დაუდგენლობა. კასატორები თვლიან, რომ აღნიშნული ქმედებით სასამართლომ თავი აარიდა არსებითი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2019 წლის 15 აპრილს ა. ე-ის წარმომადგენელმა ეთერ შუბითიძემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას და დაზუსტების შემდგომ მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №22ა-ში მდებარე I სადარბაზოს მეორე სართულზე არსებული, სართულებრივი გეგმის მიხედვით №22, №45-№46 ოთახების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. განცხადებას თან ერთვოდა სანოტარო წესით დამოწმებული საბინაო წიგნის ამონარიდის ასლი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 14 ივნისის №35/01191652649 (სადავო) გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ე-ის მოთხოვნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №22ა-ში მდებარე I სადარბაზოს მეორე სართულზე არსებული, სართულებრივი გეგმის მიხედვით №22, №45-№46 ოთახების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაჩნდა ა. ე-ის მიერ ზემოაღნიშნული ფართების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო განმცხადებლის მიერ წარდგენილი საბინაო წიგნი შეიცავდა უზუსტობებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ა. ე-ემ. საჩივრის ავტორის მითითებით, საფუძველსაა მოკლებული მტკიცების ტვირთის განმცხადებელზე გადაკისრება, რამეთუ სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას წარმოადგენდა მტკიცებულებების მოპოვება, შესაბამისი მტკიცებულებებით სადავო ქონების იდენტიფიცირება და ამ ქონებაზე კანონიერი მოსარგებლის ინტერესის არსებობის დადგენა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 დეკემბრის №1915 (სადავო) ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა შენობა-ნაგებობის რომელ ნაწილში მდებარე, რა ოდენობის ფართი გადაეცა ა. ე-ეს, ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ფართის ოდენობა დაზუსტებული არ იყო კანონიერი სარგებლობის დამადატურებელ დოკუმენტებში ან/და არ ირკვევოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად განეკარგა უძრავი ნივთი. ამდენად, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 14 ივნისის №35/01191652649 გადაწყვეტილება კანონიერი იყო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. მითითებული „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. „წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს, მათ შორის, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.).
საკასაციო საჩივრები ძირითადად ემყარება იმ გარემოებაზე მითითებას, რომ საქმეში დაცული საბინაო წიგნის პირველ გვერდზე ფიქსირდებოდა მისამართი „...ის 22ა“, ხოლო ამავე დოკუმენტის ჩაწერის გრაფაში, თბილისის საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ასახული იყო, რომ სახლი მდებარეობდა ...ის რაიონში, ...ის ქუჩა N29ა-ში, რომელიც ეკუთვნოდა ა/კ ... ტრესტს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საბინაო წიგნში მისამართების ურთიერთშეუსაბამობასთან დაკავშირებით ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №... წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ქ.თბილისი, ...ის ქ. №22ა-ში მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს. აღნიშნული უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ყოფილ მისამართად სხვა მისამართი წარდგენილი არ არის. ამავე წერილის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში სააღრიცხვო მასალა მისამართებით: ქ.თბილისი, ...ის ქ. №29 ან ქ.თბილისი, ...ის ქ. №29ა წარდგენილი არ არის. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურში ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქ.თბილისი, ...ის ქ. №22ა-ს ცვლილების მინიჭების შესახებ დაცული არ არის. ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის №... წერილით ...ის რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართი - ქ. თბილისი, ...ის ქ. №29ა-ს მითითებით არ მოიძებნა. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, ტექნიკური აღრიცხვის არქივში მისამართების: ...ის ქ.N29 ან/და 29ა-ს არარსებობის, აგრეთვე, მისამართზე - ...ის ქ.N22ა ცვლილების მინიჭების არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საქმეში დაცულ საბინაო წიგნში მისამართების ურთიერთშესაბამისობა წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის საინფორმაციო ბარათზე, რომლითაც დგინდება, რომ ა. ე-ე 1991 წლის 29 ოქტომბრიდან ჩაწერილია მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. №22ა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისგან, ნიშნავდა სახოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს (სუსგ 29.10.2015წ. Nბს-180-177(კ-15), 18.07.2012წ. Nბს-257-254(კ-12)). გასათვალისწინებელია აგრეთვე საქმეში დაცული ბ. გ-ის, დ. გ-ისა და დ. ტ-ის 2019 წლის 01 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ ა. ე-ე და მისი ოჯახის წევრები 1991 წლიდან განცხადების შევსების დღემდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ის ქ. №22ა-ში, პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე, სართულებრივი გეგმის ნუმერაციის მიხედვით, №22; №45-46 ოთახებში.
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 ივნისის №... წერილი, რომლის შესაბამისად დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №22ა-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში ლიტერი „ა“-ს მეორე სართულზე მდებარე ოთახი №22,ოთახი №45 და ოთახი №46 დაფიქსირებულია საცხოვრებელი ფართის გრაფაში.
2019 წლის 15 მაისის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ...ის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ადგილზე დაათვალიერა სადავო უძრავი ნივთი (ოთახები №22, №45 და №46). დათვალიერებას ასევე ესწრებოდნენ: ნ. გ-ი, ლ. ბ-ე, ზ. ე-ე, ლ. ლ-ე. აღნიშნული ოქმის თანახმად, მითითებული ოთახები მდებარეობს მე-2 სართულზე, დერეფნის მარცხენა ბოლოში ერთმანეთის მოპირდაპირედ. დერეფნის მარცხენა მხარეს მდებარე ბინა შედგება ორი ოთახისგან. ოთახები ერთმანეთისგან გამოყოფილია კედლით, რომელშიც მდებარეობს თაღი. ბინის მფლობელი ზ. ე-ის თქმით, ორივე ოთახს შესასვლელი ჰქონდა დერეფნის მხრიდან. ერთ-ერთი ოთახის დერეფნიდან შესასვლელი კარი ამოშენდა და გაკეთდა გასასვლელი ოთახიდან ოთახში. დერეფნის მარჯვენა მხარეს მდებარეობს ბინა, რომელიც ასევე შედგება ორი ოთახისგან. მათ შორის, პირველი ოთახი, ბინის მფლობელის ინფორმაციით, შედგება ძირითადი ნაწილისგან და მიერთებული დერეფნის ნაწილისგან, ხოლო მეორე ოთახი არის მთლიანად მიშენებული. დამსწრეებმა დაადასტურეს, რომ ორივე ბინით წლების განმავლობაში სარგებლობს ა. ე-ის ოჯახი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება შენობა-ნაგებობის რომელ ნაწილში მდებარე, რა ოდენობის ფართი გადაეცა ა. ე-ეს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზისა და მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით უძრავი ნივთის განკარგვაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხის სრულყოფილად შესწავლის შედეგად, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ერთობლივი გამოკვლევის საფუძველზე მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. პრივატიზებამოთხოვნილი ფართების მდებარეობის, მათზე კანონიერი სარგებლობის უფლების დადგენა სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს კვლევის საგანს წარმოადგენს. ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს წარდგენილი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასების შესაძლებლობის თავისუფლება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების გარეშე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის სადავო აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი გარემოება. სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების გარეშე, ამასთანავე, უგულებელყოფილია საკასაციო პალატის დადგენილი პრაქტიკა. საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის დედანზე არსებული მიმართვით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგინდა, რომ საბინაო წიგნის დედანი სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ...ის უბნის №1 საბინაო კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრიდან. ამასთან, იგი დამოწმებულია თბილისის საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ბეჭდით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გამგეობაში წარდგენილი საბინაო წიგნი წარმოადგენდა საკმარის დოკუმენტს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე მსჯელობისთვის. სადავო უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებლად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა რაიმე სახის დოკუმენტაციის წარმოდგენის მოსარჩელისთვის მოთხოვნა საფუძველსაა მოკლებული იმ პირობებში, როდესაც ორგანოსთვის ცნობილი იყო, თუმცა შესაბამისი შეფასების გარეშე დარჩა სს „...ის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 28 მარტის №1654 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ სს „...ის“ არქივში არსებობს 1986 წლის ჩათვლით გაცემული ბინის ორდერები, ხოლო სხვა სახის დოკუმენტური მასალა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არქივში არ მოიძებნა; სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 23 აპრილის №14/46320 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისის, გლდანი-...ის რაიონის საბინაო კომუნალური მომსახურების ,,...ი №1“ და ,,...ი №2“ სერვის ცენტრების დოკუმენტებში, ...ის ქუჩა №22ა მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებზე გაცემული საბინაო წიგნი, საბინაო და ჩაწერის ბარათები (ფორმა №16 და №17) არ არის დაცული; სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 25 აპრილის №14/47436 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ... ტრესტის მიერ გაცემული ბინის მიღების ორდერები თბილისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული.
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №... წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ...ის ქ. №22ა-ში (საკ. კოდი №...) წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე მითითებულ უძრავ ნივთებზე: I სადარბაზოში, მე-2 სართულზე მდებარე ოთახებზე №22, №45-46, როგორც ინდივიდუალურ საკუთრების საგნებზე ან ცალკე უფლების ობიექტებზე, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე საპრივატიზაციო ბინის წილზე უფლების დათმობის შესახებ ა. ე-ის მეუღლისა და შვილების განცხადებები, რომლებითაც აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს თანხმობა ბინის პრივატიზაციის ა. ე-ის სასარგებლოდ განხორციელების შესახებ.
კასატორები მიუთითებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ N... კომუნალური გადასახადების ქვითრებზე და აღნიშნავენ, რომ მართალია, აბონენტი ა. ე-ეა, თუმცა ბინის მისამართად მითითებულია არა სადავოდ ქცეული ფართის მისამართი, არამედ - ...ის ქ. N22ა, ..., ამ პირობებში კი, აღნიშნული აბონენტის ბინის ნომერია N13 და არ ემთხვევა პრივატიზებამოთხოვნილი ბინის ნომერს. საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრების დაშვების საფუძველს არ ქმნის პრივატიზებამოთხოვნილი ოთახების ნომრებისგან განსხვავებული სააბონენტო ნომერის მინიჭება. მოსარჩელის წარმომადგენელი 2019 წლის 15 მაისის განცხადებაში თავადვე ადასტურებს, რომ N22,N45-N46 ოთახების ნომრები არ ემთხვევა სააბონენტო ნომერს, რამეთუ ზემოაღნიშნულ ოთახებს განესაზღვრა მხოლოდ ერთი მრიცხველი, რომელსაც სხვა, ახალი ნომერი მიენიჭა (...). ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულის გამომრიცხავი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამდენად, მართებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2019 წლის 14 ივნისის №35/01191652649 გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა, ამ პირობებში კი, სახეზეა გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 04 დეკემბრის №1915 ბრძანების კანონშეუსაბამობა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე