№ბს-177(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 20 მარტის №05/517 წერილი (მომართვა); ბ) სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ. მ-ას აღუდგება მეორე მექანიკოსის კომპეტენციის დიპლომი და დაშვებულ იქნება უფროსი მექანიკოსის კვალიფიკაციის ასამაღლებელ გამოცდაზე.
სარჩელის თანახმად, მ. მ-ამ, 8-წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1985 წელს, სწავლა განაგრძო ...ში ...ის სპეციალობით. 1987 წელს გაიარა პრაქტიკა მ/ტ „გენერალ მ-ეზე“ (3,5 თვე), 1988 წელს - მ/ტ „ბათუმი“ (3 თვე), ხოლო 1988-1990 წელს მოსარჩელემ გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 2005 წელს მ. მ-ამ სწავლა გააგრძელა ...აში დაუსწრებელ ფაკულტეტზე ...ის სპეციალობით, თუმცა სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში განცხადებით მიმართა ადმინისტრაციას და მოითხოვა გადაეყვანათ გემების ...ის კათედრაზე. ადმინისტრაციამ განცხადება ჩაიბარა და უთხრეს, რომ გაატარებდნენ რეგისტრაციაში. 2009 წელს მ. მ-ამ აიღო დიპლომი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მან მიიღო ...ის ბაკალავრის წოდება. მ. მ-ამ მიმართა საზღვაო ადმინისტრაციას და მოითხოვა მორიგე მექანიკოსის გამოცდაზე დაშვება. მოსარჩელემ გამოცდა ჩააბარა და მიიღო კომპეტენციის სერტიფიკატი. 18-თვიანი სტაჟის დაგროვების შემდეგ მოსარჩელემ კვლავ განცხადებით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რათა დაეშვათ მეორე მექანიკოსის გამოცდაზე. გამოცდის ჩაბარების შედეგად მოსარჩელემ მიიღო მეორე მექანიკოსის სერტიფიკატი. 26-თვიანი სტაჟის დაგროვების შემდეგ, 2015 წლის 25 ივნისს, მ. მ-ამ ისევ მიმართა მოპასუხეს უფროსი მექანიკოსის გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, რაზეც უარი განუცხადეს, იმ საფუძვლით, რომ მის სახელზე შეცდომით იყო გაცემული ...ის დიპლომი და რეალურად მისი სასწავლო დიპლომი არის ...ის სპეციალობის. მ. მ-ამ შეიტანა განცხადება ...ში და ჩაირიცხა ... სასწავლებელში. 2016 წელს საბუთები გადაიტანა ...ში და 2017 წლის 5 აგვისტოს ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა, ხოლო 21 აგვისტოს აიღო ცნობა, რომ მან დაამთავრა ...ის უნივერსიტეტი გემების ...ის განხრით. აღნიშნული ცნობა მ. მ-ამ წარადგინა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში და მიმართა განცხადებით, რომ დაეშვათ მეორე მექანიკოსის გამოცდაზე, რაზეც ისევ მიიღო უარი და მას განუმარტეს, რომ ვინაიდან 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით გაუქმებული იყო მასზე გაცემული მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, მეზღვაურის წიგნაკით სააგენტოს არ ჰქონდა უფლება, მ. მ-ა დაეშვა მეორე მექანიკოსის გამოცდაზე. პროტესტის მიუხედავად, რომ ეს ბრძანება შეეხებოდა მეორე მექანიკოსის და არა მორიგე მექანიკოსის სერტიფიკატის გაუქმებას, სააგენტოს იურისტმა განუცხადა, რომ ბრძანებაში იგულისხმება მორიგე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატიც და მთელი ნამუშევარი – სტაჟი, რაც 2010 წლიდან 2017 წლამდე მუშაობით დააგროვა მ. მ-ამ, არ ჩაეთვალა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კონვენციის თანახმად, მეზღვაურების და ვახტის დგომის შესაბამისი დიპლომის კანდიდატს ევალება, მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში თეორიული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის და სტაჟის წარდგენა, რომელიც ასევე დასტურდება, საზღვაო აკადემიის მიერ გაცემული დიპლომით და გემებზე მუშაობის სტაჟით, რეკომენდაციებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №3-11/18), უდავოდ და ცალსახად დადგინდა, რომ მ. მ-ას გააჩნია მეორე მექანიკოსის (...ი, შეკეთება მომსახურება, ...ი) მუშაობის სტაჟი და კომპეტენციის სერტიფიკატი (6.6 პუნქტის მე-9 აბზაცი). 2019 წლის 25 თებერვალს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით მიმართა მ. მ-ას წარმომადგენელმა და მოითხოვა, რომ გამოეცათ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მ. მ-ას აღუდგებოდა მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერთიფიკატი და ის დაეშვათ უფროსი მექანიკოსის კვალიფიკაციის ასამაღლებელ გამოცდაზე, რაზეც სააგენტოს დირექტორმა 2019 წლის 20 მარტს გამოსცა №05/517 წერილი, რომლითაც უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული წერილი არის უსაფუძვლო, უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგანაც მისი მიღებისას მოპასუხეს არ მოუხდენია საქმის გარემოებათა გამოკვლევა, მათი შეფასება და ურთიერთშეჯერება. სააგენტომ მხედველობაში არ მიიღო და სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მ. მ-ას უკვე გააჩნდა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, გემების ...ის სპეციალობით და მეორე მექანიკოსად მუშაობის სტაჟი, რაც საკმარისი იყო უფროსი მექანიკოსის კვალიფიკაციის ასამაღლებელ გამოცდაზე დასაშვებად.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ას სარჩელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მ. მ-ამ 1988 წელს დაამთავრა ...ი სასწავლებლის სრული კურსი, ...ის სპეციალობით, მიიღო ...ის პროფესია და 30 ივნისს გაცემული №... დიპლომის საფუძველზე მიენიჭა, 1-ლი კლასის ...ის, მე-2 კლასის ...ის კვალიფიკაცია; ბ) მ. მ-ამ 2015 წლის 18 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კომპეტენციის სერტიფიკატის (უფროსი მექანიკოსის) მისაღებად. მ. მ-ას მიერ წარდგენილი იქნა სსიპ ...ის მიერ 2006 წლის 10 ივნისს გაცემული №... დიპლომი, რომლის თანახმად ...ო ფაკულტეტის 2006 წლის 10 ივნისის №26 საოქმო გადაწყვეტილებით, მ. მ-ას მინიჭებული აქვს ...ის კვალიფიკაციით, ...ა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამოწმებულ იქნა სსიპ ...ში, მ. მ-აზე გაცემული აღნიშნული დიპლომის ნამდვილობა, კერძოდ, 2015 წლის 25 ივნისს სააგენტომ №05/1682 წერილით მიმართა ...ას, მ. მ-აზე გაცემული განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით და ...დან 2015 წლის 29 ივნისს მიღებული №01-01/2051 წერილით დადგინდა, რომ მ. მ-ას სახელზე 2006 წელს ...ის მიერ ...ის კვალიფიკაციით, №... დიპლომი არ გაცემულა. აღნიშნულის შემდეგ, სააგენტომ 2015 წლის 20 ივლისს №05/915 წერილით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის, მიაწოდა ინფორმაცია, მ. მ-ას განათლების დიპლომის სავარაუდო ფიქტიურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საქმეზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება; გ) სსიპ ...ის მიერ 2008 წლის 30 ივნისს მ. მ-ას სახელზე გაცემულია №... დიპლომი, რომლის თანახმად ...ო ფაკულტეტის 2008 წლის 30 ივნისის №16 საოქმო გადაწყვეტილებით, მ. მ-ას მინიჭებული აქვს ...ის სპეციალობით, ...ა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; დ) სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მ. ა-ის მიერ 2015 წლის 21 აგვისტოს მიღებული №01/01/45 ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა მ. მ-ას სახელზე 2006 წელს აკადემიის მიერ ...ის კვალიფიკაციით №... დიპლომის ნამდვილობა, გაუქმებული იქნა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მ. მ-აზე 2012 წლის 4 მაისს გაცემული №... მეორე მექანიკოსის (...ი, ...ა, ...ი) კომპეტენციის სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №... და 2013 წლის 30 ივლისს გაცემული მეზღვაურის წიგნაკი № ...; ე) მ. მ-ამ 2016 წლის 5 იანვარს განცხადება შეიტანა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, ...ის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შესახებ. სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, მ. მ-ას მიერ წარდგენილი, საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების დიპლომის საფუძველზე ის დაეშვა გამოცდაზე. აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, 2016 წლის 18 იანვარს მ-ამ მიმართა სააგენტოს განცხადებით, მეზღვაურის წიგნაკის მისაღებად. მ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მასზე გაიცა მეზღვაურის წიგნაკი, ...ის კომპეტენციის სერტიფიკატის საფუძველზე; ვ) მ. მ-ამ განცხადება შეიტანა შპს „...ში“ და ჩაირიცხა უკრაინის ქ. ... სასწავლებელში, საიდანაც 2016 წელს საბუთები გადმოიტანა ...ში, ხოლო 2017 წლის 5 აგვისტოს ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა. შპს „...ის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობის თანახმად, მ. მ-ა სწავლობდა ამ სასწავლო დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „...ის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე და 2017 წლის 21 აგვისტოს საკვალიფიკაციო სხდომის №18/17 ოქმის საფუძველზე მას მიენიჭა საზღვაოსნო მეცნიერების (...ა) ბაკალავრის კვალიფიკაცია; ზ) მ. მ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მ. მ-აზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების და მეზღვაურის წიგნაკის გაუქმების თაობაზე“ 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №3-11/18), მ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თ) შპს „...ის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობა მ. მ-ამ 2019 წლის 25 თებერვალს წარადგინა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში და მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის აღდგენა და უფროსი მექანიკოსის გამოცდაზე დაშვება. სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №05/517 წერილით მ. მ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განმარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მეზღვაურის პროფესიის დასაწყებად, იმისათვის, რომ მეზღვაურს მიენიჭოს ექსპლუატაციის ან მართვის დონის კვალიფიკაცია, აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება, კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული, უნდა გააჩნდეს გემზე ნაოსნობისა და წვრთნის გავლის სტაჟი, შესაბამისი საზღვაო განათლება, ასევე, უნდა ჩააბაროს უფლებამოსილ ორგანოში სათანადო გამოცდა (გასაუბრება).
სასამართლომ მიუთითა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 21-ე მუხლებზე, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ გაეროს 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის III/2 რეგლამენტზე და განმარტა, რომ უფროსი მექანიკოსის სერტიფიცირებისათვის აუცილებელი პირობაა, მეორე მექანიკოსად მუშაობის განსაზღვრული ოდენობის სტაჟის ქონა, რომელიც კანდიდატის მიერ დაგროვებული უნდა იყოს, შესაბამისი საზღვაო განათლების და უკვე არსებული სერტიფიკატით გემზე მუშაობის პირობებში. მ. მ-ას მეორე მექანიკოსად გემზე მუშაობის სტაჟი დაგროვებული ჰქონდა არანამდვილი საზღვაო განათლების დიპლომით გემზე მუშაობის პირობებში და მეორე მექანიკოსის იმ კომპეტენციით, რაც უფლებამოსილი ორგანოს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაუქმებულ იქნა 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანებით. მართალია, სახეზეა მ. მ-ას მეორე მექანიკოსად გემზე ფაქტობრივი მუშაობის სტაჟი, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიცირებისათვის, ამ სტაჟს არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი მდგენელი, რამდენადაც ის დაგროვებულია არასათანადო საზღვაო განათლების და უკანონოდ, გაუქმებულად შეფასებული კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების და მისი გამოყენების პირობებში. გამოცდაზე გასასვლელად ყველა შემთხვევაში სავალდებულოა მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის წარდგენა, რაც მ. მ-ას არ გააჩნია, რამდენადაც სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანებით ის გაუქმებული აქვს.
მოსარჩელემ 2019 წლის 25 თებერვალს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში წარდგენილი განცხადებით გაუქმებული სერტიფიცირების აღდგენა მოითხოვა, თუმცა ამ მოთხოვნაზე სააგენტოს მიერ სწორად ეთქვა უარი, რადგან, კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №3-11/18) კანონიერად იქნა შეფასებული, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანება, რომლითაც კონკრეტული საფუძვლით გაუქმდა მ. მ-აზე გაცემული მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება და მეზღვაურის წიგნაკი, ხოლო მოსარჩელეს ამასთან დაკავშირებით არ გააჩნდა ახალი გარემოება, რაც გაუქმებული სერტიფიცირების აღდგენის საფუძველი გახდებოდა. ის გარემოება, რომ მ. მ-ამ 2019 წლის 25 თებერვალს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარუდგინა ახლად მიღებული საზღვაო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შპს „...ის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობა, რომლის თანახმად, მ. მ-ა სწავლობდა აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „...ის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე და 2017 წლის 21 აგვისტოს საკვალიფიკაციო სხდომის №18/17 ოქმის საფუძველზე მიენიჭა საზღვაოსნო მეცნიერების (...ა) ბაკალავრის კვალიფიკაცია, მეორე მექანიკოსის გაუქმებული სერტიფიკატის აღდგენის ავტომატური საფუძველი ვერ გახდებოდა. ამასთან, ახალი დიპლომი და მიღებული განათლება გავლენას ვერ იქონიებს იმ სტაჟზე, რაც შესაბამისი საზღვაო განათლების არარსებობის პირობებში იქნა დაგროვებული მ. მ-ას მიერ და ვერ გამოდგება ამ მხრივ სტაჟის ლეგიტიმაციისათვის, უფროსი მექანიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიცირების გავლის მიზნით. მ. მ-ას მიერ მეორე მექანიკოსად მუშაობის ფაქტობრივი სტაჟი ვერ დაუკავშირდება, შპს „...ში“ მიღებულ საზღვაო განათლების დოკუმენტს იმ მნიშვნელობით, რომ მისთვის სასურველი კვალიფიკაციის ამაღლების და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების სამართლებრივი საფუძველი შეექმნას.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ას მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით მ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“, „ჟ“, „ს“, „უ“ და „ჰ8“ ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშობა, როდესაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ამ აქტის კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით და ეს წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების მიერ ერთგვარი კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას. მ. მ-ამ 2019 წლის 25 თებერვალს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მეორე მექანიკოსის კომპეტენციის დიპლომის აღდგენა და უფროსი მექანიკოსის გამოცდაზე დაშვება. სააგენტოში მან წარადგინა შპს „...ის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობა, რომლის თანახმად, მ. მ-ა სწავლობდა აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „...ის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე და 2017 წლის 21 აგვისტოს საკვალიფიკაციო სხდომის №18/17 ოქმის საფუძველზე მიენიჭა საზღვაოსნო მეცნიერების (...ა) ბაკალავრის კვალიფიკაცია. სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №05/517 წერილით მ. მ-ამ მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ მას არ გააჩნდა შესაბამისი განათლების დიპლომი, მექანიკოსის კვალიფიკაციით და მის მიერ ნაოსნობის სტაჟის დაგროვება მოხდა იმ კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც მას არ ჰქონია ან მიღებული ჰქონდა წესის დარღვევით. შესაბამისად, არარსებული კვალიფიკაციის საფუძველზე მიღებული ნაოსნობის სტაჟი და მის სახელზე გაცემული ყველა სერტიფიკატი გაუქმებული იყო და ყალბი დოკუმენტის საფუძველზე მიღებული ნაოსნობის სტაჟი სააგენტოს მიერ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. მექანიკოსის კვალიფიკაციით ნაოსნობის სტაჟი მ. მ-ას მიღებული ჰქონდა ყალბი დიპლომის გამოყენებით, რომელიც მასზე არ ყოფილა გაცემული. ზემოაღნიშნული წერილით მ. მ-ას განემარტა, რომ სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანებით გაუქმებულ იქნა მასზე გაცემული მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება, მეზღვაურის წიგნაკი და სააგენტოს არ ჰქონდა უფლება ეცნო კანონდარღვევით მიღებული ნაოსნობის სტაჟი კომპეტენციის სერტიფიკატის აღების სამართლებრივ საფუძვლად და დაეშვა მ. მ-ა უფროსი მექანიკოსის გამოცდაზე.
პალატამ მიუთითა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, ასევე განმარტა, რომ მითითებული კანონის მე-20 და 21-ე მუხლებით დადგენილია 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის (და მეორე მექანიკოსის) სერტიფიკატის გაცემის წესი, რომელიც ყველა შემთხვევაში მოითხოვს მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 (და 24) თვის სტაჟს და შესაბამის საზღვაო განათლებას, ასევე, სათანადო წვრთნის გავლას და STCW-ის კოდექსის A-III/2 ნაწილით დადგენილი კომპეტენციის სტანდარტებთან შესაბამისობას. უფროსი მექანიკოსის სერტიფიცირების სავალდებულო მინიმალური მოთხოვნები განსაზღვრულია მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ გაეროს 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW, რომელსაც საქართველო მიუერთდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 15 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე; ძალაშია 1994 წლის 14 ივლისიდან) III/2 რეგლამენტით, რომლის თანახმად, უფროსი მექანიკოსის სერტიფიცირების მისაღებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მეორე მექანიკოსის დიპლომით (სერტიფიცირების) გემზე მუშაობის მინიმუმ 36 თვის დამტკიცებული სტაჟი, არანაკლებ 12 თვის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობით.
პალატის განმარტებით, უფროსი მექანიკოსის სერტიფიცირებისათვის აუცილებელი პირობაა, მეორე მექანიკოსად მუშაობის განსაზღვრული ოდენობის სტაჟის ქონა, რომელიც კანდიდატის მიერ დაგროვებული უნდა იყოს, შესაბამისი საზღვაო განათლების და უკვე არსებული სერტიფიკატით გემზე მუშაობის პირობებში. დადგენილია, რომ მ. მ-ამ 1988 წელს დაამთავრა ქ. ...ი სასწავლებლის სრული კურსი და 30 ივნისს გაცემული №... დიპლომის საფუძველზე მიენიჭა 1-ლი კლასის ...ის, მე-2 კლასის ...ის კვალიფიკაცია. 2005 წელს მან სწავლა განაგრძო სსიპ ...ში, დაუსწრებელ ფაკულტეტზე და პარალელურად მუშაობდა ზღვაოსნობაში. 2015 წლის 18 ივნისს მ. მ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კომპეტენციის სერტიფიკატის (უფროსი მექანიკოსის) მისაღებად და წარადგინა სსიპ ...ის მიერ 2006 წლის 10 ივნისს გაცემული №... დიპლომი, რომლის თანახმად, ...ო ფაკულტეტის 2006 წლის 10 ივნისის №26 ოქმი გადაწყვეტილებით, მას მინიჭებული აქვს ...ის კვალიფიკაციით, ...ა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. აღნიშნულის შემდეგ, მ. მ-ამ ჩააბარა შესაბამისი გამოცდები და სააგენტოში აიღო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, ხოლო ...ად მუშაობის 18-თვიანი სტაჟის დაგროვების შემდეგ, ისევ მიმართა განცხადებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რომ დაეშვათ მეორე მექანიკოსის გამოცდაზე, რისი დასტურიც მიიღო და გამოცდის ჩაბარების შემდგომ, 2012 წლის 4 მაისს, აიღო მეორე მექანიკოსის (...ი, ...ა, ...ი) კომპეტენციის სერტიფიკატი, სერტიფიკატის დადასტურება და შესაბამისი მეზღვაურის წიგნაკი, შემდეგ კი, ამის საფუძველზე განაგრძო მუშაობა მეორე მექანიკოსის პოზიციაზე და დაუგროვდა გარკვეული ოდენობის სტაჟი.
პალატამ მიუთითა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე და განმარტა, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამოწმდა სსიპ ...აში მ. მ-აზე 2006 წელს გაცემული ...ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი №... დიპლომის ნამდვილობა და სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა დიპლომის ნამდვილობა, გაუქმებულ იქნა მ. მ-აზე 2012 წლის 4 მაისს გაცემული №... მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №... და 2013 წლის 30 ივლისს გაცემული მეზღვაურის წიგნაკი № .... ამდენად, მ. მ-ას მიერ მეორე მექანიკოსად გემზე მუშაობის სტაჟი დაგროვებული ჰქონდა სწორედ არანამდვილი საზღვაო განათლების დიპლომით გემზე მუშაობის პირობებში და მეორე მექანიკოსის იმ კომპეტენციით, რაც უფლებამოსილი ორგანოს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაუქმდა 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანებით. მ. მ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მ. მ-აზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების და მეზღვაურის წიგნაკის გაუქმების თაობაზე 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანების ბათილად ცნობა. სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №3-11/18), მ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანება კანონშესაბამის აქტად იქნა მიჩნეული.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, სახეზეა მ. მ-ას მეორე მექანიკოსად გემზე ფაქტობრივი მუშაობის სტაჟი, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიცირებისათვის, ამ სტაჟს არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი მდგენელი, რამდენადაც ის დაგროვებულია არასათანადო საზღვაო განათლების და უკანონოდ, გაუქმებულად შეფასებული კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების და მისი გამოყენების პირობებში. მოსარჩელემ 2019 წლის 25 თებერვალს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში წარდგენილი თავისი განცხადებით გაუქმებული სერტიფიცირების აღდგენა მოითხოვა, რაზეც სააგენტოს მიერ სწორად ეთქვა უარი, რადგანაც კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.07.2018წ. გადაწყვეტილებით (საქმე №3-11/18), კანონიერად იქნა შეფასებული სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანება, რომლითაც კონკრეტული საფუძვლით გაუქმდა მ. მ-აზე გაცემული მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება და მეზღვაურის წიგნაკი, ხოლო მოსარჩელეს ამასთან დაკავშირებით არ გააჩნდა ახალი გარემოება, რაც გაუქმებული სერტიფიცირების აღდგენის საფუძველი გახდებოდა. ის გარემოება, რომ მ. მ-ამ 2019 წლის 25 თებერვალს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარუდგინა ახლად მიღებული საზღვაო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შპს „...ის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობა, რომლის თანახმად, მ. მ-ა სწავლობდა აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „...ის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე და 2017 წლის 21 აგვისტოს საკვალიფიკაციო სხდომის №18/17 ოქმის საფუძველზე მიენიჭა, საზღვაოსნო მეცნიერების (...ა) ბაკალავრის კვალიფიკაცია, მეორე მექანიკოსის გაუქმებული სერტიფიკატის აღდგენის ავტომატური საფუძველი ვერ გახდებოდა. ამასთან, ახალი დიპლომი და მიღებული განთლება გავლენას ვერ იქონიებს იმ სტაჟზე, რაც შესაბამისი საზღვაო განათლების არარსებობის პირობებში იქნა დაგროვებული მ. მ-ას მიერ და ვერ გამოდგება ამ მხრივ სტაჟის ლეგიტიმაციისათვის, უფროსი მექანიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიცირების გავლის მიზნით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მ. მ-ას მიერ მეორე მექანიკოსად მუშაობის ფაქტობრივი სტაჟი ვერ დაუკავშირდება, შპს „...ში“ მიღებულ საზღვაო განათლების დოკუმენტს იმ მნიშვნელობით, რომ მისთვის სასურველი კვალიფიკაციის ამაღლების და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების სამართლებრივი საფუძველი შეექმნას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ამ.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ სსიპ ...ის მიერ მ. მ-აზე გაცემული დიპლომი ...ის კვალიფიკაციით არის ყალბი, ვინაიდან მოცემული დიპლომის ნამდვილობის შესახებ სსიპ ...ას (ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში), ისევე როგორც საქართველოს განათლების სამინისტროს არანაირი მოკვლევა და ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, მათ შორის, არ დაუდგენია თუ რომელი დიპლომია ყალბი - მ. მ-აზე გაცემული თუ სხვა მეზღვაურზე იგივე სერიითა და ნომრით გაცემული დიპლომი. სსიპ ...ის მიერ გაცემული დიპლომი და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მეზღვაურის წიგნაკი არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც მ. მ-ას გააჩნია კანონიერი ნდობა. სასამართლოს არცერთ ინსტანციას არ გამოუკვლევია ჰქონდა თუ არა მ. მ-ას კანონიერი ნდობა აღნიშნული აქტების მიმართ. ასევე, არც ადმინისტრაციული ორგანოს და არც სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხი. ამასთან საყურადღებოა, რომ შპს „...ის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობის თანახმად, მ. მ-ა სწავლობდა აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „...ის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე და 2017 წლის 21 აგვისტოს საკვალიფიკაციო სხდომის №18/17 ოქმის საფუძველზე მიენიჭა, საზღვაოსნო მეცნიერების (...ა) ბაკალავრის კვალიფიკაცია.
კასატორის მოსაზრებით, 2015 წლის 15 მარტს გაცემული ინდოსამენტი არის თავად სააგენტოს მიერ დასტური პანამის საზღვაო ადმინისტრაციის კითხვაზე, რითაც დაადასტურეს მ. მ-ას ყველა დოკუმენტის ნამდვილობა (მ. მ-ასადმი კუთვნილებისა და კანონიერების ფაქტი). სააგენტომ 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანებით გააუქმა 2012 წლის 4 მაისს გაცემული მეორე მექანიკოსის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თუმცა აღნიშნა, რომ მ. მ-ას სერტიფიკატს ჰქონდა დარჩენილი ვადა 2017 წლის 4 მაისამდე.
კასატორის მითითებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №3-11/18, 6.6 პუნქტის მე-9 აბზაცი) ადგენს, რომ მ. მ-ას გააჩნია მეორე მექანიკოსის (...ი, ...ა ...ი) მუშაობის სტაჟი და კომპეტენციის სერტიფიკატი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ას საკასაციო საჩივარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით მ. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ. მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მ. მ-ამ 1988 წელს დაამთავრა ...ი სასწავლებლის სრული კურსი, მიიღო ...ის პროფესია და 1988 წლის 30 ივნისს გაცემული №... დიპლომის თანახმად, მიენიჭა პირველი კლასის ...ის, მეორე კლასის ...ის კვალიფიკაცია (ტ.1, ს.ფ 15); 2. სსიპ ...ის მიერ 2006 წლის 10 ივნისს გაცემულია №... დიპლომი, რომლის თანახმად, ...ო ფაკულტეტის 2006 წლის 10 ივნისის №26 საოქმო გადაწყვეტილებით მ. მ-ას მინიჭებული აქვს ...ის კვალიფიკაციით, ...ა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ტ.1, ს.ფ 125); 3. სსიპ ...ის მიერ 2008 წლის 30 ივნისს მ. მ-ას სახელზე გაცემულია №... დიპლომი, რომლის თანახმად ...ო ფაკულტეტის 2008 წლის 30 ივნისის №16 საოქმო გადაწყვეტილებით, მ. მ-ას მინიჭებული აქვს ...ის სპეციალობით, ...ა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ტ.1, ს.ფ 16); 4. 2015 წლის 18 ივნისს მ. მ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, კომპეტენციის სერტიფიკატის (უფროსი მექანიკოსის) მისაღებად. მ. მ-ას მიერ წარდგენილი იქნა სსიპ ...ის მიერ 2006 წლის 10 ივნისს გაცემული №... დიპლომი (ტ.1, ს.ფ 137); 5. 2015 წლის 25 ივნისს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ №05/1682 წერილით მიმართა სსიპ ...ის ...ას, მ. მ-აზე გაცემული განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 135); 6. სსიპ ...ის ...ის 2015 წლის 29 ივნისის №01-01/2051 წერილით სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ეცნობა, რომ მ. მ-ას სახელზე 2006 წელს ...ის მიერ ...ის კვალიფიკაციით დიპლომი არ გაცემულა (ტ.1, ს.ფ. 136); 7. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის (გაყალბებისა და სხვა უკანონო ქმედებების თავიდან აცილება) საფუძველზე, 2015 წლის 20 ივლისს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ №05/1915 წერილით მიმართა აჭარის ა.რ მთავარ სამმართველოს და მიაწოდა სსიპ ...ის ...ის 2015 წლის 29 ივნისის №01-01/2051 წერილით მიღებული ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ. 137); 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 3 თებერვლის MIA71800272561 წერილით სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ეცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მ. მ-ას მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მ. მ-ას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა (ტ.1, ს.ფ 161); 9. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა, მ. მ-ას სახელზე 2006 წელს აკადემიის მიერ ...ის კვალიფიკაციით გაცემული №... დიპლომის ნამდვილობა, გაუქმებული იქნა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მ. მ-აზე 2012 წლის 4 მაისს გაცემული მეორე მექანიკოსის კომპეტენციის №... სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება №... და 2013 წლის 30 ივლისს გაცემული მეზღვაურის წიგნაკი № ... (ტ.1, ს.ფ 133-134); 10. შპს „...ის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობის თანახმად, მ. მ-ა სწავლობდა შპს „...ში“ აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „...ის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე და 2017 წლის 21 აგვისტოს საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის №18/17 ოქმის საფუძველზე მიენიჭა საზღვაოსნო მეცნიერებების (...ა) ბაკალავრის კვალიფიკაცია (ტ.1, ს.ფ 20); 11. მ. მ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მ. მ-აზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების და მეზღვაურის წიგნაკის გაუქმების თაობაზე 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №3-11/18), მ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 59-72); 12. მ. მ-ამ 2019 წლის 25 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, მოითხოვა მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის აღდგენა და უფროსი მექანიკოსის გამოცდაზე დაშვება. სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №05/517 წერილით მ. მ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სტაჟის დაგროვება მოხდა იმ კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც მას არ მიუღია. შესაბამისად, მის მიერ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე მიღებული ყველა ნაოსნობის სტაჟი, არ იქნა გათვალისწინებული სააგენტოს მიერ, ვინაიდან ნაოსნობის სტაჟი მექანიკოსის კვალიფიკაციით მიღებული აქვს იმ განათლების დიპლომის შესაბამისად, რომელიც მასზე არ გაცემულა (ტ.1, ს.ფ 73-74, 77-81).
საკასაციო პალატა მიუთითებს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, აგრეთვე საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემებს. კანონი შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს (1-ლი მუხლი 1-ლი და მე-3 პუნქტები).
ზემოაღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეზღვაურის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები − რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნულის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს მეზღვაურთა შემადგენლობას, კერძოდ, (1) ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურთა შემადგენლობა მოიცავს კაპიტანს, ოფიცერსა და რიგითს; (3) ოფიცერი არის გემის ეკიპაჟის წევრი, გარდა კაპიტნისა და რიგითისა, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით ამ კანონის, კონვენციისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად; (4) ოფიცერთა შემადგენლობაში შედიან: ა) კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწე: ა.ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწე; ა.ბ) სავახტო თანაშემწე; ბ) მექანიკოსი: ბ.ა) უფროსი მექანიკოსი; ბ.ბ) მეორე მექანიკოსი; ბ.გ) სავახტო მექანიკოსი; გ) ელექტროტექნიკოსი. (6) უფროსი მექანიკოსი არის სამანქანე განყოფილების რანგით ყველაზე მაღალი ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ამძრავ მექანიზმებზე, მექანიკური მოწყობილობებისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციასა და მომსახურებაზე და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; (7) მეორე მექანიკოსი არის უფროსი მექანიკოსის რანგით მომდევნო სამანქანე განყოფილების ოფიცერი, რომელზედაც გადადის უფროსი მექანიკოსის პასუხისმგებლობა მის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და რომლის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციის III თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპეტენციის სერტიფიკატი არის კაპიტანზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე ამ კანონის დებულებათა შესაბამისად გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, იმსახუროს ამ თანამდებობაზე და შეასრულოს პასუხისმგებლობის ამ დონისათვის გათვალისწინებული ფუნქციები. ამავე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დადასტურების სერტიფიკატი არის სააგენტოს მიერ კონვენციის I/2 რეგლამენტისა და ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად გაცემული და მოქმედი დოკუმენტი, ხოლო ამავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნაოსნობის სტაჟი განიმარტება როგორც კონვენციის I/1 რეგლამენტის 26-ე პუნქტისა და ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გემზე მუშაობის პერიოდი, რომელიც საჭიროა სერტიფიკატის ან სხვა კომპეტენციის მისაღებად ან/და არსებულის განსაახლებლად. ამავე პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი საზღვაო განათლება არის საზღვაო განათლება, რომელიც მოიცავს: მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის მისაღებად – საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ კვალიფიკაციას, ხოლო დამხმარე დონის კომპეტენციის მისაღებად – „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებულ სათანადო კვალიფიკაციას.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ40“ ქვეპუნქტის თანახმად, საზღვაო უმაღლესი განათლება არის უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, სააგენტოს ფუნქციაა კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემა, აღიარება ან/და დადასტურება, ასევე, კომპეტენციის/კვალიფიკაციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის განსაზღვრა, გამოცდების ორგანიზება და ჩატარება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. მ-აზე გაცემული იყო მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანებით, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა, მ. მ-ას სახელზე 2006 წელს აკადემიის მიერ ...ის კვალიფიკაციით გაცემული №... დიპლომის ნამდვილობა, გაუქმებულ იქნა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მ. მ-აზე გაცემული მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება და 2013 წლის 30 ივლისს გაცემული მეზღვაურის წიგნაკი. განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ გარდა შესაბამისი საზღვაო განათლებისა, მოსარჩელე აკმაყოფილებდა მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მიღებისათვის კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს - კომპეტენციის სერტიფიკატის გაუქმებას საფუძვლად დაედო მხოლოდ ...ის კვალიფიკაციით შესაბამისი საზღვაო განათლების არარსებობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. მ-ას სარჩელი, ,,სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მ. მ-აზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის, კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების და მეზღვაურის წიგნაკის გაუქმების თაობაზე“ 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სააგენტო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, თუ პირი აკმაყოფილებს ასაკის, განათლების, ნაოსნობის სტაჟის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წვრთნისა და კომპეტენციის შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მითითებული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, (1) 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები; (2) პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი აკმაყოფილებს სავახტო მექანიკოსისათვის ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და: ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის სტაჟი; ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს სავახტო მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
ზემოაღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 22-ე მუხლის მიხედვით, 1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს ასრულებდა სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის ვალდებულებებს მთავარი მექანიკოსის ან კვალიფიციური მექანიკოსის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში; დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
მითითებული კანონის 62-ე მუხლის თანახმად, (1) სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მისთვის ცნობილი ნებისმიერი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევას, რომელიც ჩადენილია მის მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ. გაყალბების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას გაცემული სერტიფიკატის ჩამორთმევასთან, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას თან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით. (2) სააგენტო ვალდებულია მისთვის ცნობილი გაყალბების ყოველი ფაქტის შესახებ აცნობოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესაბამის სამსახურს და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მიღებული 2019 წლის 20 მარტის №05/517 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რომლითაც მ. მ-ას უარი ეთქვა მექანიკოსის კომპეტენციით მიღებული ნაოსნობის სტაჟების გათვალისწინებასა და უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის მისაღებ გამოცდაზე დაშვებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ სტაჟის დაგროვება მოხდა კვალიფიკაციის შესაბამისად, რომელიც მას არ მიუღია ან მიიღო კანონდარღვევით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხემ ისარგებლა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და ...ისაგან მოითხოვა მ. მ-ას სახელზე ...ის კვალიფიკაციით გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. როგორც მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, სააგენტოს პოზიციას მ. მ-ას სახელზე 2006 წელს ...ის კვალიფიკაციით გაცემული დიპლომის არანამდვილობის შესახებ, საფუძვლად დაედო სსიპ ...ის 2015 წლის 29 ივნისის №01-01/2051 მომართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აკადემიის მიერ 2006 წელს მოსარჩელეზე დიპლომი ...ის კვალიფიკაციით არ გაცემულა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მითითებული ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ათავისუფლებს მის პროცესუალურ მოწინააღმდეგე მხარეს - მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების ვალდებულებისაგან. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს სასარჩელო მოთხოვნა და წარმოადგინოს სარჩელში მითითებული იმ გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სარჩელი (სსკ-ის 102.1 მუხ.). მოცემული კოდექსის 17.1 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აგვისტოს №01/01/45 ბრძანებით, გაუქმებულ იქნა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მ. მ-აზე გაცემული მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება და 2013 წლის 30 ივლისს გაცემული მეზღვაურის წიგნაკი, თუმცა საყურადღებოა, რომ მ. მ-ას სახელზე 2006 წელს აკადემიის მიერ ...ის კვალიფიკაციით გაცემული №... დიპლომი არ გაუქმებულა. ამასთან, საქმის განხილვის ამ ეტაპზე, არც ამ დოკუმენტის სიყალბეა დადგენილი სათანადო წესით.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „...ის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობის თანახმად, მ. მ-ა სწავლობდა შპს „...ში“ აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „...ის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე და 2017 წლის 21 აგვისტოს საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის №18/17 ოქმის საფუძველზე მიენიჭა საზღვაოსნო მეცნიერებების (...ა) ბაკალავრის კვალიფიკაცია.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეულ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული სხდომის ოქმის საფუძველზე გაცემულია თუ არა სათანადო წესით მ. მ-ას სახელზე დიპლომი საზღვაოსნო მეცნიერებების (...ა) ბაკალავრის კვალიფიკაციით და აღნიშნული კვალიფიკაცია იძლევა თუ არა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მ. მ-ას უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის მისაღებად აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ახალი დიპლომი და მიღებული განათლება გავლენას ვერ იქონიებს იმ სტაჟზე, რაც შესაბამისი საზღვაო განათლების არარსებობის პირობებში იქნა დაგროვებული მ. მ-ას მიერ და ვერ გამოდგება ამ მხრივ სტაჟის ლეგიტიმაციისათვის, უფროსი მექანიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიცირების გავლის მიზნით, კერძოდ, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მ. მ-ას სახელზე გაცემული მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, 2012 წლის 4 მაისს გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი დადასტურება და 2013 წლის 30 ივლისს გაცემული მეზღვაურის წიგნაკი კანონით დადგენილი წესით იყო გაცემული უფლებამოსილი ორგანოების მიერ. ასევე დადგენილია, რომ №... დიპლომის სიყალბე ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს სტაჟი დაგროვებული აქვს შესაბამისი საზღვაო განათლების არარსებობის პირობებში. ამავდროულად, შპს „...ის“ 2017 წლის 24 აგვისტოს №05/353 ცნობის თანახმად, მ. მ-ას ამჟამად მინიჭებული აქვს საზღვაოსნო მეცნიერებების (...ა) ბაკალავრის კვალიფიკაცია. ყოველივე აღნიშნული კი ერთობლიობაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ ქმნის იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მ. მ-ას მიერ მეორე მექანიკოსად მუშაობის ფაქტობრივი სტაჟი ვერ დაუკავშირდება, შპს „...ში“ მიღებულ საზღვაო განათლების დოკუმენტს იმ მნიშვნელობით, რომ მისთვის სასურველი კვალიფიკაციის ამაღლების და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების სამართლებრივი საფუძველი შეექმნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე