Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-521(კ-23) 18 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ლ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ლ-მა 2021 წლის 31 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ა. ლ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №1000731255 დასკვნის ბათილად ცნობა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. ლ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით, შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის N1000731255 დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ა. ლ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის N1000731255 დასკვნა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. ლ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. ასევე აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და 2021 წლის 17 მაისის საოქმო განჩინება (საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის თაობაზე).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის N1000731255 დასკვნა, რომლითაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. ლ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს უარყოფითი შეფასება მიეცა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა.

პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, ასევე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე და გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არ გაიზიარა განმარტება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის N1000731255 დასკვნა არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დამოუკიდებლად რაიმე სამართლებრივ შედეგს ა. ლ-ის მიმართ არ წარმოშობს, რამდენადაც აღნიშნული დასკვნით მას პირდაპირი უარი არ ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ა. ლ-ის მიმართ შედგენილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის N1000731255 უარყოფითი დასკვნა არ არის საბოლოო შედეგის მომტანი მოსარჩელისთვის, რამდენადაც, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იგი სავალდებულოდ ეგზავნება პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ამ პირობებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის N1000731255 დასკვნაზე სასამართლო კონტროლის განუხორციელებლობა მხოლოდ პროცედურულ წესზე მითითებით უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლების - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, ვინაიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ყველასათვის უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რაც თავისთავად მოიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასაც. საერთაშორისო სამართლის შესატყვისად სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება აღიარებულია საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლით და ამავე უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის N1000731255 დასკვნა წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომლის კანონიერებაზე კონტროლიც უნდა განახორციელოს სასამართლომ.

პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით, ხოლო მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნატურალიზაციის ერთ-ერთი სახე არის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, ხოლო მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: საქართველოს სახელმწიფო ენა; საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. მე-6 პუნქტი ადგენს, რომ კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით, რომლითაც დადგენილია, აგრეთვე, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე განცხადებისა და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა. ხოლო ამავე დებულების 23-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი არასრულწლოვანია, მისი მშობლები: მამა - ჰ. ლ-ი, დედა - ფ. ჰ-ი საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენენ, არასრულწლოვანმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივად მშობლებთან ყოფნა მიუთითა. სასამართლო სხდომაზე კანონიერმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ოჯახს საქართველოში ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი, აქვს მცირე ბიზნესი - ქ. თბილისში ფლობს მაღაზიას (ახორციელებს ავტომანქანის ზეთების რეალიზაციას), არასრულწლოვანი ირანში სწავლობს, იმის გამო, რომ არასრულწლოვანს საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი არ აქვს, ბავშვმა მშობლები უნდა დატოვოს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია, შესაბამისად, ოჯახი იძულებულია საქართველო დატოვოს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით არ დგინდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.

რაც შეეხება მითითებას, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემულია ბინადრობის ნებართვა და მას არ ერთმევა უფლება იცხოვროს საქართველოში მშობლებთან ერთად, სააპელაციო პალატამ აღნიშნული არგუმენტი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლად არ მიიჩნია. ამასთან, პალატამ მიუთითა ა. ლ-ის კანონიერი წარმომადგენლის (მამამ) მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის შესაბამისად, ოჯახს სჭირდება სტაბილურობა, რომ საქართველოში შეიძინოს ბინა და ოჯახთან ერთად იცხოვროს, ბინადრობის მოწმობის პირობებში კი აღნიშნულს ვერ განახორციელებს.

პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია ბავშვთან მიმართებით, მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღების სავალდებულოობა.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, იმის დამადასტურებლად, რომ არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის N1000731255 დასკვნის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სადავო გახადა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის საოქმო განჩინება, რომელიც შეეხება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა აღნიშნული განჩინების 4.15, 4.16 და 4.17 პუნქტებში ჩამოყალიბებულ განმარტებებზე და აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით მართლზომიერად არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოხმობილ სამართლებრივ რეგულაციებზე და აღნიშნავს, რომ ა. ლ-ს ძირითადი საცხოვრებელი ადგილი აქვს ირანში, სწავლობს ირანში და საქართველოში იმყოფება მხოლოდ იმ დროს, როდესაც სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ირანში. ამასთან, მის მშობლებს არ ჰქონდათ უძრავი ქონება საქართველოში, შესაბამისად, აბსოლუტურად მიზანშეწონილია კომისიის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მეტწილად დაკავშირებულია ირანთან, ვიდრე საქართველოსთან, ხოლო სასამართლოს მხრიდან ვერ იქნა დასახელებული ვერც ერთი ისეთი კერძო ინტერესი, თუნდაც არასრულწლოვნისა, რომელის დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს მის მიმართ უკვე გაცემული და მოქმედი ბინადრობის ნებართვა.

ამასთან, კასატორის მითითებით, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს N1000731255 დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. "საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ" მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა. მიუხედავად სასამართლოს მიერ სააგენტოს დასკვნის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად მიჩნევის ფაქტისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოს დასკვნა მხოლოდ შუალედურ წერილს წარმოადგენს, რომელიც ცალკე აღებული არანაირ სამართლებრივ შედეგს მოსარჩელისთვის არ წარმოშობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ ა. ლ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილების 2020 წლის 7 დეკემბრის №1511/7/22845 ცნობის თანახმად, ა. ლ-ის მშობლები არიან: მამა - ჰ. ლ-ი, დედა - ფ. ჰ-ი.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №1000445754 გადაწყვეტილებით ა. ლ-ს მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №343 ბრძანებულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ. ლ-ს (დაბადებული ... წლის ... ...ს) მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით. დადგენილია ისიც, რომ ა. ლ-ის დედა - ფ. ჰ-ი საქართველოს მოქალაქეა.

2020 წლის 4 დეკემბერს, ირანის მოქალაქემ ა. ლ-მა №1000731255 განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. განმცხადებელმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივად საქართველოში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქობის მქონე მშობლებთან ყოფნა მიუთითა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ 2020 წლის 4 დეკემბრის განცხადებაში, ჰ. ლ-მა და ფ. ჰ-მა თანხმობა განაცხადეს მათი არასრულწლოვანი შვილის - ა. ლ-ისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

2020 წლის 25 ნოემბრის რეკომენდაციაში მ. მ-მა განმარტა, რომ მან ა. ლ-ი გაიცნო ფერეიდანში, ხუთი წლის წინ. იგი ჰ. ლ-ის ოჯახში გარკვეული პერიოდით ცხოვრობდა და ხედავდა, რომ მას მშობლები ქართული ტრადიციებით ზრდიდნენ. 2020 წლის 2 დეკემბრის რეკომენდაციაში ე. ფ-ემ განმარტა, რომ ა. ლ-ი მხიარული ბავშვია, უყვარს საქართველო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №SSG 1 21 00020685 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 7 დეკემბრის №1000731255/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ა. ლ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2020 წლის 11 დეკემბრის MIA 0 20 02881266 წერილის თანახმად, დეპარტამენტში ა. ლ-ის მიმართ გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს.

დადგენილია აგრეთვე, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ 2021 წლის 23 და 26 თებერვლის სხდომებზე განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქე ა. ლ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი.

კომისიამ შეაფასა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, ინფორმაცია და მიიჩნია, რომ ა. ლ-ი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნებს. კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება.

2021 წლის 1 მარტს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - ა. ლ-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი №1000731255 დასკვნა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა.

2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტი დაეთანხმა №1000731255 განცხადებაზე საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე წარდგენილ უარყოფით დასკვნას.

დადგენილია ისიც, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის N1000747689 გადაწყვეტილებით ა. ლ-ის მიეცა საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვა 2021 წლის 04 მაისიდან 2022 წლის 04 მაისამდე, ხოლო სააგენტოს 2022 წლის 24 მარტის N1000784535 გადაწყვეტილებით, ა. ლ-ს გაუგრძელდა საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვა 2033 წლის 04 მაისამდე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას. ამ დროს პრეზიდენტი არ ეწევა ადმინისტრირებას, მმართველობით საქმიანობას, ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას, აქტის გამომცემი სუბიექტი - საქართველოს პრეზიდენტი არ ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს და ფუნქციონალური გაგებით იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება წარმოადგენს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სამართლებრივ საქმიანობას და ამ სახის აქტის მიღება არის პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება, რომელიც ხორციელდება ფართო დისკრეციის პირობებში და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა.

აღნიშნული ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. მე-6 პუნქტი ადგენს, რომ კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით, რომლითაც დადგენილია, აგრეთვე, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა. ხოლო ამავე დებულების 23-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ხოლო მეორე პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე ა. ლ-ის განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებულია სწორედ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი.

საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2021 წლის 26 თებერვლის სხდომის N2294 ოქმის შესაბამისად, კომისიამ მოსარჩელის მიმართ მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნა დააფუძნა შემდეგ გარემოებებს: ა. ლ-ი ირანის ილამური რესპუბლიკის მოქალაქეა, დაიბადა ირანში, ჰყავს საქართველო-ირანის მოქალაქე მშობლები, საშუალო სკოლაში სწავლობს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ხუთი თვის წინ ჩამოვიდა მამასთან საქართველოში, მღერის ქართულ ფოკლორულ გუნდში, მამა ფლობს მაღაზიას ქ. თბილისში, დედა დიასახლისია, ოჯახი საქართველოში საცხოვრებელ სახლს არ ფლობს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოქალაქეობის მოპოვების გამომრიცხავ რომელიმე გარემოებას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარწმუნო მითითებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული პირობები, ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა.

ამასთანავე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 აგვისტოს N SSG 5 23 00189960 წერილის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა. ლ-ის მიმართ სუს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გაგზავნილია დადებითი რეკომენდაციები. ამდენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციითაც ირკვევა, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით არ დგინდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.

რაც შეეხება მითითებას, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემულია ბინადრობის ნებართვა და მას არ ერთმევა უფლება იცხოვროს საქართველოში მშობლებთან ერთად, პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიმართ გაცემული ბინადრობის ნებართვა არ გამორიცხავს მისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობას, ქართული კანონმდებლობა მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის წინაპირობად არ განსაზღვრავს განმცხადებელზე გაცემულ ბინადრობის ნებართვას. ა. ლ-ის მიმართ მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლიანობას მით უფრო ადასტურებს ის გარემოებები, რომ მისი მშობლები საქართველოს მოქალაქეები არიან, ოჯახი ქვეყანაში აწარმოებს ბიზნესს. პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე მართებულად აღნიშნეს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია ბავშვთან მიმართებით, მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღების სავალდებულოობა.

სადავო აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და მიუთითებს აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა/გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის N1000731255 დასკვნა წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, სწორედ ზემოაღნიშნული დასკვნა წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციაზე, რომლის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 7 მარტს №04970 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 7 მარტს №04970 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე