საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-434(2კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სს „...ა“
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. შ-ი
მესამე პირები - გორის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „ვ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 21 ივნისს ნ. შ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 19 მაისის № 564 განკარგულების ბათილად ცნობა და გორში, ...ის მე-4 კვარტლის მიმდებარედ (...ა) საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით მონიშნულ 2 155 მ2 მიწის ნაკვეთზე ნ. შ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნ. შ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 19 მაისის №564 განკარგულება; გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2021 წლის 9 მარტის №... წერილში მითითებულ, გორში, ...ის მე-4 კვარტლის მიმდებარედ (...ა), საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით მონიშნული 2 155 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და სს „...ამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და სს „...ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და სს „...ამ“.
კასატორის - გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ ეს მიწა განკარგულია და აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ელექტროგაყვანილობის ობიექტს. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ა.ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით 1-20 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისთვის დადგენილია ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან 10 მეტრიანი დაცვითი ზონა და აღნიშნა, რომ დადგენილება არ გამორიცხავს დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას.
კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ იმის გამო, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ იქნა მოძიებული ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გეგმა(დისკი), სასამართლომ მიიჩნია, რომ ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გეგმა(დისკი) არ იყო შეთანხმებული გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან და არ ჩათვალა იგი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ელექტროგაყვანილობის ობიექტად და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. გორში, ...ში გორის მუნიციპალიტეტის მერიას სხვა ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის მშენებლობის გეგმა არ შეუთანხმებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მეორე კასატორის - სს „...ას“ განმარტებით, ელექტროგადამცემი ხაზი ელგადამცემი ქსელის სწორედ ის აუცილებელი ობიექტია, რომელიც, საბოლოოდ, უზრუნველყოფს კონკრეტული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას და რომლის გარეშეც ქსელის სხვა შემადგენელი ობიექტები ვერ უზრუნველყოფენ აბონენტთა ელ.მომარაგებას. ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელი არის ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება; საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი წარმოადგენს სწორედ ელექტროგაყვანილობის ობიექტს, რომელიც ღია ცის ქვეშ არის განთავსებული და მისი დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ამასთან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი არის ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების, ტრანსფორმატორებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში არსებული მიწოდების პუნქტების დამაკავშირებელი, არა უმეტეს 110 კილოვოლტიანი ძაბვის საფეხურის საშუალო და დაბალი ძაბვის ხაზებისაგან, რომლებიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისათვის.
კასატორს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არც იმ გარემოებას აქვს არსებითი მნიშვნელობა მოსარჩელე ნ. შ-ი საჰაერო ელ.გადამცემი ხაზის აგებამდე დაეუფლა თუ არა უძრავ ქონებას. ორივე შესაძლო შემთხვევაში, კანონი იმპერატიული ხასიათის ჩანაწერით, გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც მის მიერ თვითნებურად დაკავებულ, ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს კვეთს - სს „...ას“ კუთვნილი, მოქმედი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელ.გადამცემი ხაზი. ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხო და გამართული ექსპლუატაციის მიზნებიდან გამომდინარე კი, კანონმდებლის ნების გათვალისწინებით, კატეგორიულად მიუღებელია ელ. გადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ფართობის განკარგვა და საკუთრების უფლების აღიარება.
კასატორმა ასევე არ გაიზიარა სასამართლოების შეფასება იმის თაობაზე, რომ სს "...ას" კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი არ არის აშენებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. კასატორის განმარტებით, სათანადო დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ შპს ,,ვ..."-მა 2015 წლის 17 მარტს განცხადებით მიმართა სს ,,...ას", სადაც აღნიშნა, რომ ესაჭიროება სიმძლავრის გაზრდა და ითხოვა წინა განაცხადის გაუქმება. ამასთან, სს ,,...ამ" 2015 წლის 31 მარტს განცხადებით მიმართა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც აღნიშნა, რომ მათ ქსელზე მისაერთებელი ახალი აბონენტის შპს "ვ..."-ის კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისათვის სს ,,...ას" განსაზღვრული აქვს ახალი კილოვოლტიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ქალაქ გორში (...ა) და ითხოვა თანხმობა. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 02.04.2015 წლის N762 წერილით შეათანხმა ქ. გორში, ...ში, შპს ,,ვ..."-ის კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგებისათვის საჭირო ხაზის მშენებლობისათვის სს ,,...ას" მიერ წარდგენილი საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გეგმა. პროექტი შესრულდა და შედგა შესაბამისი აქტები (სამუშაოების დასრულების შესახებ 2015 წლის 20 აპრილისა და ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების დათვალიერებისა და კომპანიის ქსელში ჩართვის შესახებ 2015 წლის 17 აპრილის აქტები, აგრეთვე, 20.04.2015 წლის აღრიცხვის კვანძების შემოწმება-მიღების აქტები), რის შემდგომაც ხორციელდებოდა შპს "ვ..."-ის კუთვნილი ობიექტის ელ.მომარაგება.
საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში სასამართლო დაადგენდა, რომ მითითებული ელ.გადამცემი ხაზის მშენებლობა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, ენერგოკომპანიამ შპს „ვ...“- ის განცხადების საფუძველზე, მისი კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისათვის, 2015 წლის მარტში წერილობით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და წარუდგინა პროექტის ტრასა 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტი იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს, შეთანხმებულ იქნა მერიის 02.04.2015 წლის No762 წერილით. ის გარემოება, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ იქნა მოძიებული შეთანხმებული ტრასა, მტკიცების პროცესში არ შეიძლება სს „...ას“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შეფასდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სს „...ას“ საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სს „...ას“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 19 მაისის №564 განკარგულების კანონიერების შემოწმება, რომლითაც ნ. შ-ს უარი ეთქვა ქ. გორში, ...ის მე-4 კვარტლის მიმდებარედ (...ა) 2 155 მ2 მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვდა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. გორში, ...ის მე-4 კვარტლის მიმდებარედ (...ა) 2 155 მ2 მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნ. შ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების დავალებას.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოდასახელებული საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს რა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს, ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებას და მიწის ბაზრის განვითარებას. საყურადღებოა, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. შ-მა 1994 წლიდან უნებართვოდ დაიკავა ქალაქ გორში, ...ში მდებარე 2 155 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც იმავე წელს ააშენა დამხმარე შენობა-ნაგებობა. ამ უძრავ ქონებას, იგი დღემდე უწყვეტად ფლობს. მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ნაკვეთს მიენიჭა ... პირობითი საკადასტრო კოდი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართვით გადაუგზავნა ნ. შ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი მასალები მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.
გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ნ. შ-ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. გასაჩივრებულ განკარგულებაში ნ. შ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მოტივად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ნ. შ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე გადის სს ,,...ას“ კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის განაპირა სადენებიდან მიწის ნაკვეთი ორივე მხარეს დაშორებული არ არის 10 მეტრით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ექცევა გორის მუნიციპალიტეტის სახელზე ... საკადასტრო კოდით (დღეის მდგომარეობით ... საკადასტრო კოდი) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. მიწის ნაკვეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე გადის ელექტროგადამცემი ხაზი და ასევე ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კვეთს მეორე ელექტროგადამცემი ხაზი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები“.
ამდენად, საკანონმდებლო აკრძალვებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აღიარებას არ ექვემდებარება, იმ შემთხვევაში, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, კერძოდ, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის ქსელი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილების, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ სს ,,...ას" კუთვნილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მდებარეობს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე, განთავსებულია თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ვინაიდან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა შესაძლებელია გავრცელდეს მხოლოდ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობის დაცვით არის განთავსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის-ელექტროგაყვანილობის ობიექტები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,...ამ" 2014 წლის 17 აპრილს განცხადებით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სადაც აღნიშნა, რომ მათ ქსელზე მისაერთებელი ახალი აბონენტის - შპს ,,ვ..."-ის კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისათვის ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ... ...ზე, სს ,,...ას" განსაზღვრული აქვს 0,4 კილოვოლტიანი საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზის მშენებლობა და ამასთან, ცხრა ცალი გარე განათების საყრდენის გამოყენება. ამავე განცხადებით მან თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ითხოვა ელექტროგადაცემის ხაზის ტრასის შეთანხმება. განცხადებას თან ერთოდა ხაზოვანი ნაგებობის სიტუაციური ნახაზი, ხაზოვანი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელექტრომატარებელზე გადატანილი ეს მონაცემები (CD დისკი).
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის 1 მაისს შეითანხმა ქალაქ გორში, მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს ,,ვ..."- ის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო ხაზის მშენებლობისათვის სს ,,...ას" მიერ წარდგენილი საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გეგმა. მითითებულ ადმინისტრაციულ წარმოებას თან ერთოდა საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გეგმა, მათ შორის, ელექტრომატარებელზე (CD დისკზე).
შპს ,,ვ..."-მა 2015 წლის 17 მარტს განცხადებით მიმართა სს ,,...ას", სადაც აღნიშნა, რომ ესაჭიროებოდა სიმძლავრის გაზრდა და ითხოვა წინა (№ ...) განაცხადის გაუქმება.
სს ,,...ამ" 2015 წლის 31 მარტს განცხადებით მიმართა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც აღნიშნა, რომ მათ ქსელზე მისაერთებელი ახალი აბონენტის - შპს ,,ვ..."-ის კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისათვის სს ,,...ას" განსაზღვრული აქვს ახალი 10 კილოვოლტიანი საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზის მშენებლობა ქალაქ გორში (...ა) და ითხოვა თანხმობა. განცხადებას რაიმე დოკუმენტი თან არ ერთვოდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის 2 აპრილს შეითანხმა ქალაქ გორში, ...ში, შპს ,,ვ..."-ის კუთვნილი ობიექტის გარე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო ხაზის მშენებლობისათვის სს ,,...ას" მიერ წარდგენილი საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გეგმა.
სს ,,...ასა" და შპს ,,ვ..."-ის მიერ 2015 წლის 17 აპრილსა და 2015 წლის 20 აპრილს შედგა სამუშაოების დასრულებისა და ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების დათვალიერებისა და კომპანიის ქსელში ჩართვის აქტები.
ქალაქ გორში, ...ში მდებარე შპს ,,ვ..."-ის კუთვნილი ობიექტის გარე ელექტრომომარაგებისათვის საჭირო ხაზების მშენებლობის პროექტის შეთანხმების დოკუმენტაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილებაში ვერ მოიძებნა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურში ინახება სს ,,...ას" 2015 წლის 31 მარტის № ... მიმართვა (რომლითაც სს ,,...ამ" ითხოვა შპს ,,ვ...-ისათვის" ძაბვის გაზრდის ხაზის მშენებლობის შეთანხმება) და გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 2 აპრილის № 762 მიმართვა (რომლითაც მერიამ შეითანხმა ქალაქ გორში, ...ში, შპს ,,ვ..."-ის კუთვნილი ობიექტის გარე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო ხაზის მშენებლობისათვის სს ,,...ას" მიერ წარდგენილი საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გეგმა), თუმცა ელექტრონული მატარებელი (CD დისკი) ნანახი ვერ იქნა, რადგან არც ერთ მიმართვაზე თანდართული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ნ. შ-ის ინტერესის სფეროში შემავალი მიწის ნაკვეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2015 წლის 2 აპრილს შეთანხმებული საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გეგმის საფუძველზე აგებულ ხაზს წარმოადგენს. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება კასატორის სს ,,...ას" მოსაზრებას, მტკიცების ტვირთთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული ემტკიცებინა ელექტროგადამცემი ხაზის, რომლის არსებობის საფუძვლითაც უარი ეთქვა ნ. შ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით აგების ფაქტი. საკასაციო პალატის მითითებით, ნ. შ-ისათვის მტკიცების ტვირთის გადაკისრება და იმგვარი მტკიცებულების წარმოდგენის დავალდებულება, რომელიც დაადასტურებდა, 02.04.2015 წლის №762 წერილით სადავო ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შეუთანხმებლობას, საფუძველს მოკლებულია. განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულების შესახებ, რაც დაცულ იქნა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მითითებას იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაცია გამორიცხავს მოთხოვნის „ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებში მოქცევის შესაძლებლობას და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის Nბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება, რაც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწებსაც... ადგილობრივი თვითმმართველობა სრულიად არ არის მოწყვეტილი სახელმწიფოს. ადგილობრივი თვითმმართველობა რთული და კომპლექსური მოვლენაა, ის ადგილობრივი საჯარო ხელისუფლებაა და არა მოსახლეობის თვითორგანიზაციის მარტივი ფორმა... სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემა წარმოადგენს ხელისუფლების ორგანოებს შორის ქონების განაწილებას, სახელმწიფო ხელისუფლების ერთი ორგანიზაციული ნაწილიდან სხვა ნაწილზე გადაცემა ვერ გახდება ქონებაზე საკუთრების აღიარების უფლების გაუქმების საფუძველი“.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 31.03.2022წ. №96496001 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სს „...ას“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება.
3. სს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.03.2022წ. №96496001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე