Facebook Twitter

№ბს-296(3კ-23) 28 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ბ...ს“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების და 2022 წლის 14 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 29 ივნისს შპს „ბ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილებით უნებართვო მშენებლობისთვის შპს ,,ბ...’’ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე დაევალა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. დადგენილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს არ აქვს უფლება ბ... გააჩეროს ...ის ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე ...ის აკვატორიაში, მოსარჩელეს ბორნის გაჩერების უფლება გააჩნია მხოლოდ გამოყოფილი ბაქნის მდებარე მდინარე ...ის შესართავთან. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №12.06.752 დადგენილებით გაცემულია ნებართვა მათ წინამორბედზე ი...ზე, რომლისგანაც, როგორც ბ..., ისე მასთან დაკავშირებული უფლება განეხორციელებინათ ბ...თან დაკავშირებული ყველა უფლება, შეიძინეს 2013 წლის 2 აგვისტოს. მათი სახსრებით მოეწყო პლატფორმა მდებარე, ...ის ...ს მიმდებარე ტერიტორიაზეც ...ის აკვატორიაში, რაც განხორციელდა 1996 წელსვე კანონის სრული დაცვით ქალაქის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების ზედამხედველობის ქვეშ. 1996 წლიდან დღემდე დგას და ფუნქციონირებს ბ..., თუმცა არავის პრეტენზია არ გასჩენია, რადგან სწორედ სს „ი...ის“ სახელზე გაცემული ნებართვით გათვალისწინებული გაჩერების ადგილია. მითითებული სადავო დადგენილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მოპასუხის 2019 წლის 23 იანვრის №31 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 21 მაისს გამოსცა სააღსრულებო ფურცელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვარს მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე და ნაცვლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. ამავე სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები. მოსარჩელემ მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილებისა და შპს „ბ...ს“ წარმომადგენლის ა. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №31 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული 2018 წლის 21 მაისის სააღსრულებო ფურცლის შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით, შპს „ბ...ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მაისის სააღსრულებო ფურცლის შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

4.07.2018წ. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს „ბ...ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ი...ი“ (ს/კ ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ...ს“ სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 23 იანვრის №31 ბრძანება შპს ,,ბ...ს“ წარმომადგენლის ა. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ...ს“ წარმომადგენლის ა. კ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს „ბ...მა“ და სს „ი...მა“.

აპელანტების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტების - შპს „ბ...სა“ და სს “ი...ის“ მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით განისაზღვრა სს "ი...ის" საქმეში მონაწილეობის სტატუსი და აღინიშნა, რომ იგი წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რის შესაბამისად სს "ი...ის" მიჩნეულ იქნა სავალდებულო მოწვევის მესამე პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, შპს „ბ...სა“ და სს ,,ი...ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ბ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას (უფლებამონაცვლე) დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №31 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №12.06.752 დადგენილებით, მიღებულ იქნა ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო ფირმა ,,ი...ის’’ წინადადება და ნება დაერთო თავისივე სახსრებით აეგო მდინარე ...ზე მოძრავი ...ი-რესტორანი კომერციული საქმიანობისთვის. ხოლო მოძრავი ...ის გასაჩერებელი პლატფორმა უნდა მოწყობილიყო ...ის ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ...ის აკვატორიაში, ხოლო თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1996 წლის 18 დეკემბრის №163 §-6 გადაწყვეტილებით გამგეობამ გადაწყვიტა მიეღო საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება, ქ. თბილისის მერიის ფირმა ,,ი...ის’’ დირექციას ნება დაერთო ტივის გასაჩერებლად გამოყოფილი ბაქნის (მდ. ...ის შესართავთან) მოპირკეთებაზე, გასუფთავებაზე, ბალასტით მოსწორებაზე, ბაზალტის ფილების დაგებაზე, ჩასასვლელი კიბის აღდგენასა და ლითონის მოაჯირის მოწყობაზე. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია ისიც, რომ 2013 წლის 2 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ბ...მა’’ იყიდა შპს ,,ი...ის’’ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი - ბ....

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე შპს ,,ბ...ს" წინამორბედის, საქმეში მესამე პირად ჩაბმული პირის - სს ,,ი...ის" დირექტორის ნ. შ-ეის პოზიციაზე, რომელმაც 2019 წლის 3 აპრილს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები აწარმოვა სს „ი...მა" და ზუსტად ისეთი სახით მიჰყიდა შპს „ბ...ს", როგორი სახითაც დღეს არსებობს, ამ უკანასკნელს კი დამატებით არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია.

დადგენილია, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილებით შპს „ბ..." დაჯარიმდა 10 000 ლარით ქალაქ თბილისში, ...ის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ...ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობისათვის.

სააპელაციო სასამართლომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოვა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, რომ შპს "ბ..." და სს "ი...ი" 1996 წელს გაცემულ ნებართვებსა და ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მითითებით ასაბუთებენ სადავო ობიექტის განთავსების ფაქტს საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლამდე პერიოდში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცების უარყოფისა და სათანადო მტკიცებითი მასალის წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, როდის ჰქონდა ადგილი უნებართვო მშენებლობის განხორციელებას; ვერ იქნა მითითებული სანდო და სარწმუნო მტკიცებულებებზე, რომელიც გააქარწყლებდა შპს „ბ...სა“ და სს „ი...ის“ მითითებებს შენობა-ნაგებობის განთავსების დროსთან დაკავშირებით; ასევე არ იყო დასაბუთებული და გამოკვეთილი, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ რა ნაწილშია უნებართვოდ მიჩნეული სადავო ობიექტი - არ დგინდება სადავო აქტი ეხება მხოლოდ წყალზე განთავსებულ ბ...ს, თუ ეხება ბ...ს გასაჩერებელ ბაქანს; არ დგინდებოდა მშენებლობის განხორციელების დრო თითოეულ მათგანთან მიმართებით; შესაბამისად, საკმარისი სიცხადით არ დგინდებოდა რისი დემონტაჟი დაევალა მხარეს და რა საკანონმდებლო საფუძველზე დაყრდნობით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე ადასტურებდა სადავო ქონების წინამორბედი მფლობელის მიერ ნებართვის სათანადო წესით მოპოვების ფაქტს, ასევე შენობა-ნაგებობის გასხვისების ფაქტს ადასტურებდა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მხარეთა ახსნა-განმარტებები, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სს “ი...ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სს „ი...ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი ლარის) გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 10.2 მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ბ...მა“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა - შპს „ბ...მა“ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ სამშენებლო საქმიანობის სფეროში განხორციელებული სამართალდარღვევები მართალია რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, თუმცა თავისი არსით, იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამდენად, მოცემული სამართალურთიერთობის მიმართ შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი დებულებანი. კასატორი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარი მტკიცებულებით ვერ დგინდება სადავო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ზუსტი დრო, აღნიშნულის კანონიერების შეფასება უნდა მოხდეს სამართალდარღვევის გამოვლენის დროს მოქმედი კანონმდებლობით.

კასატორი მიუთითებს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, „უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ". სააპელაციო პალატამ დადგენა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია შპს „ი...ის“ მიერ, ძალადაკარგული სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე (№12.06.752 დადგენილება), ანუ უნებართვოდ, რადგან მხარეს არ მიუმართავს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ პირდაპირ თუ ირიბად დადგინა, რომ ადგილი აქვს უნებართვო მშენებლობას. სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა საქმეში იმგვარი მტკიცებულების არარსებობა, რომელიც დაადგენდა №12.06.752 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების იდენტურობას არსებულ სამუშაოებთან მიმართებაში, მსგავს შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მესაკუთრეს.

კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №567 დადგენილების პირველი მუხლით ცვლილება შევიდა №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „დროებითი შენობა და ნაგებობა ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა)". აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, ანუ 2017 წლის 28 დეკემბერს, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2018 წლის 12 იანვარს, №... მითითების შედგენით. ამდენად, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის დროს მოქმედი რედაქციის, №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი შენობა-ნაგებობის დეფინიცია პირდაპირ განიხილავდა წყლის ზედაპირზე მოწყობილ ობიექტებს დროებით შენობა-ნაგებობად და შესაბამისად, მდინარე ...ზე სამართალდარღვევის ობიექტის მოწყობა საჭიროებდა ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული სამშენებლო დოკუმენტაციის მოპოვებას.

კასატორი მიუთითებს, რომ ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის 65-ე პუნქტით განმარტებულია საზოგადოებრივი ტერიტორიის ცნება, ხოლო მე-17 მუხლი არეგულირებს საზოგადოებრივ ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების წესსა და ვადას. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმების ტელეოლოგიური, სისტემური განმარტების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების მე-17 მუხლი ითვალისწინებს დროებითი შენობა-ნაგებობის წყლის ზედაპირზე განთავსების შესაძლებლობასაც. კასატორი „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის მე-14, 44.1, 25.9 მუხლებზე მითითებით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინპექცია აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობისაა სადავო შენობა-ნაგებობისა და მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის (წყლის ქვეშ განთავსებული მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა) სამართლებრივი მდგომარეობა. კასატორი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ზემოაღნიშნული, მას შეეძლო კიდეც გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე მსჯელობაც. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, რადგან გადაწყვეტილების 4.3 და 4.4 პარაგრაფებში სააპელაციო პალატამ მიუთითა ისეთ გარემოებათა გამოკვლევაზე (უკუქცევითი ძალის და განთავსების სავარაუდო დროის კანონმდებლობის მიხედვით ფაქტის შეფასებაზე), რომლის გამოკვლევა ფაქტობრივ გარემოებათა რიგს არ განეკუთვნება. სააპელაციო სასამართლოს ასკ-ს მე-4 და მე-19 მუხლებით უნდა დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნური გაჭიანურების საფუძველი, რაც გამოიხატა მოსარჩელის მოთხოვნის ფორმალურ დაკმაყოფილებაში. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა სამართლებრივი საკითხი. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ დავასთან მიმართებაში ასკ-ს 32.4 საფუძველზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.05.2018წ. №0032278 დადგენილების ბათილად ცნობა უკანონოა.

კასატორის - შპს „ბ...ს“ მითითებით, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შპს „ბ...ს“ უარი უთხრა რეგისტრაციაზე, ვინაიდან სააგენტო არ ახორციელებს შიდა წყლებში არსებული ტრანსპორტის რეგისტრაციას. აღნიშნული წერილის თანახმად, საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გემი მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის არაწყალწყვის გემსა და ჰიდროთვითმფრინავს, წყალზედა მოტივტივე პლატფორმასა და ინსტალაციას, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოდექსის მიზნებისათვის გემი არის წყალზედა მოტივტივე პლატფორმა და ინსტალაცია. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ტივი შეფასებულ იქნა მცურავ სატრანსპორტო საშუალებად რეგისტრაციის ნომრის გარეშე. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტანტაციის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ტივი თავისი ძრავის მეშვეობით გადაადგილდება წყლის ზედაპირზე, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენს მცურავ სატრანსპორტო საშუალებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული უწყებების პოზიციებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ტივი წარმოადგენს მცურავ საშუალებას თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მისი ექსპლუატაცია ხდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მდებარე შიდა წყლებში მისი რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო მოთხოვნების სცდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შსს მომსახურების სააგენტოს რეგულირების სფეროს.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სახეზეა მოძრავი ...ი და მისი გასაჩერებელი პლატფორმა. კასატორისთვის გაუგებარია, თუ სადავო ქონება არის შენობა-ნაგებობა, რომელიც უძრავადაა დაკავშირებული ხმელეთთან, რატომ აქვს გასაჩერებელი პლატფორმა. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს საპელაციო პალატის მსჯელობა მასზედ, რომ სახეზეა შენობა-ნაგებობა. კასატორისთვის გაუგებარია რომელ სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით ჩათვალა სასამართლომ წყალზე მყოფი ობიექტი შენობა-ნაგებობად. კასატორი მიიჩნევს, რომ საკითხის ხელახლა განსახილველად ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება მხარის უფლებების შემლახველია, ვინაიდან ეზღუდება დროული მართლმსაჯულების უფლება. კასატორმა ასევე იშუამდგომლა განსახილველი საქმისთვის მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით.

კასატორმა შპს „ბ...მა“ 2.05.2023 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ელექტრონულად წარმოადგინა შუამდგომლობა/განცხადება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიმართეს სასამართლოს აღიარებითი სარჩელით, კერძოდ ტივზე, როგორც სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების არსებობის დადგენის შესახებ. კასატორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ბ...ს“ საკასაციო საჩივარი; შპს "ბ...ს" შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ამავე განჩინებით დადგინდა, რომ შპს "ბ...ს" შუამდგომლობა საქმის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილიყო საქმის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ...ს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №31 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს „ბ...ს“ მიმართ 2018 წლის 12 იანვარს შედგენილ იქნა მითითება №..., რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ...ზე, მოწყობილია დროებითი შენობა-ნაგებობა. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, შპს „ბ...ს“ დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან/და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 დღის ვადა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 29 იანვარს შეადგინა შემოწმების აქტი №..., რომელშიც დაფიქსირებულია შპს „ბ...ს“ მიერ 2018 წლის 12 იანვრის №... მითითების შეუსრულებლობის ფაქტი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისს მიღებული №... დადგენილებით, შპს „ბ...“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ...ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით შპს „ბ...ს“ დაევალა მისი დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 მაისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, შპს ,,ბ...ს“ დაევალა ქ. თბილისში, ...ის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ...ზე, უნებართვოდ მოწყობილი დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

ზემოაღნიშნული დადგენილება და სააღსრულებო ფურცელი შპს „ბ...მა“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №31 ბრძანებით შპს „ბ...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №12.06.752 დადგენილებით, მიღებული იქნა ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო ფირმა „ი...ის“ წინადადება და ნება დაერთო თავისივე სახსრებით აეგო მდინარე ...ზე მოძრავი ...ი-რესტორანი კომერციული საქმიანობისთვის. ხოლო მოძრავი ...ის გასაჩერებელი პლატფორმა უნდა მოწყობილიყო ...ის ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ...ის აკვატორიაში.

თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1996 წლის 18 დეკემბრის №163 §-6 გადაწყვეტილებით გამგეობამ გადაწყვიტა მიეღო საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება, ქ. თბილისის მერიის ფირმა ,,ი...ის“ დირექციას ნება დაერთო ტივის გასაჩერებლად გამოყოფილი ბაქანის (მდ. ...ის შესართავთან) მოპირკეთებაზე, გასუფთავებაზე, ბალასტით მოსწორებაზე, ბაზალტის ფილების დაგებაზე, ჩასასვლელი კიბის აღდგენასა და ლითონის მოაჯირის მოწყობაზე.

დადგენილია, რომ 2013 წლის 2 აგვისტოს, შპს ,,ი...მა“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ბ...ს“ (მყიდველი) საკუთრებაში გადასცა მოძრავი ნივთი - ბ....

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის დაჯარიმების განმაპირობებელი გახდა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, დროებითი შენობა-ნაგებობის მოწყობის ფაქტი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №12.06.752 დადგენილებით გაცემული შესაბამისი ნებართვა მოიცავდა მოცემული ობიექტის მშენებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ ან/და მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე განიხილება უნებართვო მშენებლობად. ამავე დადგენილების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. 1 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი (დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. იმავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, ახალ მშენებლობაზე გაიცემა მშენებლობის ნებართვა.

რაც შეეხება დროებითი შენობა-ნაგებობის დეფინიციას, ზემოხსენებული №57-ე დადგენილების 2017 წლის 27 დეკემბრის ცვლილებამდე არსებული დანაწესით დროებითი შენობა და ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსოები. დადგენილებაში შესული 2017 წლის 27 დეკემბრის №567 ცვლილებით განისაზღვრა, რომ დროებითი შენობა და ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა).

ზემოაღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 65-ე პუნქტი კი წყლის ზედაპირსა და სანაპირო ზოლს საზოგადოებრივ ტერიტორიად/სივრცედ განიხილავს. ამასთან, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ წყლის სახელმწიფო ფონდის მიწით სარგებლობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მიწის კანონმდებლობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, დასახელებულ ნორმათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დროებით შენობა-ნაგებობას განეკუთვნებოდა ისეთი ობიექტიც, რომელიც განთავსებული იყო წყალზე და დაკავშირებული იყო წყლის სახელმწიფო ფონდის მიწასთან და მისი მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი შენობა-ნაგებობის დეფინიცია პირდაპირ განიხილავდა წყლის ზედაპირზე მოწყობილ ობიექტებს დროებით შენობა ნაგებობად და შესაბამისად, მდინარე ...ზე სამართალდარღვევის ობიექტის მოწყობა საჭიროებდა ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული სამშენებლო დოკუმენტაციის მოპოვებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2017 წლის 28 დეკემბრიდან დროებითი შენობა-ნაგებობის ცნებამ მოიცვა წყალზე განთავსებული ობიექტები, წყალთან დაკავშირებული ობიექტებიც დაექვემდებარნენ დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსებასთან მიმართებით მოქმედ ზოგად წესებს; წესის თანახმად ასეთი ნაგებობის განთავსებით დაინტერესებულ პირებს ევალებათ მოიპოვონ სათანადო სანებართვო მოწმობა, ხოლო სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, ვალდებულნი ხდებიან განაახლონ იგი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს ექცევა თუ არა შპს "ბ...ს" საკუთრებაში არსებული ობიექტი მოქმედი რეგულაციის ადრესატთა წრეში, რა დროიდან და რა მოცულობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას,გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის (ტექნიკური საფრთხის კონტროლი) მოქმედება იმ შემთხვევაში ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია-მშენებლობის მწარმოებელი პირი. ამდენად, მოცემული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე ადმინისტრაციული სახდელის პირველ რიგში დაედება მშენებლობის მწარმოებელ პირს, ხოლო თუ მისი ვინაობა დაუდგენელია მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლოში საქმის განხილვისას სს ,,ი...ის“ დირექტორის ნ. შ-ეის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, სამშენებლო სამუშაოები აწარმოა სს „ი...მა“ და ზუსტად ისეთი სახით მიჰყიდა შპს „ბ...ს“, როგორი სახითაც დღეს არსებობს, ამ უკანასკნელს კი დამატებით არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე- 2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე მიიღო სადავო აქტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ ფართო უფლებამოსილებას, კერძოდ გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლო დასვნას მასზედ, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა ობიექტის განთავსების დროის დადგენა, რამეთუ აღნიშნულის მიხედვით უნდა გადაწყდეს მოცემულ დავაზე გამოსაყენებელი საკანონმდებლო ნორმა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სს "ი...ს" ერთის მხრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №12.06.752 დადგენილებით, მდინარე ...ზე მიეცა დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების უფლება, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 1996 წლის 18 დეკემბრის №163 §-6 გადაწყვეტილება შეეხება ბაქნის მოწყობას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები რაიმე ვადით შემოსაზღვრულ უფლებაზე არ მიუთითებენ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო და სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა უნებართვო მშენებლობის განხორციელების ზუსტ დროზე; ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ გამორიცხეს „ბ...სა“ და სს „ი...ის“ მითითებები შენობა-ნაგებობის განთავსების დროსთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი არ არის დასაბუთებული, ვინაიდან ცალსახად არ დგინდება იგი ეხება წყალზე განთავსებულ ბ...ს თუ ბ...ს გასაჩერებელ ბაქანს. საკასაციო სამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტიდან ასევე არ დგინდება მშენებლობის განხორციელების დრო თითოეულ მათგანთან მიმართებით; შესაბამისად, საკმარისი სიცხადით არ დგინდება რისი დემონტაჟი დაევალა მხარეს და რომელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე დაყრდნობით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე ადასტურებს სადავო ქონების წინამორბედი მფლობელის მიერ ნებართვის სათანადო წესით მოპოვების ფაქტს, ასევე შენობა-ნაგებობის გასხვისების ფაქტს ადასტურებს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მხარეთა ახსნა-განმარტებები, ადმინისტრაციული ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც ქმნიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მაისის №... დადგენილების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაში პროცესუალური მოქმედებების დროებითი შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსაგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის - შპს "ბ...ს" მოთხოვნას წარმოადგენდა საქმის წარმოების შეჩერება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად. ზემოხსენებული მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. კასატორი - შპს "ბ..." დაყენებულ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, კერძოდ თავდაპირველად მოითხოვა ტივის (ბ...) როგორც სამდინარო, წყლის ზედაპირზე მცურავ სატრანსპორტო საშუალებად აღიარება. მოსარჩელემ 27.03.2023წ. დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ტივზე, როგორც სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების არსებობის დადგენა.

საკასაციო პალატა აღნიშნას რა, რომ მოცემული დავა შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის გამო ობიექტის დაჯარიმების საკითხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილია სს "ი...ის" მიერ შპს "ბ...ს" საკუთრებაში მდინარე ...ზე მდებარე დაჯარიმებული ობიექტის გადასვლა. ამდენად, ზემოაღნიშნულ ობიექტზე საკუთრების უფლების აღიარება, არ ქმნის სადავო მშენებლობის კანონიერად მიჩნევის საფუძველს, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე მიმდინარე დავის შედეგი გავლენას არ ახდენს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული დავის შედეგი გავლენას ვერ მოახდენს განსახილველ საქმეზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ საქმეში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-მუხლის "დ" ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. ამდენად, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლებზე დაყრდნობით მართებულად მიიჩნევს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად სს "ი...ის" სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 150 ლარის დაკისრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს "ბ...ს" საკასაციო საჩივარზე ს. ბ-ის 09.03.2023წ. გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. ბ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.შპს "ბ...ს", ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს "ბ...ს" შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება;

4.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება;

5.ს. ბ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს "ბ...ს" საკასაციო საჩივარზე 09.03.2023წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა