Facebook Twitter

№14831-13 26 აპრილი, 2013 წელი

რ-ე რ., 14831-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ლ. ს-ის

პროკურორ - მ. ბ-ის

მსჯავრდებულ - რ. რ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. რ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იმერეთის პრობაციის ბიუროდან შემოსული, მსჯავრდებულ რ. რ-ის პირადი საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განაჩენით რ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით, 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა და „ბ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით; სსკ–ის 262–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. რ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 26 წლის ვადით; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 5 დეკემბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განაჩენით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განაჩენში: რ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით; სსკ–ის 262–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 30 000 ლარი.

სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ რ. რ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღასრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი, სსკ–ის 63-64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; მასვე დაეკისრა ჯარიმა – 30 000 ლარი.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მსჯავრდებული რ. რ-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2012 წლის 4 დეკემბერს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ რ. რ-ის პირადი საქმე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. რ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული რ. რ-ე გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 262–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთისა და გამოსაცდელი ვადისაგან და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 1 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. რ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, რომლის საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება; ამავე კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

თ. თოდრია