№14851-13 26 აპრილი, 2013 წელი
ზ-ი ნ., 14851-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ზ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ნ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 13000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 ივლისიდან.
2013 წლის 14 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიურომ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ზ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინების გაუქმებას, დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით და, ამავდროულად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისას, იგი ნასამართლობის არმქონე იყო. შესაბამისად, მსჯავრდებული ნ. ზ-ი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელისგან (გარდა ჯარიმისა).
რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე. ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები პირს აღუდგება „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებული ნ. ზ-ი არ თავისუფლდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისგან, იგი ვერ ჩაითვლება სასჯელისგან სრულად გათავისუფლებულად და, შესაბამისად, მას ვერ აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8, მე-18, მე-19, მე-20, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ზ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული ნ. ზ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან (გარდა ჯარიმისა).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე