Facebook Twitter

¹ას-327-647-05 7 სექტემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე (მომხსენებელი),

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: საკუთრების უფლების ხელშეშლის აკრძალვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. დ-მა 2003წ. აგვისტოში სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე მ. მ-ის მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხე მისი მეზობელია, რომელმაც დაიწყო აბაზანისა და ტუალეტის მშენებლობა მისი საცხოვრებელი ოთახის თავზე, რისთვისაც ამოჭრა პარკეტი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის უკანონო მოქმედებით ილახება მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები, რის გამოც მოითხოვა, აეკრძალოს მოპასუხეს სააბაზანოსა და საპირფარეშოს მოწყობა მისი საცხოვრებელი ოთახის თავზე.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და მ. მ-ეს აეკრძალა მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახის თავზე სააბაზანოსა და საპირფარეშოს მოწყობა იატაკზე ხმაგაუმტარ და წყალგაუმტარი ფენის მოწყობის გარეშე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. დ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. დ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ს. დ-ის სარჩელი და მოპასუხე მ. მ-ეს აეკრძალა სააბაზანოსა და საპირფარეშოს მოწყობა ს. დ-ის საცხოვრებელი ოთახის თავზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მ-ე სააბაზანოსა და საპირფარეშოს აწყობს მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახის თავზე, რაც დასტურდება თავად მოპასუხის განმარტებით და ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული დასკვნის თანახმად, დაუშვებელია სააბაზანოსა და საპირფარეშოს მოწყობა საცხოვრებელი ოთახის თავზე. ამასვე ადასტურებს თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის წერილიც.

სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სკ-ის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ისარგებლოს ქონებით და ეს მოქმედება არ უნდა წარმოადგენდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლომ მ-ის მოქმედება, მოაწყოს სველი წერტილები მოქმედი წესებისა და მოსარჩელის უფლებების დარღვევით, მიიჩნია გაუმართლებლად, სკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

მ. მ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს კასატორს ბინაში აქვს ტუალეტი და აბაზანა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, არასწორი ფაქტობრივი გარემოება დაედო საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც დაირღვა სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები.

მოცემულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზა არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. მ-ე ცხოვრობს ს. დ-ის მეზობლად; მოპასუხე მოსარჩელის საცხოვრებელი ოთახების თავზე აწყობს სააბაზანოსა და საპირფარეშოს. მოცემულ საქმეზე ჩატარებული იქნა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის 2004წ. 8 აპრილის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ....... მოპასუხე მ. მ-ის მიერ ბინაში სააბაზანოსა და ტუალეტის მოწყობით დარღვეულია სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.01-01-89-ის 2.6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად არასწორად გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლი. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ვინაიდან სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ხელყოფს ს. დ-ის საკუთრების უფლებას მისი საცხოვრებელი ოთახების თავზე სველი წერტილების მოწყობის გზით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ს. დ-ის ნეგატორული სარჩელი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ მ. მ-ეს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც, მისი საკასაიო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.