Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ას-328-648-05 5 ოქტომბერი, 2005 წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),

მ. ცისკაძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი მიჯნისა და აუცილებელ გზაზე მოწყობილი რკინის კარების აღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 4 აგვისტოს ტ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ე. და მ. ხ-ების, ი. ა-ის მიმართ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის, ნაკვეთებს შორის არსებული გამყოფი მიჯნისა და აუცილებელ გზაზე მოწყობილი რკინის კარების აღების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ცხოვრობს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ... ქ. ¹140-ში, მის საკუთრებად აღრიცხულია 669კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობანი.

1998წ. 15 აპრილს საბურთალოს რ-ის გამგეობის გადაწყვეტილებით, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, ტ.ქ-ეს ნება დაერთო ესარგებლა ... ¹155-ში (106) მისი მეზობლების ხ-ების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული გზით, და მიეთითა, რომ ხ-ი ვალდებულია, ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება. ხ-ებისაგან იზოლირების მიზნით, ტ.ქ-ემ მიმართა სასამართლოს და თავდაპირველი სარჩელით მოითხოვა ცალკე გამოეყოთ მისთვის გზის ნაწილი და მოეწყო საერთო სარგებლობის გზა სხვა მეზობელთან ერთად, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

ტ.ქ-ემ სარჩელში მიუთითა, რომ, ხ-ები არ ასრულებენ ვალდებულებას, უფრო მეტიც, წლების მანძილზე საერთო სარგებლობის გზაზე აშენებული ჰქონდა მიჯნა ღობის სახით ისე, რომ ა-ს დაუთმო გზის ნაწილი, მას კი ჩაუკეტა ქუჩიდან ნაკვეთში შესასვლელი გზა. მოსარჩელემ მოითხოვა აღიკვეთოს მოპასუხეების მხრიდან აუცილებელი კომუნიკაციების შემოყვანის შეზღუდვა, ასევე, ხ-ების, ა-ისა და ტ.ქ-ის გზების გამყოფი სასაზღვრო მიჯნისა და ქუჩის მხრიდან საერთო სარგებლობის გზაზე არსებული შესასვლელი კარების აღება; ე.ხ-ისათვის თავისი ეზოს შემოღობვის აკრძალვა სახლიდან 1,5 მეტრის იქით საერთო სარგებლობის გზის მხარეს და იმის დადგენა, რომ გზის ყველა მოსარგებლემ ეზოში შესასვლელი კარები აღმართონ უშუალოდ თავიანთი ეზოს დასაწყისში.

მ. და ე. ხ-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობის საკომპენსაციოდ ტ.ქ-ისათვის ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით საქმის წარმოება შეწყდა საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ცალკე გზის მოწყობის ნაწილში, ხოლო იმავე თარიღით მიღებული გადაწყვეტილებით ტ.ქ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ე. და მ. ხ-ებს დაევალათ, არ შეზღუდონ ტ.ქ-ის მიერ საერთო სარგებლობის ტერიტორიით სარგებლობა და საშუალება მისცენ, საჯარო გზიდან შეიყვანოს კომუნიკაციები, კერძოდ, წყალი, დენი, გაზი, ტელეფონი.

აუცილებელი გზით სარგებლობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, აღებულ იქნა აუცილებელ გზაზე ი.ა-ისა და ხ-ების გზების გამყოფი სასაზღვრო მიჯნა და აუცილებელ გზაზე მოწყობილი შესასვლელი კარები, ხოლო ე. და მ. ხ-ების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასაზღვრო მიჯნისა და შესასვლელი კარების აღების, ასევე შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. და მ. ხ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 მაისის გადაწყვეტილება სასაზღვრო მიჯნისა და შესასვლელი კარების აღების, აუცილებელი გზის საკომპენსაციო თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ.ქ-ის სარჩელი ი. ა-ისა და ხ-ების გზების გამყოფი სასაზღვრო მიჯნისა და აუცილებელ გზაზე მოწყობილი შესასვლელი კარების აღების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ე. და მ. ხ-ების შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ტ.ქ-ეს დაეკისრა ხ-ების სასარგებლოდ აუცილებელი გზის საკომპენსაციოდ ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 106-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომელსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებს. ასეთ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 28 მარტის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული, დადგენილ იქნა, რომ თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ... ქ. ¹155-ში ხ-ების სარგებლობაში არსებობს 762,8 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის სარგებლობის უფლებაც მიეცა ტ. ქ-ეს აუცილებელი გზის სახით, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯარო რეესტრში არ არის აღრიცხული, წარმოადგენს ე. ხ-ის საკუთრებას. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ხ-ების ვალდებულება ითმინონ ტ. ქ-ის მიერ ამ საკუთრებით სარგებლობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა, სასაზღვრო მიჯნისა და შესასვლელი კარების აღებისას არ იქნა გათვალისწინებული ხ-ების, როგორც მესაკუთრეების, სკ-ის 170-ე მუხლით მინიჭებული უფლებები, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მიჯნა, რომლის აღებასაც მოითხოვს მოსარჩელე, წარმოადგენს არა ი. ა-ის, ტ.ქ-ისა და ხ-ების გზების გამყოფს, როგორც ამას მიუთითებს მოსარჩელე, არამედ ხ-ებისა და მეზობლად მცხოვრები ი. ა-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების გამყოფს. მისი აღება გამოიწვევს ამ ნაკვეთების საზღვრების მოშლას, ეს კი, თავის მხრივ, ნაკვეთების მეპატრონეთა ინტერესების გაუმართლებელ ხელყოფას; სასამართლომ დაადგინა ხ-ების მხრიდან ქ-ისათვის აუცილებელი გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, რომელიც მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ცენტრალური გზიდან ხ-ების ეზოში შესასვლელი კარების აღების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ხ-ები საშუალებას არ აძლევენ ისარგებლოს მათი ნაკვეთით, არასწორია, სადავო კარების აღება დაუშვებელია მესაკუთრის (ხ-ების) ინტერესებიდან გამომდინარეც, რადგან კარების აღებით დაუცველი გახდება მისი კარ-მიდამო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სასამართლოს მიერ შეგებებული სარჩელის უარყოფა იმ მოტივით, რომ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მოთხოვნას. მარტოოდენ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სარგებლობს მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრებას. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არ გამომდინარეობს სკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან, რომლის შესაბამისაად, იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამ ნორმის მიხედვით, კანონისმიერი თმენის ვალდებულება არაა უსასყიდლო ვალდებულება, სხვისი უფლებებით დატვირთული მიწის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობა სააპელაციო პალატის აზრით, უნდა განისაზღვროს გონივრული განსჯის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრება არ არის მიზანშეწონილი, რადგან იგი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს კომპენსაციაზე ვალდებულ პირს ტ.ქ-ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს ხ-ების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 20 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ.ქ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხ-ები არიან სადავო ნაკვეთის მესაკუთრეები და ამიტომ მათი საკუთრების ხელყოფა დაუშვებელია. კასატორი თვლის, რომ მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ცნობით ირკვევა, რომ სადავო ნაკვეთი ითვლება საერთო სარგებლობის ტერიტორიად, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებით მოპასუხეებზე რიცხული უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.

ტ.ქ-ე მიუთითებს სკ-ის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 170-ე მუხლი, რადგან ხ-ები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არ არიან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ კასაცია დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. კასატორი თვლის, რომ ე. და მ. ხ-ები არ არიან მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, რადგან ისინი ასეთად არ არიან რეგისტრირებულნი, ე.ი. მათ არ გააჩნიათ მოთხოვნის უფლება.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები. მოსაზრებებზე, რომლებითაც უარყო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი და კანონები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ... ქ. ¹155-ში ე. და მ. ხ-ების სარგებლობაში არსებული 762,8 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოპასუხეების საკუთრებას.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ე. და მ. ხ-ები საჯარო რეესტრში ჯერ კიდევ არ არიან დარეგისტრირებული მესაკუთრეებად, ამიტომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები. პალატა მიუთითებს, ამავე კოდექსის 1515-ე მუხლზე და თვლის, რომ მიწა, რომელიც ხ-ების კანონიერ სარგებლობაშია, მის საკუთრებად მიიჩნევა.

ამასთან, პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 28 მარტის ¹3კ-1145-02 განჩინებაზე, რომლითაც ტ.ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ანალოგიური საკასაციო საფუძველი სასამართლომ არ გაიზიარა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.