№ბს-1041(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ ე...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს....მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 სექტემბრის №04/51081 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №04/9242 გადაწყვეტილება; გ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პაციენტ თ.ხ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3/2093-19 სს ,,ს....ის“ სარჩელისა გამო მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და თანხის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელე - სს ,,ს....ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს ,,ე...“.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს....ის“ სარჩელი, დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №04/9242 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 სექტემბრის №04/51081 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პაციენტ თ.ხ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3ბ/1841-20 აპელანტის (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მითითებით გამოსარკვევია, მოსარჩელის მიერ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი, მისი დაზუსტება და ჩარევა თანხვედრაშია თუ არა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემთან. იმის მიუხედავად, რომ გამოსაკვლევია ისეთი გარემოება, რომელსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად გადაწყვიტა საკითხი და სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება. გამოსაკვლევი გარემოების არსებობის პირობებში სასამართლომ სრულად ბათილად ცნო სადავო აქტები და დაავალა მოპასუხეს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შპს „უ...ის“ ... ...ის 2018 წლის 25 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №.. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი თ.ხ-ი (დაბ. თარიღი ...წ.) 2018 წლის 22 მარტს მოათავსეს შპს „უ...ის“ ... ...ის ქირურგიულ დეპარატმენტში. დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი: K26,7 თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ქრონიკული, სისხლდენისა და პერფორაციის გარეშე. მოკლე ანამნეზი: პაციენტი უჩივის მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ქირურგის კონსულტაცია, პედიატრის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფის და რეზუსის გამოკვლევა, მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა, სისხლში აირების შემცველობის განსაზღვრა, ეკგ, C ჰეპატიტის სკრინინგი. ავადმყოფობის მიმდინარეობა: ქვემწვავე. პაციენტს ერთი კვირაა აქვს მუცლის ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში. ჰქონდა გულისრევა და რამდენიმეჯერ ღებინება. ამ ჩივილებით სასწრაფო დახმარების მანქანით მიყვანილ იქნა შპს „უ...ის“ ... ...ში. ჩატარებული მკურნალობა: პაციენტს 23.03.2018 ზოგადი ანესთეზიის ქვეშ WAA 400 ჩაუტარდა ფიბრო-ეზოფაგო-გასტროსკოპია JDE 002, რომელზეც დაფიქსირდა თორმეტგოჯა ნაწლავის მრავლობითი წყლულები, დაენიშნა ომეპრაზოლი, ამოქსაცილინი, ფოსფალუგელი, ანტისპაზმური საშუალებანი, ტკივილგამაყუჩებელი. მდგომარეობა სტაციონარში შესვლისას: გარეგანი დათვალიერებით ენა სველი, ნადებით, მუცელი დიდი ზომის ჭარბი კანქვეშა ცხიმის ხარჯზე, პალპაციის დროს მტკივნეულია ეპიგასტრიუმის არე. მუცლის ფარის გაღიზიანება გამოხატული არ არის. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 25.03.2018წ. გაუმჯობესებულ მდგომარეობაში (ს.ფ 22, 23); ბ) შპს „უ...ის“ ... ...ის მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზით: ,,K26.7- K26.7“ - თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ქრონიკული, სისხლდენისა და პერფორაციის გარეშე, კოდი: SUR444883 (ს.ფ 115-117, 176); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №04/51081 გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი, თ.ხ-ი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს. მკურნალობდა შპს „უ...ის“ ... ...ში 2018 წლის 22 მარტიდან 2018 წლის 25 მარტის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში, შემთხვევა გადმოცემულ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდით: SUR444883 - K26.7 - თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ქრონიკული, სისხლდენისა და პერფორაციის გარეშე. ჩარევის კოდი: სტაციონარი ZYZA00. სამედიცინო დოკუმენტაციით, პაციენტი შემოსულია კლინიკაში მუცლის ტკივილით, პირღებინებით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.2 ითვალისწინებს ანალოგიურ მდგომარეობებს, ხელოვნური კოდით: R10-/- მუცლის ტკივილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო შემთხვევას, ინსპექტირების ეტაპზე, განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების, დანართი 1-ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) თანახმად (ს.ფ 14-15); დ) 2018 წლის 22 ოქტომბერს შპს „უ...ის“ ... ...ამ №01/518 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 25 სექტემბრის №04/51081 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ს.ფ 110-113); ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №04/9242 გადაწყვეტილებით შპს „უ...ის“ ... ...ის 2018 წლის 22 ოქტომბრის №01/518 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 108-109).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში პაციენტისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმის კანონიერება.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ზემოაღნიშნული დანართის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და როგორც მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულების, ასევე ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანოსათვის შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებისა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ინფორმაციის შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების წინაპირობა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის პრეტენზია გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ პაციენტი კლინიკაში შესულია მუცლის ტკივილით და ჩატარებული მომსახურება შეესაბამება პროგრამის დანართი 1.2-ით გათვალისწინებულ მომსახურებას დიაგნოზით R10-/- მუცლის ტკივილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო კლასიფიკატორების მოდულზე (ს.ფ 176-177), რომელშიც კოდით K26.7 მითითებულია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ქრონიკული, სისხლდენისა და პერფორაციის გარეშე. აღნიშნულში იგულისხმება თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია (მწვავე), წყლული (პეპტიური): თორმეტგოჯა ნაწლავის, პოსტპილორული. ხოლო არ იგულისხმება პეპტიური წყლული, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული (K27.-).
საკასაციო სასამართლოს მითითებით საქმეში წარმოდგენილია პაციენტის გასინჯვის ფურცლები, სადაც გასტროენტეროლოგის ჩანაწერში მითითებულია, რომ პაციენტს 1 კვირაა აქვს მუცლის ტკივილი და შეუპოვარი ღებინება, ორჯერ იყო გადაუდებელი მედიცინის განყოფილებებში, სადაც ჩატარებულ სისხლის, შარდის ანალიზებში და ულტრასონოგრაფიით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. არ არის გამორიცხული ადგილი ჰქონდეს პანკრეატიტს. ჩატარებული კვლევებით პაციენტს დაუდგინდა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (თორმეტგოჯა ბოლქვი - სანათური ნორმალური, დისტალურად პოსტბულბალურ ნაწილში 4 წყლულოვანი დეფექტი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პაციენტი თ.ხ-ი იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.3-ის მოსარგებლე, რომელსაც დაუდგინდა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ქრონიკული, სისხლდენისა და პერფორაციის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღნიშნული შემთხვევა მართებულად იქნა გადაცემული კოდით K26.7 და კლინიკა არ იყო ვალდებული შეტყობინება განეხორციელებინა მოპასუხის მიერ მითითებული R10-/- კოდით. ამდენად, სახეზე არ არის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.10.2022წ. №25679 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე