¹ას-330-658-05 23 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),
მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 9 ივლისს ს. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების გ., ქ. და ნ. ბ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი მოტივებით: გორის რაიონის სოფ. ....... მცხოვრები, აწ გარდაცვლილი ს. ბ-ის კომლში 1988წ. 12 ივლისს ჩაეწერა მისი შვილი, მოსარჩელე ს. ბ-ი. ს. ბ-ი გარდაიცვალა 1989წ. 12 დეკემბერს. ს. ბ-ი დარჩა კომლის უკანასკნელ წევრად და კომლის მთელი ქონება აღირიცხა მის სახელზე, მათ შორის _ სადავო სახლიც. მოსარჩელის განმარტებით, გ. ბ-ის სახელზე ირიცხება ორი სახლი: ქ. გორში, ....... გზ. ¹1ა/22 და სოფ. ...... თ. ბ-ი ცხოვრობდა რუსეთში, სადაც გარდაიცვალა, ხოლო ქ. და ნ. ბ-ები ასევე ცხოვრობენ ქ. გორში. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეები აღრიცხული არ არიან ს. ბ-ების კომლის წევრებად და არც რეგისტრირებული არიან კავშირგაწყვეტილ კომლის წევრებად, რადგან მოპასუხეები სოფ. ...... ფლობენ ცალ-ცალკე ინდივიდუალურ სახლებს. მოსარჩელე ს. ბ-მა მოითხოვა მოპასუხეების სადავო ბინიდან გამოსახლება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ გაყრილობის განაჩენით სადავო სახლის თითო ოთახი წარმოადგენს მათ საკუთრებას, რომელსაც ისინი ფლობენ წლების მანძილზე. ამასთან, ს. ბ-ს 1989 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ გამოსახლებაზე უარი ეთქვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გორის რაიონის სოფ. ........ ს. ბ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ოთახებზე მოპასუხეები _ გ., ქ. და ნ. ბ-ები ცნობილ იქნენ უფლებადაკარგულ პირებად, მათ მფლობელობა შეუწყდათ, დაკავებული ფართი გამოთხოვილ იქნა უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და გ. ბ-ებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გორის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989წ. 24 მარტის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 17 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო პალატის 2004წ. 14 აპრილის განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს იმ მითითებით, რომ დღეის მდგომარეობით საკოლმეურნეო კომლი არ არსებობს და სახლი წარმოადგენს ფიზიკური პირის _ ს. ბ-ის საკუთრებას, რომელიც მოითხოვს მოპასუხეების ბინიდან გამოსახლებას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. და ნ. ბ-ები პირვანდელ სარჩელში მოპასუხეებად ჩართულნი არ ყოფილან, ამიტომ წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატის განმარტებით, გორის რაიონულმა სასამართლომ ახალუბნის თემის საკრებულოს 2001წ. 2 მაისის ¹251 ცნობისა და გორის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2002წ. 24 მარტის ¹289 ცნობის საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ ს. ბ-ი სოფ. ....... მდებარე სადავო სახლის მესაკუთრეა. მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეთა სახლზე სადავო სახლის ოთახები დღემდე არც საკომლო ჩანაწერებში და არც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მათ სადავო ოთახების ფლობის უფლება არ გააჩნიათ და, შესაბამისად, სწორად გამოითხოვა სადავო საცხოვრებელი სახლის ოთახები მოპასუხეთა მფლობელობიდან სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ხელახლა ემსჯელა მათ გამოსახლებაზე, რადგან არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გორის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989წ. 24 მარტის გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ დავაში მონაწილეობენ ახალი მხარეები ბინის მესაკუთრე ს. ბ-ი, ნ. და ქ. ბ-ები. პალატამ ასევე არ გაიზიარა გ. ბ-ის მოსაზრება მოსარჩელის მიერ სადავო სახლზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი ცნობების უსწორობის თაობაზე, რადგან აღნიშნული მტკიცებულებების გაუქმების შესახებ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სათანადო ორგანოებისათვის არ მიუმართავს და ისინი არ გაუქმებულა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სადავო საცხოვრებელი სახლი შედგება სამი ოთახისაგან, რომელთაც აქვს შემინული აივნები. 1958წ. 25 დეკემბრის გაყრილობის განაჩენით მხარეებს შორის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ქონება განაწილდა, მაგრამ აღნიშნული განაჩენი ს/საბჭოს მიერ დამტკიცებული არ ყოფილა. ოჯახის წევრთა ურთიერთშეთანხმებით, სადავო ბინის ¹1 ოთახში 1965 წლიდან შესახლდა ო. ბ-ი, ¹2-ში _ გ. ბ-ი, ხოლო ¹3 ოთახში ცხოვრობს ს. ბ-ი. კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში ცხოვრობენ დაბადებიდანვე და ბინასთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. ამდენად, სადავო ფართის ფლობის უფლება მოპოვებული აქვთ. მოპასუხეები დაკავებულ ოთახებში თვითნებურად არ შეჭრილან და ისინი დაიკავეს განაჩენის საფუძველზე. კასატორთა აზრით, ის გარემოება, რომ მოპასუხეები ქ. გორში არიან რეგისტრირებული, მათი გამოსახლების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან ისინი ფაქტობრივად სადავო ოთახებით სარგებლობენ და ფართით სარგებლობის უფლება არ დაუკარგავთ. გორის სახალხო სასამართლოს 1989წ. გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოს მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული როგორც მტკიცებულება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, აგრეთვე, ის გარემოება, რომ გორის რაიონის ახალდაბის თემის საკრებულოს წერილით ძმები _ ო. და გ. ბ-ები საკრებულოს საკომლო წიგნებში კავშირგაწყვეტილ კომლებად აღრიცხული არ არიან. კასატორმა მიუთითა სკ-ის 172-ე მუხლზე და განმარტა, რომ გ. და ნ. ბ-ები 1963-1965 წლიდან მართლზომიერად ფლობენ სადავო ბინის ოთახებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო, რომ ს. ბ-ი სოფ. ...... მდებარე სადავო სახლის მესაკუთრეა. სადავო სახლის ოთახები მოპასუხეთა სახელზე დღემდე არც საკომლო ჩანაწერებში და არც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები სავალდებულოა.
საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ კასაციის მიზეზები დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის ძალითაც მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოსარჩელის უფლება სადავო ნივთზე სასამართლოს მიერ სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვითაა დადგენილი, რის გამოც მოცემული ვინდიკაციური სარჩელი საფუძვლიანია.
დასაბუთებას მოკლებულია კასატორის არგუმენტი, რომ მოპასუხეებს სადავო ნივთის ფლობის კანონიერი უფლება გააჩნიათ. აღნიშნული დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან კასატორის ეს მოსაზრება საამისოდ აუცილებელი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში დასახელებულ გაყრილობის განაჩენს, მისი დადგენილი წესით დაუმტკიცებლობაზე თვით კასატორიც მიუთითებს და, შესაბამისად, მას თანამდევი იურიდიული შედეგები არ შეიძლება მოყვეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხეებს სადავო ოთახების ფლობის უფლება არ გააჩნიათ, ვინაიდან სადავო ნივთი კანონით დადგენილი წესით მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
კასატორი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “მ” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.