Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-330-733-06 19 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

დავის საგანი: დავალიანების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ე-ს» მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1989წ. 12 ივნისს საინჟინრო კომერციული ცენტრის დირექტორ ვ. ჭ-ძესა და თბილისის ე-ს გენერალურ დირექტორ გ.გ-შვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საინჟინრო კომერციული ცენტრი იღებდა ვალდებულებას დამაგრძელებელ-გამანაწილებლების წარმოებაზე, ე-ს კი ევალებოდა ამ პროდუქციის სათანადო ექსპლუატაცია და რეალიზაცია. 1996წ. 30 ოქტომბერს სს «ე-სა» და შპს «ს. კ. ც-ს» შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლითაც 1989წ. 12 ივნისის გარიგება გაუქმდა, ამავე ხელშეკრულებით დადგინდა, რომ სს «ე-» საკუთრებაში იტოვებდა საინჟინრო კომერციული ცენტრის ქონებას _ საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ დოკუმენტაციასა და მეტალში არსებულ აღჭურვილობას, რის სანაცვლოდ მოპასუხეს 1997წ. 30 მარტამდე მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 14 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. სს «ე-მ» არაერთხელ მიმართა ვ.ჭ-ძეს დავალიანების მომავალში დაფარვის შეთავაზებით, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია და გადასახდელი დარჩა 11000 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა შორის 1996წ. 30 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1997წ. 30 მარტიდან. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება საინჟინრო კომერციული ცენტრის დირექტორმა ვ.ჭ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს.კ.ც-ს» დირექტორმა ვ.ჭ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 22 ივლისის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სათანადო მოსარჩელედ საქმეში ჩაება შპს «ი», სს «თ-მა» კი შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმდაგვარად შეცვლა, რომ ვ.ჭ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას არამარტო მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით, არამედ არასათანადო მოსარჩელეობის გამოც. მხარის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ 1996წ. 30 ოქტომბრის ¹10 ხელშეკრულების მხარე _ შპს «ს.კ.ც» არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არარსებული და არაქმედუნარიანი პირია და მის მიერ დადებული გარიგება სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «ი-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, სს «ე-ს» შპს «ი-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 11 000 აშშ დოლარის გადახდა. სს «ე-ს» შეგებებული სააპელაციო საჩივარს კი უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 6 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ი-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ახალი გადაწყვეტილებით შპს «ი-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, სს «თ-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სს «ე-ს» შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს «ს. კ. ც-ს» დირექტორ ვ.ჭ-ძესა და სს «ე-ს» დირექტორ გ.გ-შვილს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს «ე-» თავის საკუთრებაში იტოვებდა შპს «ს.კ.ც-ის» კუთვნილ ქონებას, დამაგრძელებელ-გამანაწილებლის საკონსტრუქტორო ტექნოლოგიურ დოკუმენტაციასა და მეტალში არსებულ 21 ერთეულ აღჭურვილობას, თავის მხრივ კი კისრულობდა მეორე მხარისათვის აღნიშნული ქონების საფასურის _ 14000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურებას. მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ შპს «ს. კ. ც.» განთავსებული იყო სს «ე-ს» ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისათვის სათანადო თანხის გადახდის სანაცვლოდ მისი ქონების საკუთრებაში დატოვების უფლება. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი ნება, რის გამოც სადავო გარიგება ცალმხრივად ვერ ჩაითვლება. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 129-ე მუხლით და გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 1997წ. 30 მარტიდან და მისი რეალიზება შეეძლო 2000წ. 30 მარტამდე. ამასთან, პალატამ დაადგინა, რომ საქმის მასალების თანახმად, სს «თ-მა» ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზნით ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა შპს «ი-ის» დირექტორის თანხმობა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2000 წელს სს «თ-ს», როგორც მოვალეს, დასჭირდა შპს «ი-ისაგან», რომელსაც თავის კრედიტორად თვლიდა, თანხმობა ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულმა პირმა უფლებამოსილი პირის წინაშე ვალდებულება აღიარა, რაც, სკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველია. ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეს სადავო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეუწყდა 2000წ. 8 მარტს, სარჩელი კი შეტანილ იქნა 2002წ. 6 აგვისტოს, კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1996წ. ხელშეკრულებით წარმოშობილი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა მხარის მოსაზრება, რომ აპელანტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და ხელშეკრულების საგანი მისთვის არ გადაუცია. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების საგანი _ დამაგრძელებელ-გამანაწილებელი საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური დოკუმენტაცია და მეტალში არსებული 21 ერთეული აღჭურვილობა მოწინააღმდეგე მხარესთან, მის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ხელშეკრულების თანახმად, მას თავისთან უნდა დაეტოვებინა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს იმ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეასრულა და მოსარჩელეს თანხა სრულად გადაუხადა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შეგებებული სააპელაციო საჩივრის არგუმენტი, რომ სადავო ხელშეკრულება ცნობილ უნდა იქნეს არარა გარიგებად, ვინაიდან დადებულია არარსებული სუბიექტის მიერ. სასამართლომ მიუთითა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც შპს «ი» ცნობილ იქნა თსგ «ე-თან» არსებული საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმოთა ჯგუფის საინჟინრო კომერციული ცენტრის ფირმა «ვ-ის» სამართალმემკვიდრედ. ამასთან, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის საოქმო განჩინებით დადგინდა, რომ არასათანადო მოსარჩელე ვ. ჭ-ძე უნდა შეცვლილიყო საინჟინრო-კომერციული ცენტრის ფირმა «ვ-ის» ბაზაზე შექმნილი შპს «ი-ით». პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს «თ-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 137-ე მუხლი, ვინაიდან ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადის შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნია შპს «ი-ის» მითითება მის სასარგებლოდ სს «ე-ს» დავალიანების არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმის თანახმად, კი ხანდაზმულობის ვადა შეწყდება ვალდებული პირის მიერ ვალდებულების აღიარების შემთხვევაში. საქმის მასალებში კი სს «ე-ს» მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ სადავო დავალიანების აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნევა მოვალის აღიარება უფლებამოსილი პირის წინაშე და არა თავად უფლებამოსილი პირის _ კრედიტორის აღიარება. სააპელაციო სასამართლომ კი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად არასწორად მიიჩნია უფლებამოსილი პირის _ შპს «ი-ის» დირექტორის აღიარება, კერძოდ, თანხმობა ვალის გადახდის გადავადებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 17 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. განსახილველი საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სკ-ის 137-ე მუხლის არასწორად განმარტება იმ მოტივით, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის აღიარება მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და მხარეს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ სს «თ-მა» ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზნით ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა შპს «ი-ის» თანხმობა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2000 წელს სს «თ-ს», როგორც მოვალეს, დასჭირდა შპს «ი-ისაგან», რომელსაც თავის კრედიტორად თვლიდა, თანხმობა ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისათვის.

სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს: მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად ჩათვალა, რომ საქმე გვაქვს ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარებასთან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფინანსთა სამინისტროში კასატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოწინააღმდეგე მხარისაგან, როგორც კრედიტორისაგან, თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დოკუმენტის წარდგენის მომენტისათვის _ 2000წ. 8 მარტისათვის სს «ე-» კრედიტორად აღიარებდა შპს «ი-სს» და, შესაბამისად, აღიარებდა ამ უკანასკნელის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტსაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით დასაბუთებულია კასატორის არგუმენტი, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია კრედიტორის აღიარება მაშინ, როდესაც კანონი ამგვარ საფუძვლად მხოლოდ მოვალის მიერ უფლებამოსილი პირის მიმართ აღიარებას მიიჩნევს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სკ-ის 137-ე მუხლით დადგენილი ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებად _ სხვაგვარად აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულებების არსებობასთან მიმართებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ დავაში მოვალემ მესამე პირთან თავისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საჭიროდ ჩათვალა რა, მესამე პირისათვის ეცნობებინა სადავო ურთიერთობის არსებობის შესახებ, ამ მოქმედებით აღიარა ვალდებულების არსებობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს არა მოვალის მიერ წარდგენილი დოკუმენტი (შპს «ი-ის» თანხმობა), არამედ _ მოვალის მიერ ამ მოქმედების (დოკუმენტის წარდგენა) განხორციელება.

კასატორს ვალდებულების კანონიერებაზე საკასაციო პრეტენზია არ განუცხადებია, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამის თაობაზე ვერ იმსჯელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სს «ე-ს» საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «ე-ს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.