Facebook Twitter

№14941-13 26 აპრილი, 2013 წელი

ს-ე კ-, 14941-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ კ. ს-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ს-ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განაჩენით კ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით, ხოლო 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით კ. ს-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 11000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით კ. ს-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელს გამოაკლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენით კ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 20000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 ივლისიდან.

2013 წლის 17 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული კ. ს-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან, ხოლო 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლით პირობითი მსჯავრი; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენით სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ კ. ს-ეს განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 1 წლითა და 9 თვით პირობითი მსჯავრი, ამავე გამოსაცდელი ვადით; მასვე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადად განესაზღვრა 2 წელი და 3 თვე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ს-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და სასჯელის საბოლოო ზომად 1 წლით პირობითი მსჯავრის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება კანონიერია. ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ. ს-ისთვის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დნიშნული სასჯელის განახევრება და მისთვის სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, ასევე კანონიერია.

რაც შეეხება კ. ს-ისთვის საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ მას ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. შესაბამისად, საბოლოოდ კ. ს-ეს უნდა განესაზღვროს პირობითი მსჯავრი - 1 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად.

საბოლოოდ კ. ს-ეს განესაზღვროს პირობითი მსჯავრი 1 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე