№14961-13 26 აპრილი, 2013 წელი
ქ-ე ვ.- 14961-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ქ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ვ. ქ-ეს შორის, რომლის მიხედვით: ვ. ქ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველო სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 15 000 ლარი; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 18 დეკემბრიდან 2011 წლის 13 მაისის ჩათვლით.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ვ. ქ-ეს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენით სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო, რაც გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის მიხედვით, ვ. ქ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 18 დეკემბრიდან 2011 წლის 13 მაისის ჩათვლით. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ ვ. ქ-ის მიმართ განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, მაგრამ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა დაზუსტდეს.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, მასზე იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და შეამცირა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინება შეიცვალოს: ვ. ქ-ეს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 18 დეკემბრიდან 2011 წლის 13 მაისის ჩათვლით.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი