№14971-13 26 აპრილი, 2013 წელი
ლ-ე ა., 14971-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჭ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ლ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ა. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით და განესაზღვრა 2 წლით პირობითი სასჯელი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
2013 წლის 18 იანვარს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ლ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ლ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ლ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ლ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ლ-ისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნასამართლობის არმქონეა და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნები, რადგან ხსენებულ მუხლში იმპერატიულადაა მითითებული, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირზე, ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე