Facebook Twitter

№14991-13 26 აპრილი, 2013 წელი

კ-ა ზ.- 14991-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - თ. ჭ-ის

მსჯავრდებულ - ზ. კ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ზ. კ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. კ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული 3 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ დაზარალებულის უფლებამონაცვლე პრეტენზიას არ გამოთქვამს, რის გამოც ითხოვს სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალების, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირი, რომლის გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, უნდა გათავისუფლდეს სასჯელისაგან, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამაზე თანხმობას განაცხადებს. ამასთან, თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამნისტია ვრცელდება მსჯავრდებულზე, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება დადგენილება პირის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, ხოლო გარდაცვლილის მეუღლის 2011 წლის 14 თებერვლის ხელწერილი, რომლითაც იგი ადასტურებს ფულადი კომპენსაციის მიღებასა და მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არარსებობას, არ წარმოადგენს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანხმობას ზ. კ-ას მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება ზ. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი