ას-334-655-05 9 ივნისი, 2005 წ.,ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
დავის საგანი: განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის სააპელაციო საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 5 მაისის გადაწყვეტილება, ფოთის საზღვაო ნავსადგურში 1,2 ჰა მიწის ფართზე განთავსებული მიწისზედა ¹... და ¹... ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი ტერმინალის შპს „ლ.-სათვის” ნატურით გადაცემის თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ლ.-მ” იმ მოტივით, რომ მას კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე არ ეცნობა.
სააპელაციო პალატის 2005წ. 24 იანვრის განჩინებით შპს „ლ.-ის” საჩივარი სასამართლომ მიიღო წარმოებაში და მისი ზეპირი განხილვა დაინიშნა 2005წ. 17 თებერვალს. სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, რომელიც გაფრთხილებული იყო სხდომის თაობაზე, კანონით დადგენილი წესით. შპს „ლ.-ის” დირექტორმა მ.კ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს 15 თებერვალს და მოითხოვა სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, რის გამოც სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის ფოთის საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენელი გ.ს., რომელმაც იშუამდგომლა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოტივით, რომ საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო სხდომის დრო და არ გამოცხადდა. რაც შეეხება განცხადებას, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს განცხადებაში მითითებული გარემოება, რადგან მხარემ არ წარმოადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი საბუთი _ სამედიცინო ცნობა: ამასთან, შპს იურიდიული პირია და შესაძლებელი იყო, სხვა მუშაკისათვის დაევალებინათ პროცესში მონაწილეობის მიღება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილის და 242-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილ უნდა იქნეს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება შპს „ლ.-ის” საჩივარი. შპს-ს დირექტორის მოთხოვნა სხდომის გადადების თაობაზე სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან განცხადებას თან არ ერთვის სათანადო დოკუმენტი, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ცნობა ავადმყოფობის შესახებ, ამასთან, მხარე იურიდიული პირია და მას შეეძლო უზრუნველეყო პროცესში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც საკმაო დრო ჰქონდა. შპს-ს სასამართლო სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა 2005წ. 25 იანვარს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ.-ის” წარმომადგენელმა მ.კ.-მ. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი, რადგან მან სასამართლოს 2 დღით ადრე აცნობა სასამართლოში გამოუცხადებლობის თაობაზე. კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს მითითებები იმის თაობაზე, რომ იურიდიული პირს შესაძლებელია, სხვა წარმომადგენლის მეშვეობით მიეღო მონაწილეობა მოცემულ საქმეში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არ აქვს.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი. მითითებული ნორმით სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეს შეეძლო პროცესში მონაწლეობის მიღება სხვა წარმომადგენლის მეშვეობით, რადგან იგი იურიდიული პირია.
სსკ-ის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, თუ სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 233-ე მუხლი ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარემ სასამართლო სხდომაზე ორი დღით ადრე აცნობა გამოუცხადებლობის თაობაზე, მაგრამ სასამართლომ განცხადებაში მითითებული გარემოება არ მიიჩნია სსკ-ის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად. პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა აღნიშნული ნორმა, რადგან იურიდიული პირის წარმომადგენელს (დირექტორი) ავადმყოფობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ მოვლენად, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებას, რადგან იურიდიული პირი მხოლოდ წარმომადგენლის მეშვეობით იღებს პროცესში მონაწლეობას. წარმომადგენლის ავადმყოფობა კი არ შეიძლება სსკ-ის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძვლად იქნეს მიჩნეული, რადგან მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა უწყების ჩაბარებიდან (2005წ. 25 იანვარს) სხდომამდე, რათა უზრუნველეყო წარმომადგენლის მეშვეობით პროცესში მონაწილეობის მიღება.
ამდენად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონით დადგენილი გაუქმების საფუძვლები, რის გამოც იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ლ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.