№15021-13 26 აპრილი, 2013 წელი
ქ-ე ც.-15021-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ც. ქ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ც. ქ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-2001 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარი.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ც. ქ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სასჯელის ერთი მესამედით შემცირებას, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ქალს, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ც. ქ-ეს ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის მე-2001 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 4 წელი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 3 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ც. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ც. ქ-ეს ერთი მესამედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-2001 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 4 წელი და განესაზღვროს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 3 წლისა და 4 თვის გამოსაცდელი ვადით.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი