Facebook Twitter

განჩინება

¹ას-336-659-05 12 ივლისი, 2005 წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ახალაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 9 თებერვალს მ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს შემდეგი საფუძვლით: 2003წ. 17 აპრილს ნ.მ-მ სს « ა-თან» გააფორმა ხელშეკრულება «BMჭ-5201» ავტომანქანის დაზღვევის თაობაზე. სადაზღვევო თანხამ შეადგინა 2300 აშშ დოლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას ავტომანქანის სრული განადგურების ან მოპარვის შემთხვევაში.

2003წ. 13 ივლისს ავტომანქანის მესაკუთრე მ. ს-ს ყაჩაღურად დაესხნენ და მანქანა გაიტაცეს უცხო პირებმა, რომელთა ვინაობაც საგამოძიებო ორგანოების მიერ დადგენილი არ არის.

მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ავტომანქანის ღირებულების _ 5000 აშშ დოლარის დაკისრება.

საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მ. ს-ი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ, რომ მოპასუხესთან ხელშეკრულება გააფორმა არა მ. ს-მა, არამედ ნ.მ-მ. შესაბამისად, მ. ს-მა სარჩელს მხარი დაუჭირა სათანადო მოსარჩელე ნ.მ-ს რწმუნებით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ პოლისის მიხედვით, მისი მოსარგებლეა სს «ს-ი», რომელმაც ნ.მ-ს სახელზე გასცა კრედიტი. მის უზრუნველსაყოფად კი დაგირავდა ავტომანქანა, რომელიც დაზღვეულ იქნა ბანკის მიერ სს «ა-ში».

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.მ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მოპასუხე სს «ა-ს» დაეკისრა სადაზღვევო თანხის _ 2300 აშშ დოლარის ან შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა ნ.მ-ს სასარგებლოდ. დანარჩენი თანხის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ა-მ». აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ «დაზღვევის შესახებ» კანონის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნია არა დაზღვეულს, არამედ პოლისით მოსარგებლეს ანუ ბანკს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებები: 2003წ. 18 აპრილს 2004წ. 18 აპრილამდე ვადით ნ.მ-სა და სს «ს-ის» ფილიალს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილობრივი უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებულ იქნა მესამე პირის _ მ. ს-ის პირად საკუთრებაში არსებული ავტომანქანა «BMჭ-520», რომელიც შეფასებულ იქნა 2300 აშშ დოლარად. აღნიშნული ავტომანქანა კი ბანკის მიერ დაზღვეულ იქნა სს «ა-ში» და სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 2300 აშშ დოლარით. სადავო არ არის ასევე ის, რომ ნ.მ-ს მიერ სესხის თანხა სრულად დაიფარა 2004წ. 18 თებერვალს. პოლისის საფუძველზე დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2003წ. 17 აპრილიდან 2004წ. 16 აპრილამდე ვადით. კრედიტის თანხის უზრუნველსაყოფად დაზღვეული მანქანა კი მ. ს-ზე 2003წ. 13 ივლისს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებულ იქნა.

პალატამ მიუთითა, რომ სადაზღვევო პოლისის მიხედვით, სრული დანაკარგის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს «მ-ს» სესხის დასაფარავად საჭირო თანხა, რომელიც მითითებულია სადაზღვევო სერტიფიკატში. პოლისის თანახმად, სრული დანაკარგი გულისხმობს ავტოტრანსპორტის მოპარვას. მართალია, მოცემულ შემთხვევაში მანქანა მესაკუთრემ დაკარგა ყაჩაღური თავდასხმის და არა ქურდობის შედეგად, მაგრამ ორივე შემთხვევაში ქონება გადის მესაკუთრის მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამდენად, არ არსებობს სრული დანაკარგის ფაქტი .

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ა-ის» წარმომადგენელმა ნ.ყ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის აზრით, მოსარჩელეს სადაზღვევო თანხის მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა და, შესაბამისად, სსკ-ის 84-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით მისი მოთხოვნა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხის მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული არგუმენტაცია გათვალისწინებული არ ყოფილა და სსკ-ის 84-ე მუხლის დებულებათა უგულებელყოფით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 799-ე მუხლი, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში დამზღვევს წარმოადგენდა სს «მ-ი». სასამართლომ არ გამოიყენა «დაზღვევის შესახებ» კანონის მე-2 და მე-11 მუხლები, არ გაითვალისწინა სადაზღვევო პოლისის პირობები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარში მითითებული მთელი რიგი გარემოებების თაობაზე, კერძოდ, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებანი არ შეაფასა აპელანტის მიერ მითითებული „დაზღვევის შესახებ” კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ნ.მ-ს და მ-ის სამართლებრივი სტატუსი სადაზღვევო პოლისისა და „დაზღვევის შესახებ” კანონის საფუძველზე.

სასამართლო უთითებს, რომ სადაზღვევო პოლისის მიხედვით, სრული დანაკარგის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მ-ს სესხის დასაფარავად საჭირო თანხა. წინააღმდეგობრივია ასეთ შემთხვევაში სასამართლოს დასკვნა ნ.მ-სთვის სადაზღვევო თანხის ანაზღაურების თაობაზე, ასევე გაუგებარია სამოქაოლაქო კოდექსის 799-ე მუხლის გამოყენება ნ.მ-ს მიმართ, რადგან სასამართლოს არ დაუდგენია, იყო თუ არა დამზღვევი ნ.მ- და ჰქონდა თუ არა მას სადაზღვევო თანხის მიღების უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს როგორც ნ.მ-ს, ასევე მ-ის სამართლებრივი სტატუსი და იმსჯელოს ამ პირთათვის სადაზღვევო თანხის გაცემის მიზანშეწონილობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ა-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.