№15061-13 26 აპრილი, 2013 წელი
ა-ე ი., 15061-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
მსჯავრდებულ _ ი. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენით ი. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ი. ა-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 24 თებერვლიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ი. ა-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ა-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და სსკ-ის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–14 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ა-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება კანონიერია. ასევე კანონიერია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ი. ა-ისთვის საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის – ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ხსენებული კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის დანაწესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-14, მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე