Facebook Twitter

№15071-13 26 აპრილი, 2013 წელი

კ-ე გ, 15071-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - გ. ფ-ს

მსჯავრდებულ - გ. კ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, რისთვისაც სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა 6 წლიანი გამოსაცდელი ვადა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. კ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. გ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 აპრილიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომლის მოუხდელი ნაწილი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დამატებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე) და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2009 წლის 28 აპრილიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. კ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან გ. კ-ე ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. სილაგაძე