Facebook Twitter

№15081-13 30 აპრილი, 2013 წელი

ი-ი ო.- 15081-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დ. ბ-ის

ადვოკატ - ლ. ს-ას

მსჯავრდებულ - ო. ი-ის

თარჯიმან - ა. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ო. ი-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენით ო. ი-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-7 ნაწილებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 3 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განაჩენით შეიცვალა მხოლოდ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ო. ი-ის ერთი მეოთხედით შეუმცირდა 276-ე მუხლით დანიშნული 9 წელი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა - 3 წელი, რის გამოც განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მართვის უფლება ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სსკ-ის 276-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ ამაზე თანხმობას აცხადებენ დაზარალებულის უფლებამონაცვლეები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების თანხმობა მსჯავრდებულ ო. ი-ის სასჯელისაგან გათავისუფლების თაობაზე, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო. ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება ო. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი