Facebook Twitter

ას-340-668-05 22 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი

სარჩელის საგანი: რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ზესტაფონის რაიონის სოფ. ... თემის გამგეობის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, 2003წ. 18 აპრილს შეიტყო, რომ მისი ნებართვის გარეშე საკომლო წიგნში ჩაწერილია თავისი შვილი ზ.კ.-ე, რძალი ხ. მ.-ე და შვილიშვილი შ.კ.-ე, კომლის ქონება არის თავისი და თავისი მეუღლის თანასაკუთრება. მოპასუხემ აღნიშნული პირები მისი თანხმობის გარეშე ჩაწერა, რითაც დაარღვია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი. აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელემ მოითხოვა ზემოთ აღნიშნული პირების საკომლო ჩანაწერის გაუქმება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2002წ. იანვარში ჩატარდა საყოველთაო აღწერა, მუდმივად მცხოვრებ პირთა აღრიცხვა. აღწერის დროს მოსარჩელის მეუღლემ განაცხადა, რომ მის კომლში ცხოვრობდა ხუთი სული, მათ შორის, შვილი, რძალი და შვილიშვილი, რის საფუძველზეც მოხდა მათი ჩაწერა, რაც კანონიერად მიაჩნია.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონის სოფ. ... თემის გამგეობის მიერ ნ. კ.-ის კომლში შვილის _ ზ. კ.-ის, რძლის, ხ. მ.-ისა და შვილიშვილის _ შ. კ.-ის სარეგისტრაციო ჩანაწერი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვედა საქარის თემის გამგეობამ. სააპელაციო პალატის 2004წ. 6 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეებად ჩაებნენ ზ. კ.-ე და ხ. მ.-ე. ხ. მ.-ემ განმარტა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ. კ.-ესთან. იგი არ აცხადებს პრეტენზიას კომლის ქონებაზე, მაგრამ, ვინაიდან მისმა მეუღლემ დაქორწინების დღიდან საცხოვრებლად მიიყვანა თავის კომლში და იქვე შეეძინა შვილი, გამგეობამ სწორად მოახდინა მისი რეგისტრაცია კომლში.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ მოხსნა სასარჩელო მოთხოვნა ზ. კ.-ის ჩანაწერის გაუქმების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება ზ. კ.-ის საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო სახლი არის მოსარჩელის საკუთრება. მისი შვილი ზ. კ.-ე 1986 წლიდან ამოწერილია მოსარჩელის კომლიდან და დღეისათვის არსადაა რეგისტრირებული. ხ. მ.-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ზ.კ.-ესთან და იგი რეგისტრირებულია ქ.ზესტაფონში, ... ¹4-ში 1992 წლიდან.

ხ. მ.-ისა და შ. კ.-ის რეგისტრაცია მოხდა მესაკუთრის თანხმობისა და თავად ხ. მ.-ის განცხადების გარეშე, მოსახლეობის აღწერის მასალების საფუძველზე, წარდგენილი არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ.მ.-ისა და შ.კ.-ის რეგისტრაცია განხორციელდა 1996წ. 27 ივნისის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო რეგისტრაცია მიიჩნია უკანონოდ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ. მ.-ემ და სოფ. ... საკრებულომ. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორების მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 1996წ. 27 ივნისის კანონი. ხ.მ.-ე 1991 წლიდან კომლის სხვა წევრებთან ერთად ეწევა საკომლო-საოჯახო საქმიანობას და ეს უფლებები წარმოეშვა მითითებული კანონის ძალაში შესვლამდე. კომლის წევრია, ასევე, მოსარჩელის შვილიშვილი შ. კ.-ე, რომელსაც ეს უფლება წარმოეშვა დაბადებიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს და, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან (ად. საპ. კ. მე-2 მუხ. I ნაწ.).

განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ კანონიდან, რომელიც სამართლებრივად საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება. ამდენად, განსახილველი დავაც ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება შ. კ.-ისა და ხ. მ.-ის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, ასევე, მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.