გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-341-669-05 1 ნოემბერი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სახელშეკრულებო დავალიანების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ს-მა“ სს „რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება 145005,6 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ საქმე სასარჩელო წესით განიხილა და 2004წ. 24 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სარჩელი და დამატებითი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 223035 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „რ-მა“. აპელანტმა გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია შემდეგი საფუძვლებით:
სს „ს-მა“ სს „რ-ში“ აწარმოა გარკვეული სახის სამუშაოები არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, რის შემდეგაც დამკვეთთან შეტყობინების გარეშე ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და სამუშაოები დაუსრულებლად მიატოვა. 1997წ. 20 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში „ს-მა“ აწარმოვა 22444 ლარის სამუშაოები, რის შემდეგაც შეწყვიტა სამუშაოების ათვისება ისე, რომ რაიმე პრეტენზია „რ-ის“ მიმართ არ გამოუთქვამს.
1998წ. ფარგლებში სს „ს-ს“ უნდა შეესრულებინა 70 000 ლარის სამუშაოები, სახელშეკრულებო თანხიდან შემსრულებელმა აითვისა მხოლოდ 32,2 ათასი ლარის სამუშაო, რის შემდეგაც მიატოვა სამუშაოთა წარმოება.
ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში „რ-ს“ ერთწლიან საპრეტენზიო ვადაში, კოლეგიალური დამოკიდებულების გამო, მოსარჩელე ორგანიზაციის მიმართ პრეტენზია არ გამოუქთვამს, თუმცა, სამუშაოთა ნაწილი, რომელიც სს „ს-მა“ აწარმოვა, პრაქტიკულად არ დაუსრულებია. ამავე დროს, არსებითად დაირღვა ენერგეტიკაში კაპიტალური და მიმდინარე შეკეთებების წარმოების სახელმძღვანელო „რე-დე-ჰე-ის“ მოთხოვნები. სს „რ-მა“ უკანონოდ მიიჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების აშშ დოლარებში ანაზღაურების შესახებ.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციის მიერ, ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით სს „რ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და სს „ს-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 317-ე, 255-ე და სს კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სს „ს-ის“ მოთხოვნა 1996წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან მიმართებაში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ხოლო მოთხოვნა, 1997წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების თაობაზე ხანდაზმულია, ვინაიდან სს „ს-ი“ 1997წ. აგვისტოდან უფლებამოსილი იყო მიემართა სარჩელით სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სასამართლო საბუღალტრო და ელექტრო-საინჟინრო ექსპერტიზების დასკვნაში მოცემული მითითება, რომ 1997წ. ხელშეკრულების შეფასება შეუძლებელია, რადგან არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი მასალები.
სს ,,ს-ის“ მიერ 1998წ. 4 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია და აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია. ხელშეკრულების 2-4 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მხარეების მიერ აღიარებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანგარიშში ნაჩვენები თანხის 0,25% ოდენობით. შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი შესრულების ღირებულება გადაიხადა და აღნიშნული გადახდა ნიშნავს თუ არა ვალის აღიარებას. ელექტრო-საინჟინრო ექსპერტიზამ ვერ შეაფასა სარემონტო სამუშაოები სრულად. ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა ოქმი შედგენილია დარღვევით და გაურკვეველია 1998წ. მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველი. საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს-ის“ დირექტორმა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს „რ-ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 285283 ლარის, საადვოკატო ხარჯის 5800 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდა საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
სკ-ის 68-ე, 328-ე, 327-ე, 361-ე და 629-ე მუხლების საფუძველზე სავალდებულო არ არის მხარეთა შორის ნარდობის წერილობითი ხელშეკრულების არსებობა. საქმეში არსებული სს „რ-ის“ წერილებით. მის მიერ განხორციელებული გარკვეული თანხების გადახდით დასტურდება ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ვალდებულების არსებობა. არასწორია 1997წ. მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილებიდან გამომდინარე სასამართლოს უარი სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მხარეთა შორის ფორმდებოდა ურთიერთშედარების აქტები, რომლებსაც ადასტურებდნენ საწარმოს ხელმძღვანელები. ასეთი აქტები გაფორმდა 1998-2000 წელს სს „ს-ის“ უფლება დაირღვა 2001 წელს, როცა სს „რ-მა“ უარი განაცხადა საერთოდ გადახდაზე. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დაიწყო 2001 წელს, ხოლო სარჩელი შეტანილია 2001წ. 29 მარტს. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნა არ არის ხანდაზმული ს.ფ. 137-ე და 141-ე მუხლების საფუძველზე და ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2000წ. ურთიერთშედარების აქტის გაფორმების მომენტიდან.
სარემონტო ხელშეკრულებების თანახმად სს „რ-ს“ უნდა გადაეცა სს „ს-ისათვის“ სამუშაოს მოცულობის უწყისი, ხართაღრიხვა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია. სს „ს-ს“ კი ევალებოდა წარედგინა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მიღების აქტი ფორმა ¹2 სახით. სხვა დოკუმენტის მოთხოვნა მეორე მხრიდან არ ყოფილა. სს „ს-მა„ 1996-98 წლებში შესრულებულ ყველა სამუშაოზე წარადგინა შესრულებულ სამუშაოთა მიღების აქტები, რომლებიც დაადასტურა სს „რ-ის“ დირექტორმა, რითაც მიიღო შესრულებული სამუშაო და იკისრა ანაზღაურების ვალდებულება. შესრულებულ სამუშაოთა მიღების აქტები სხვა არაფერია, თუ არა მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც აღნიშნულია არა მარტო შესრულებული სამუშაოს სახეობები, არამედ მისი ღირებულებაც. სს „რ-ს“ არ გამოუთქვამს პრეტენზია შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულდა. რაც შეეხება სახელმძღვანელო დოკუმენტებს, ისინი არ წარმოადგენენ ნორმატიულ აქტს და შესაბამისად არ არის სავალდებულო შესასრულებლად. ექსპერტიზა დაეყრდნო ისეთ აქტს, რომელიც ძალაში არ არის.
საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის თანახმად უნდა მივიჩნიოთ, რომ სს „რ-ს“ 1996-98 წლების გადახდებით დაფარული აქვს მხოლოდ 1996წ. ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააქციო საზოგადოება „რ-სა“ და სააქციო საზოგადოება „ს-ს“ შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე ეს უკანასკნელი ახორციელებდა სს „რ-ში“ წესდებით გათალისწინებულ სარემონტო სამუშაოებს;
მოსარჩელე სს „ს-ი“ სარჩელით მოითხოვს მათ მიერ სს „რ-ში“ 1996, 1997 და 1998 წლების ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას 285283 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით მხარეთა შორის 1996წ. ნარდობის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს, მაგრამ წარმოდგენილია 1997წ. 27 მარტისა და 1998წ. 4 იანვრის ხელშეკრულებები.
მოდავე მხარეები თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად ეყრდნობიან შესრულებულ სამუშაოთა მიღების აქტებს. საქმის მასალებში წარმოდგენილი 1996 წელს შედგენილი შესრულებულ სამუშაოთა აქტებით ბოლო აქტი შედგენილია 1996წ. აგვისტო-სექტემბერში, 1997წ. შედგენილი აქტები, რომლებიც სამუშაოთა შესრულებას ასახავს 1997წ. ივლის-აგვისტოში და 1998 წელს შედგენილი აქტები, მათ შორის, შედგენილი 1998 იანვარში, მარტსა და მაისში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისი მოთხოვნა 1996, 1997 წლების ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების ანაზღაურების მოთხოვნა არ არის ხანდაზმული იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის 1998 და 2000 წლებში გაფორმდა ურთიერთშედარების აქტები, რომელსაც ადასტურებენ საწარმოს ხელმძღვანელები და რომლითაც სს „რ-ი“ აღიარებდა ვალს;
სკ-ის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს; ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ 1996-97 წლების აქტების საფუძველზე სს „ს-მა“ მოითხოვა რ-ისაგან“ შესაბამისი თანხის გადახდა, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ არ იქნა გადახდილი გარკვეული პრეტენზიების გამო, ამიტომ სს „ს-ი“ 1997წ. აგვისტოდან უფლებამოსილი იყო სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის;
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
სს „ს-მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს 2001წ. 29 მარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს სწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელემ გაუშვა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; ვინაიდან საქმის მასალებით არ არსებობს სკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი სს „ს-ის“ მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია;
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1998წ. 4 იანვარს გაფორმებული „ენერგოსაწარმოთა მოწყობილობების კაპიტალური რემონტების წარმოების შესახებ“ ^¹6 ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მხარეების მიერ აღებული ვალდებულებების სრულ შესრფულებამდე.
საკასაციო სასამართლო სკ-ის 129-130-ე მუხლების საფუძველზე ხანდაზმულად მიიჩნევს 1998წ. იანვარში შესრულებულ ¹114 აქტიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნას;
ამასთან საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 1998წ. მარტსა და მაისში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ მიუთითა კანონის ნორმა, რომლის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სარჩელი, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია;
სკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 1998წ. 4 იანვრის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, „შემსრულებელი“ ყოველთვიურად წარუდგენს „დამკვეთს“ შესრულებული სამუშაოს აქტს ფორმა ¹2-ის სახით, მე-5 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ღირებულების გადახდა „დამკვეთის“ მიერ მოხდება ყოველთვიურად სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, დაგვიანების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა, ანგარიშში ნაჩვენები თანხის 25%-ის ოდენობით.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნები მის მიერ შესრულდა, ხოლო მოპასუხე არ უარყოფს აქტებში მითითებული სამუშაოების შესრულების ფაქტს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სრულყოფილად და ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო;
სკ-ის 641-ე მუხლის მიხედვით ნაგებობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაგებობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისგან განსხავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას; ამავე კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, თუ ნაკეთობა ნათლისმქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.
645-ე მუხლის შესაბამისად შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზით ნათელია, რომ თუ შემკვეთი იღებს ნაკეთობას (მომსახურებას), რომელიც ნაკლის მქონეა, მან უნდა მოსთხოვოს მენარდეს დამატებითი შესრულება, თუ მენარდე არ შეასრულებს მითითებულ სამუშაოს შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოთხოვოს მენარდეს გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ხელშეკრულების პირობების მიხედვით შემრულებელს დამკვეთისათვის ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს აქტის ფორმა ¹2-ის წარდგენა ევალება; სამუშაოს მიღებისას სხვა დოკუმენტების შედგენის აუცილებლობაზე მხარეები ხელშეკრულებით არ ყოფილან შეთანხმებულნი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ 1998 წელს სს „ს-ის“ მიერ შესრულებულია 38,162,65 ლარის ღირებულების სამუშაო, სს „რ-ს“ გადახდილი აქვს 17 თებერვლისთვის 14464, 12, 16 ოქტომბრისთვის _ 3500,00 10 ნოემბრისათვის _ 1823,00 ლარი, სულ _ 19787,12 ლარი; გადასახდელი დარჩა 18375,53 ლარი;
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნამ ვერ გასცა პასუხი შეკითხვაზე _ შესრულდა თუ არა სამუშაოები სრულად და ჯეროვნად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არაა დადგენილი და გამოკვლეული საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი თვით მიიღოს გადაწყვეტილება.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს მითითებული ნორმებისა და მხარეთა შორის გაფორმებული 1998წ. ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა თუ არა ნაკლის მქონე შესრულებას ადგილი და დადებით შემთხვევაში ევალება თუ არა შემკვეთს არაჯეროვანი შესრულების ანაზღაურება.
ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის განმარტებით მან თავად შეასრულა მოსარჩელეს მიერ შესრულებული სამუშაო, მაგრამ სარჩელი მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ წარუდგენია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქალაქ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.