Facebook Twitter

№15151-13 30 აპრილი, 2013 წელი

ფ-ი რ., 15151-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ქ. ვ-ას

მსჯავრდებულ _ რ. ფ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ფ-ის საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით რ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 30 აპრილიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით რ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 5 სექტემბრიდან.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 აპრილის დადგენილებით რ. ფ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით, 6 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ოქტომბრიდან.

2013 წლის 16 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ფ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ფ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული რ. ფ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 1 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ოქტომბრიდან. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ფ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას კანონით დადგენილი წესით, მისთვის განსაზღვრული სასჯელის (და არა – სასჯელის მოუხდელი ნაწილის) შემცირებას ერთი მეოთხედით და სასჯელის ვადის ათვლას 2007 წლის 30 აპრილიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. ფ-ის საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება კანონიერია.

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 აპრილის განაჩენით რ. ფ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელებს, პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. ფ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული და არა – მოუხდელი სასჯელები, კერძოდ: ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. ფ-ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2007 წლის 30 აპრილიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ფ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ რ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და განესაზღვროს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2007 წლის 30 აპრილიდან.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე