№1517-13 30 აპრილი, 2013 წელი
თ-ე გ.- 15171-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ჯ. უ-ის
მსჯავრდებულ _ გ. თ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გ. თ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 4 წელი, 6 თვე – პირობითი მსჯავრი, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 5 თვე, 7 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. თ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით, 6 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. თ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 26 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 2 სექტემბრიდან 2011 წლის 4 ოქტომბრამდე.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. თ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. თ-ეს ¼–ით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 2 წელი, 1 თვე და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე იმავე მუხლის გამოყენებით ¼–ით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 წელი (რომლის მოუხდელი ნაწილი დამატებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე) და ზემოაღნიშნული სასჯელის ¼-დი, რაც შეადგენს 1 წელს და 6 თვეს, გამოაკლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ამ ნაწილში მოსახდელად დარჩენილ სასჯელს – 4 წელს, 5 თვესა და 7 დღეს და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 11 თვით და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა;
გ. თ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. თ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 26 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 2 სექტემბრიდან 2011 წლის 4 ოქტომბრამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. თ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის ზუსტად ათვლით მისი შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, 1/4-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.
იმავე კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე კი: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული კანონის მე-16, მე-17 მუხლებით და მსჯავრდებულ გ. თ-ეს 1/4-ით ცალ–ცალკე შეუმცირა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელები (პატიმრობაში ყოფნის დროის – 2011 წლის 2 სექტემბრიდან 2011 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდის გათვალისწინებით) და სასჯელად კანონიერად განუსაზღვრა 4 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ,,განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან“ და შესაბამისად, გ. თ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 26 ოქტომბრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი