Facebook Twitter

№15181-13 30 აპრილი, 2013 წელი

კ-ე ა., 15181-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ ა. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის განაჩენით ა. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 მარტიდან.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განაჩენით ა. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მიესაჯა 10 თვით, ხოლო 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ა. კ-ეს განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 8 წლით, 4 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 2 წელი პირობითი მსჯავრი, ამავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 10 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: მსჯავრდებულ ა. კ-ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2008 წლის 18 ნოემბერი – 1 დღე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით ა. კ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 6 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 8 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2008 წლის 18 ნოემბერი – 1 დღე.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 1 წელი და 6 თვე პირობითი სასჯელი, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. კ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. კ-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. კ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება ასევე კანონიერია, რადგან, მართალია, მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული, მაგრამ მისმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და, შესაბამისად, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადება, რომ იგი თანახმაა, მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ გამოყენებულ იქნეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეღავათები, ა. კ-ის მიმართ ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა და მითითებულია, რომ დაზარალებული ნ. დ-ე არ არის თანახმა, ამნისტია გავრცელდეს მსჯავრდებულ გ. მ-ეზე, რაც გავლენას არ ახდენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების კანონიერებაზე მსჯავრდებულ ა. კ-ესთან მიმართებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე