Facebook Twitter

ას-34-383-05 14 აპრილი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე (მომხსენებელი),

მ. გოგიშვილი

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, სამკვიდრო ქონების ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ., თ. ა-ებმა და ლ. ე-მა სარჩელით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს თანამოპასუხეების: ნ. ხ-ის და ქ.თელავის ნოტარიუსის ც.კ-ის მიმართ და მოითხოვეს ქ. თელავის ნოტარიუსის მიერ 1991 წელს 10 დეკემბერს რ. ა-ის სახელზე გაცემულ მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება, თელავის რაიონის სოფ. .... მშობლების დანაშთი ქონების 3/4-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. რ. ა-ე გარდაიცვალა 2003წ. 4 აპრილს. გარდაცვალების შემდეგ დებმა შეიტყვეს, რომ მას მიუღია მშობლების სამკვიდრო ქონება ისე, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, რითაც დარღვეულ იქნა სკ-ის 1478-1479-ე მუხლების მოთხოვნები.

მოპასუხე ნ. ხ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გ., თ. ა-ებს და ლ. ე-ს მოპასუხე ნ. ხ-ის მიმართ აღძრულ სარჩელზე სამკვიდროს მიღების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და მისი აღდგენის შესახებ უარი ეთქვათ ხანდაზმულობის გამო. მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს რ.ა-ის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღება მოხდა უკანონოდ და დაირღვა მოსარჩელეთა უფლებები, საფუძველს მოკლებულია. მით უმეტეს, რომ 1991 წელს მოქმედებდა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი და ახალი კოდექსი არ არსებობდა. რ. ა-ემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს და კანონიერად გაიფორმა სამკვიდრო. აღნიშნულის შემდეგ გავიდა 13 წელი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ყოვლად უსაფუძვლო და ხანდაზმულია.

თელავის რაიონეული სასამართლოს 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ., თ. ა-ებმა და ლ. ე-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეთა მშობლები: მამა გ. ა-ე, გარდაიცვალა 1990წ. 24 ივნისს, ხოლო დედა _ ლ. ზ-ი 1990წ. 24 ოქტომბერს. მოსარჩელეებს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მისაღებად მიმართვის უფლება წარმოეშვათ 1990 წელს, მაგრამ მათ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში ნოტარიუსისთვის არ მიუმართავთ. მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს ის გარემოება, რომ ისინი ფლობდნენ და მართავდნენ მშობლების დანატოვარ სამკვიდროს.

გ. ა-ემ, თ. ა-ემ და ლ. ა-ე-ე-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ ცნობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კასატორები ფლობდნენ და სარგებლობდნენ დანატოვარი ქონებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ის გარემოება, რომ თ. ა-ე მშობლების გარდაცვალების დროს ცხოვრობდა მათთან, ხოლო რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობას, რომლის საქმეში არსებობაც უარყო სააპელაციო სასამართლომ არასწორია, რადგან სამკვიდრო მოწმობა საქმეს ერთვის, სადავო სახლი კი 2003 წელს აღირიცხა მათი მამის სახელზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეთა მშობლები: მამა გ. ა-ე გარდაიცვალა 1990წ. 24 ივნისს, ხოლო დედა ლ. ზ-ი _ 1990წ. 24 ოქტომბერს; მოსარჩელეებს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მისაღებად მიმართვის უფლება წარმოეშვათ 1990 წელს, მაგრამ მათ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ, მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს ის გარემოება, რომ ისინი ფლობდნენ და მართავდნენ მშობლების დანატოვარ სამკვიდროს.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია; განსახილველ შემთხვევაში კასატორების მიერ წამოყენებული პრეტენზია, კერძოდ ის, რომ სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებები (მათ შორის სოფლის საკრებულოდან წარდგენილი ცნობა), რომლითაც დასტურდება მათ მიერ სამკვიდრო ქონების მიღებისა და ფლობის ფაქტი, რაც დასაბუთებულ პრეტენზიად უნდა მივიჩნიოთ; სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს არა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; აღნიშნული ნორმის შინაარსიდან ნათელია, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საკმარისია არა მხოლოდ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვის თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოში განცხადებით მიმართვა, არამედ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს, არ მიაჩნია რა მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტი დადასტურებულად, ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად უნდა ემსჯელა იმის თაობაზე, რატომ არ გაიზიარა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები რომლებიც მიუთითებენ მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს დაუფლებაზე. აღსანიშნავია, რომ კასატორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას რომ მათმა აწგარდაცვლილმა ძმამ, რ. ა-ემ მიიღო სამკვიდრო, ისინი მიუთითებენ, რომ ოთხივედა-ძმა თანაბრად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას და ძმის სამკვიდრო წილის გათვალისწინებით ითხოვენ თითოეულზე მშობლების დანაშთ სამკვიდრო ქონების 1/4-ის მიკუთვნებას.

სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინეს თელავის რაიონის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2003წ. 8 აგვისტოს გაცემული სახოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი და ცნობა, ასევე, თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2003წ. 5 აგვისტოს ცნობა ¹71, რომლებითაც დასტურდება, რომ თელავის რაიონის სოფ. ვანთაში მდებარე საცხოვრებელი სახლი მოსარჩელეთა მშობლების გარდაცვალების შემდეგაც აღრიცხულია აწ გარდაცვლილი გ. ა-ის (მოსარჩელეთა მამის) სახელზე, მაგრამ აღნიშნულზე დასკვნა არ გაუკეთებია და გაუგებარია რა ფაქტობრივი გარემოების დადასტურება ან უარყოფა სურდა ამით სააპელაციო სასამართლოს ან რა სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორილ გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი; განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ სსკ-ის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას შეეძლო გამოეწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ 1991წ. 10 დეკემბერს რ. ა-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის გაუქმებასაც ითხოვენ მოსარჩელეები საქმეში არ მოიპოვება. საქმის მასალებში არსებულ სანოტარო საქმეებში მოთავსებულია სადავო სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად როგორც სამოქალაქო სამართლის კოდექსის, ისე სკ-ის საფუძველზე, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მითითებული საკითხების გარკვევის, მტკიცებულებათა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ა-ის, თ. ა-ის, ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სახელმწიფო ბაჟი გადახდეთ კასატორებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.