გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-344-664-05 16 ნოემბერი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი),
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ნაგებობის მოქმედებით მიყენებული ზიანისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ბ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს «ს. ე-ის» ფილიალის ფოთის «ე-ის» მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხემ მასთან შეუთანხმებლად 1995 წელს ლითონის კონსტრუქციისაგან ააგო 50 მეტრი სიმაღლის ანძა, რომელიც საცხოვრებელი სახლიდან ერთი მეტრითაა დაშორებული. აღნიშნული ანძის აშენების შემდეგ მისი ოჯახის იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა დიზელგენერატორების ხმაურისა და გამონაბოლქვის, რადიაციისა და ვიბრაციის გამო. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ფოთის საქალაქო სამმართველო და ფოთის მერიის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილება შემოწმების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ანძის მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე იყო. მოსარჩელემ მოითხოვა ანძისა და დიზელგენერატორების სხვა ადგილას გადატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით 120000 აშშ დოლარის დაკისრება. იმავე საფუძვლით სასამართლოში დამოუკიდებელი მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს ა., ნ., დ. და ნ. ბ-შვილებმა და სს «ს. ე-ისაგან» მოითხოვეს 50-50 ათასი აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხე სს «ს. ე-მა» სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ე. ბ-შვილის მოთხოვნა, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად არ იყო დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით. კერძოდ, არ არსებობდა ბავშვის ავადმყოფობის შესახებ სამედიცინო ცნობა და დოკუმენტები, რომლებითაც დადასტურდებოდა სამშენებლო ნორმების დარღვევა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით ე., ა., ნ. და დ. ბ-შვილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. ბ-შვილის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო.
მოცემული საქმე არაერთხელ განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა და ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით ე., ა., ნ. და დ. ბ-შვილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 იავნისის გადაწყვეტილება. მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ზიანის მიყენება გამოწვეული იყო უშუალოდ მოპასუხის კუთვნილი ანძისა და სხვა დანადგარების მუშაობის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. ბ-შვილი დაავადებული იყო ვეგეტოასთმური სინდრომით, რაც არ წარმოადგენდა ქრონიკულ დაავადებას და გამოწვეული იყო მავნე ფაქტორების ზემოქმედებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე., ა., ნ. და დ. ბ-შვილებმა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო ანძა აგებულია ყოველგვარი ტექნიკური და სანიტარული ნორმების დარღვევით. მოპასუხეს არ გააჩნია ანძის პროექტი და ჰიგიენური სერთიფიკატი, რის გამოც ანძიდან და დამხმარე აგრეგატებიდან გამომდინარე, საფრთხე პირდაპირ კავშირშია ნ. ბ-შვილის დაავადებასთან. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებისა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის მოთხოვნები.
2006წ. 7 ნოემბერს სს «ს. კ-ის» წარმომადგენელმა ზ. მჭედლიშვილმა საკასაციო პალატას წარმოუდგინა მორიგების აქტი (შეთანხმება) და მოითხოვა მისი დამტკიცება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და თვლის, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათ გამო:
სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და იგი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე გადაუხდის თანამოსარჩელეებს 3000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორებით;
2. თანამოსარჩელეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე თანხის მიღების შემდგომ მოპასუხის მიმართ არანაირი ფულადი და სხვა სახის მოთხოვნები არ გააჩნია მათ შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთობებიდან გამომდინარე და უარს ამბობენ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი თანხების ნაწილზე (მთლიანი მოთხოვნა იყო 120 000 აშშ დოლარი) და თანახმა არიან‚ მიიღონ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა;
3. ყველა თანამოსარჩელე გამოთქვამს თანხმობას, რომ მორიგების თანხა სამი ათასი ლარი გადარიცხული იქნეს ერთ-ერთი თანამოსარჩელის _ ე. ბ-შვილის საბანკო ანგარიშზე, კერძოდ, ქ.ფოთი, სს «... ბანკი», კოდი: ... ანგარიშის ნომერი ...;
4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე დოკუმენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენისას საქმის წარმოება შეწყდება (სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» პუნქტი) და მათთვის ცნობილია საქმის შეწყვეტის ყველა სამართლებრივი შედეგი;
5. თანხა გადახდილი უნდა იქნეს მორიგების აქტის სასამართლო წესით დადასტურებიდან ორი თვის ვადაში;
6. აქტი შედგენილია ოთხ ეგზემპლიარად, საიდანაც ერთი გადაეცემა სასამართლოს, ერთი მოპასუხეს, ორი თანამოსარჩელეებს;
7. წინამდებარე დოკუმენტი ძალაში შედის მისი ყველა მხარის ხელმოწერისა და სასამართლო განჩინების ძალაში შესვლის შემდგომ.
სსკ-ის 272-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის «დ» პუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე გადაუხდის თანამოსარჩელეებს 3000 ლარს უნაღდო ანგარიშსწორებით;
2. თანამოსარჩელეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე თანხის მიღების შემდგომ მოპასუხის მიმართ არანაირი ფულადი და სხვა სახის მოთხოვნები არ გააჩნია მათ შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთობებიდან გამომდინარე და უარს ამბობენ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი თანხების ნაწილზე (მთლიანი მოთხოვნა იყო 120 000 აშშ დოლარი) და თანახმა არიან‚ მიიღონ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა;
3. ყველა თანამოსარჩელე გამოთქვამს თანხმობას, რომ მორიგების თანხა _ სამი ათასი ლარი გადარიცხული იქნეს ერთ-ერთი თანამოსარჩელის _ ე. ბ-შვილის საბანკო ანგარიშზე, კერძოდ, ქ.ფოთი, სს «... ბანკი», კოდი: ... ანგარიშის ნომერი ...;
4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე დოკუმენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენისას საქმის წარმოება შეწყდება (სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» პუნქტი) და მათთვის ცნობილია საქმის შეწყვეტის ყველა სამართლებრივი შედეგი;
5. თანხა გადახდილი უნდა იქნას მორიგების აქტის სასამართლო წესით დადასტურებიდან ორი თვის ვადაში;
6. აქტი შედგენილია ოთხ ეგზემპლიარად, საიდანაც ერთი გადაეცემა სასამართლოს, ერთი _ მოპასუხეს, ორი _ თანამოსარჩელეებს;
7. წინამდებარე დოკუმენტი ძალაში შედის მისი ყველა მხარის ხელმოწერისა და სასამართლო განჩინების ძალაში შესვლის შემდგომ.
მხარეთა მორიგების გამო გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.