№15251-13 30 აპრილი, 2013 წელი
გ-ე ი., 15251-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ი. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 9 თვე, 15 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 ოქტომბრიდან.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 2 წლითა და 22 დღით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენთა ერთობლიობით ი. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 ოქტომბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. გ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი აღნიშნავს, რომ პირველი დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანების ასაკში, ამიტომ დანიშნული სასჯელები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა განახევრებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. გ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის საბოლოოდ სასჯელის სახით 4 წლით, 10 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან, მართალია, აღნიშნული დანაშაულები მას არასრულწლოვანების ასაკში აქვს ჩადენილი, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ი. გ-ემ ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე