Facebook Twitter

№15271-13 30 აპრილი, 2013 წელი

კ-ე თ.- 15271-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დ. ბ-ის

მსჯავრდებულ - თ. კ-ის

ადვოკატ - გ. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თ. კ-ე, ნასამართლობის არმქონე , ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით - 20 წლით, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 10 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - 20 წელს - დაემატა 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 5 წელი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 17 ივნისიდან.

აღნიშნული განაჩენი შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინებით: თ. კ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და ამ მუხლით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელი - დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 წელი, რომლის ერთი მეოთხედი - 1 წელი, 9 თვე - გამოაკლდა ამ მუხლით მოსახდელად დანიშნულ 5 წელს და განესაზღვრა 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 20 წელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 17 ივნისიდან.

მსჯავრდებული თ. კ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნულ სასჯელზე, რომლისაგანაც უნდა გათავისუფლებულიყო და, შესაბამისად, უფრო მეტად უნდა შემცირებოდა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თ. კ-ე, როგორც ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის) დანიშნული სასჯელისაგან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. კ-ისათვის სასჯელის უფრო მეტად შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან მას საბოლოო სასჯელი დაენიშნა მხოლოდ სსკ-ის 109-ე და 179-ე მუხლებით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის) განსაზღვრული სასჯელების ნაწილობრივი შეკრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის დანიშვნის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: თ. კ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან;

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და თ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 18 (თვრამეტი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2002 წლის 17 ივნისიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი