Facebook Twitter

№15281-13 30 აპრილი, 2013 წელი

ტ-ე მ., 15281-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ქ. ვ-ას

მსჯავრდებულ _ მ. ტ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ტ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის განაჩენით მ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლითა და 9 თვით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 6 თვით, 109-ე მუხლის „ი“ პუნქტით – 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მ. ტ-ეს განესაზღვრა 30 წლითა და 6 თვით, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე – 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 27 ივლისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 7000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ტ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ტ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული მ. ტ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის „ი“ პუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 15 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ივლისიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ტ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი აღნიშნავს, რომ მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 27 ივლისიდან; ასევე ითხოვს დაკონკრეტებას, თუ რომელ მუხლზე რა სასჯელი ჰქონდა დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად რამდენი მოაკლდა თითოეულს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული მ. ტ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის „ი“ პუნქტით დანიშნული სასჯელები და სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 18 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული განჩინებით მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საკასაციო პალატა ამ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის ვადის ათვლის თარიღის განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მას სასჯელის მოხდა უნდა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2007 წლის 27 ივლისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ტ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ მ. ტ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2007 წლის 27 ივლისიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე