განჩინება
¹ას-346-676-05 6 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საფლავის საოჯახო პასპორტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ვ-ემ სარჩელით მიმართა ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი.ი-ისა და შპს „ქ-ის” მიმართ და მოითხოვა შპს „ქ-ის” მიერ ი.ი-ის სახელზე გაცემული ¹69 საოჯახო საფლავის პასპორტის ბათილად ცნობა და სკ-ის 1332-ე მუხლის საფუძველზე «...» სასაფლაოზე არსებული 15 კვ.მ საფლავის მასზე, როგორც ე. ვ-ის პირდაპირ მამკვიდრებელზე, გადაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „ქ-ის” მიერ ი.ი-ის სახელზე გაცემული ¹69 საოჯახო საფლავის პასპორტი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.ი-მა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.ი-ის საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათ ¹16-სა და ლითონის ჟეტონის ფოტოასლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ი.ი-ი კეთილსინდისიერი მფლობელია, სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2002წ. 13 ივნისს ი.ი-ზე შპს „ქ-მა» ქუთაისში, «მ-ს» სასაფლაოზე საოჯახო საფლავის პასპორტის მომზადებისათვის გასცა მომსახურეობისათვის შეტანილი თანხის ქვითარი ¹69, შეავსო ანკეტა, სადაც აღინიშნა გარდაცვლილი პირები _ მ-ე ლ.და მ-ე რ., ანკეტაში დადგენილ იქნა საფლავის ნახაზი და გაიცა საოჯახო საფლავის პასპორტი.
მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი „ქუ-ის” მიერ პანთეონის ტერიტორიის გეგმა-ნახაზით დადგენილია, რომ ქუთაისში, ... ქ. ¹11-ში, პანთეონის ტერიტორიაზე, ეზოში იდგა უნებართვოდ აგებული ე. ჩ-ის სახელზე აღრიცხული სახლი. აღნიშნულ სახლსა და ამავე ნახაზზე ¹3-ით აღნიშნულ XVII-ს კოშკსა და ¹4-ით აღნიშნულ XVII საუკუნის ბაზილიკის ტიპის სალოცავს შორის განთავსებული იყო ძველი და ახალი საფლავები, რაც ნახაზის ¹5 ტერიორიაზე აღნიშნულია შავი ჯვრებით.
შპს „ქ-ის” 2004წ. 29 აპრილის ¹72 წერილით ირკვევა, რომ ქუთაისში, ... ქ. ¹32-ში მცხოვრები ნ. ვ-ის გარდაცვლილი ბებიისა და ბაბუის, ვ. და ე. ვ-ეების, „მ-ს” სასაფლაოს ტერიტორიაზე გადმოსვენების ნებართვა შპს „ქ-ის” 1989წ. რეგისტრაციის ჟურნალში რეგისტრირებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს აზრით, სააღრიცხვო ბარათი ¹16-ის მიხედვით გარდაცვლილ პირთა ვინაობის დაუდგენლობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი-ის წინაპართა ნეშტები არ განისვენებს შესაბამის საფლავში.
ნ.ვ-ის მიერ საფლავის ცხაურის გაკეთება, მისი წინაპრების ნეშტების გადმოსვენება და მიცვალებულთა ქვის გადმოტანა, თუკი ეს ნამდვილად მოხდა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ი.ი-ისათვის ნივთის ჩამორთმევის ფაქტად, ვინაიდან ნ.ვ-ემ აღიარა და დაადასტურა, რომ მას შესაბამისი ნებართვა არ გააჩნდა.
ნ. ვ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში; სასამართლომ არ გაანალიზა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მითითებული იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, არ გამოიკვლია და არ შეისწავლა ისინი და თუ არ იზიარებდა მათ, ამისი შესაბამისი დასკვნები არ გაუკეთებია.
¹16 სააღრიცხვო ბარათსა და პასპორტს შორის შეუსაბამისობაა. ბარათში ეწერა, რომ საოჯახო საფლავზე განისვენებდა ნ. მ-ე და კიდევ ვიღაც მ-ე, ხოლო პასპორტში მითითებული იყო მ-ე ლ.და მ-ე რ.;
რაიონულ სასამართლოს მიერ ადგილობრივი დათვალიარებისას გამოკვლეულ იქნა, რომ სადავო საფლავზე დევს ძველი ქვა წარწერით, რომელიც ადასტურებს, რომ იქ განისვენებს ვ. ვ-ე, რასაც შეფასება არ მისცემია;
დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ ლ.მ-ე გარდაცვალების დროს ცხოვრობდა ... ქუჩაზე.
სასამართლომ არ გამოარკვია, თუ ვის ეკუთვნოდა სადავო ტერიტორია, კერძოდ, „ქ-ს”, თუ მუზეუმ-ნაკრძალს. ერთი მხრივ, იგი მიუთითებს შპს „ქ-ის” მიერ გაცემულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვით 1989 წელს «მ-ს» პანთეონი და სასაფლაო ექვემდებარებოდა სასაფლაოთა მეურნეობას და, მეორე მხრივ, მიუთითებს სხვა შინაარსის დოკუმენტზეც, კერძოდ, ქუთაისის გელათის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის წერილზე, რომელშიც განმარტებულია, რომ 1986 წლიდან ეს ტერიტორია წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიას.
საქმეში არსებული გეგმა-ანაზომის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია შედის რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლთა სიაში, წარმოდგენილი საკადასტრო რუკის თანახმად, ტერიტორიის მფლობელი არის პანთეონი.
საფლავის მიწა წარმოადგენს საჯარო სანივთო ბატონობის ქვეშ არსებულ ქონებას, რომლის მიკუთვნების საკითხი წესრიგდება საჯარო სამართლებრივი აქტებით. თუკი შპს „ქ-ს” ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოს მიერ დელეგირებული აქვს უფლება, გასცენ საფლავის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, ეს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სასაფლაოთა მიწა არის სახელმწიფო საკუთრება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადასცემენ მას იურიდიულ პირებს. საქმეში არ მოიპოვება საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია სადავო საფლავი, შპს „ქ-ს” გააჩნდეს რაიმე უფლება. თუ სასამართლომ კეთილსინდისიერი მფლობელობის დასტურად მიიჩნია შპს „ქ-ის” მიერ გაცემული პასპორტი, ე.ი. შპს ჩათვალა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელსაც მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება აქვს, მაშინ საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული წესით.
საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს სასამართლოს დასკვნა, რომ ე. ჩ-ის სახლი ნახაზზე აღნიშნულია ¹7-ით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 1989-90 წლებში ქუთაისის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სამმართველოს საწესჩვეულებო მომსახურეობის კომბინატის მიერ გაიცემოდა სააღრიცხვო ბარათები, რომლებშიც აღინიშნებოდა გარდაცვლილ პირთა გვარი, სახელი და მამის სახელი, დასაფლავების წელი, გაცემის დრო, საზღაური და გამცემის ხელის მოწერა. ამის საფუძველზე მოპასუხის მიერ სადავო საფლავის კეთილსინდისიერი ფლობის დასტურად სასამართლო მიუთითებს ¹16 სააღრიცხვო ბარათზე, რომლის დედანიც განადგურებულია. გაურკვეველია, საიდან დაასკვნეს, რომ ბარათი 1989 წელს გაიცა, ბარათზე ასეთი აღნიშვნა არ არის.
თუ მოპასუხემ შპს „ქ-ს” წარუდგინა სააღრიცხვო ბარათი, სადაც დაფიქსირებული იყო ნ. მ-ე, შპს-ს არ უნდა გაეცა მასზე პასპორტი, ვინაიდან ნ. მ-ე «მ-ის» ეკლესიაზე საერთოდ არ არის დაკრძალული.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს „ქ-ის” წესების არსი საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემისას. ამ წესების მიხედვით, თუ სასაფლაოს ზედამხედველი, რომელიც ადგენდა საფლავის ნახაზს, საფლავზე რაიმე საეჭვოს მიიჩნევდა, პასპორტი არ იცემოდა. საფლავის ნახაზის შემსრულებელმა ზედამხედველმა გ.გ-ემ განმარტა, რომ საფლავის ქვა ამოვსებული იყო სილით და ვერ შეძლო წაკითხვა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ადგილობრივ დათვალიარებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული უკვე ჩატარდა, მაშინ, როცა არ გაიზიარა ადგილობრივი დათვალიერების ოქმის მონაცემები.
მოსარჩელეს უარი არ განუცხადებია საფლავის კუთვნილების პრეტენზიაზე, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მესაკუთრედ ცნობაზე მოთხოვნას არ აყენებდა, რაც არ ნიშნავს სარჩელზე უარის თქმას. ასეთ შემთხვევაში რაიონულ სასამართლოს უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება სარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ხოლო მეორე მოთხოვნის ნაწილში _ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და სრულად არ შეაფასა მტკიცებულებები, არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები. აღნიშნული საპროცესო დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შეფასების შემთხვევაში შესაძლებელია, საქმეზე სხვა გადაწყვეტილება მიღებულიყო.
სსკ-ის 335-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით.
თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია, მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
სააპელაციო სასამართლომ ნ.ვ-ის მიერ ს.ფ. 28-ზე განთავსებულ სააღრიცხვო ბარათის ქსეროასლს სსკ-ის 135-ე მუხლის საფუძველზე, არ მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა, მაშინ, როცა მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დოკუმენტის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება ცალსახად გამორიცხული არ არის და დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქალაქო სასამართლოში ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც სადავო საფლავზე დევს ძველი ქვა წარწერით, რომელიც ადასტურებს, რომ აქ განისვენებს ვ. ვ-ე. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რა საოჯახო პასპორტის გაცემის პროცედურას, შპს „ქ-ის” წარმომადგენელ გ. გ-ის, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული შპს „ქ-ის” ყოფილი დირექტორის ვ. ჩ-ისა და ამავე საწარმოს ყოფილი ბუღალტრის ი. ჭ-ის განმარტებებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ქ-ში” 1993 წლიდან საოჯახო პასპორტების გაცემა ხდებოდა ჭირისუფლის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათისა და სასაფლაოს ზედამხედველის მიერ შედგენილი ნახაზების საფუძველზე სპეციალური ანკეტის შევსების შემდეგ. ზედამხედველი ადგენდა ნახაზს, თუკი ქვა საფლავზე არ აღმოჩნდებოდა ან რაიმეს საეჭვოდ მიიჩნევდნენ საოჯახო პასპორტი არ იცემოდა. სასამართლოს კრიტიკულად უნდა შეეფასებინა საფლავის ნახაზის შემსრულებელი ზედამხედველის გ.გ-ის განმარტება, რომლის მიხედვით საფლავის ქვა დაფარული იყო სილით და ვერ შეძლო წარწერის წაკითხვა. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, სადავო საფლავზე ქვისა და შესაბამისი წარწერის არსებობა იყო თუ არა საეჭვო გარემოება და საკითხის გარკვევამდე იძლეოდა თუ არა საოჯახო პასპორტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები იმის თაობაზე, რომ ლ.მ-ე გარდაცვალების დროს ცხოვრობდა ... ქუჩაზე და ელ. ჩ-ის სახლი ნახაზზე აღნიშნულია ¹7-ით, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ¹16 სააღრიცხვო ბარათში არ არის მითითებული გაცემის 1989 წელი. აღნიშნული წლის გასწვრივ შესრულებულია თანხის 11,65 ჩანაწერი და კ. ი-ის ხელმოწერა, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
წინააღმდეგობრივია სასამართლოს მოსაზრება სადავო სასაფლაოს ტერიტორიის კუთვნილების საკითხთან მიმართებაში.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დავის ადმინისტრაციულ დავად მიჩნევის თაობაზე და მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. დავა შპს „ქ-ის” მიერ გაცემული საოჯახო პასპორტის ბათილად ცნობის შესახებ, არსებული საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ მიეკუთვნება კანონით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ამ განჩინებაში მითითებული საკითხების გარკვევისა და მტკიცებულებების კანონით დადგენილი წესით შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.